მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სუფრის ყურძნის იმპორტის ჩანაცვლება - „სართიჭალა ვაინიარდ მენეჯმენტის“ გეგმები

5ed8f40aa2db0
ვიქტორია მღებრიშვილი
04.06.20 21:40
5413
მიმდინარე წელს 4 მლნ ლარის ინვესტიციითა და სახელმწიფო პროგრამის „დანერგე მომავალი“ თანადაფინანსებით კომპანია „სართიჭალა ვაინიარდ მენეჯმენტმა“ სართიჭალაში თანამედროვე აღჭურვილობით სუფრის ყურძნის იტალიური ჯიშებით 30 ჰა-ზე ვენახი გააშენა. 

როგორც BM.GE-სთან საუბრისას კომპანიის დამფუძნებელი ლაშა ჯინჭარაძე ამბობს, ყველა ვენახის გაშენების უპირველესი გათვლა ადგილობრივ ბაზარზე იმპორტის ჩანაცვლებაა, შემდეგ კი საქართველოში მოყვანილი სუფრის ყურძნის ექსპორტზე გატანაა.

„იტალია ევროპაში სუფრის ყურძნის წარმოების მხრივ ლიდერი ქვეყანაა, ამიტომ იმისთვის რომ წამოგვეწყო საქმიანობა მის ერთ-ერთ რეგიონს ბარის ვესტუმრეთ და სუფრის ყურძნის 4 ჯიში შევარჩიეთ: კრისონ სიდლესი, მატილდე რეგალი, იტალია და რედგლობი. ეს ჯიშები დამწიფებას ოქტომბრის ბოლოდან იწყებენ და დეკემბერში ასრულებენ. ვენახი უახლესი ტექნოლოგიებით 30 ჰა-ზე გავაშენეთ, რომლის მოსავლიანობა 40 ტონა იქნება. საქართველო ღვინის სამშობლოა და მნიშვნელოვანია, რომ სუფრის ყურძნის მიმართულება განვითარებული იყოს ჩვენთან. ამიტომ ჩვენი უმთავრესი გათვლა იმპორტის ჩანაცვლებაა და ჩვენი მოსავლით 1 200 ტონის იმპორტის ჩანაცვლებას ვგეგმავთ. 

შემდგომი ნაბიჯი იქნება ცნობადობის გაზრდა და საექსპორტო ბაზარზე გასვლა, რაც ნაწილობრივ მოთელილი გვაქვს“, - ამბობს ლაშა ჯინჭარაძე. 

კომპანიის დამფუძნებლის თქმით, ადგილობრივ ბაზარზე 1 კგ სუფრის ყურძნის ფასი 1 დოლარი იქნება და ისინი პირველ მოსავალს 3 წელიწადში აიღებენ.

„ამ პროექტში 4 მლნ ლარამდე ინვესტიცია ჩავდეთ, საიდანაც სახელმწიფოს თანამონაწილეობა 400 000 ლარამდეა. ვენახი აღჭურვილია სეტყვადამცავი ბადითა და სასათბურე სისტემით. 3 წელიწადში მოხდება იმპორტის ჩანაცვლება. ჩვენი გასაყიდი ფასი ადგილობრივ ბაზარზე იქნება 1 კგ-ზე 1 დოლარი. 

ამავე პერიოდში ვიქნებით მზად რომ ექსპორტზეც გავიტანოთ ყურძენი. რუსეთი, უკრაინა, ბალტიისპირეთი - ეს ის მიმართულებებია, სადაც სუფრის ყურძენზე მოთხოვნა დღესაც დიდია, სწორედ ამ ქვეყნებში დავიწყებთ ჩვენი ყურძნის ექსპორტს. შემდგომში როდესაც გაიზრდება ცნობადობა, მოთხოვნაც შესაბამისად მოიმატებს, გეგმაში სავენახე ფართის გაზრდა და ბაზრების გაფართოვება გვექნება“, - ამბობს ლაშა ჯიჭარაძე.