მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“სულ მალე ზამთრის კურორტებზე ბეტონის ჩონჩხები და მახინჯი რეალობა გვექნება” - ასოციაცია

603106df02d97
ანა ჯოხაძე
20.02.21 17:22
1654

“სულ მალე ზამთრის კურორტებზე ბეტონის ჩონჩხები და მახინჯი რეალობა გვექნება”-ამის შესახებ BM.GE-ის მთის კურორტების ბიზნეს ასოციაციის ხელმძღვანელმა განუცხადა. როგორც მირანდა ესაკია ამბობს, სამთო კურორტებზე ბიზნესების დახურვის გამო, ადგილობრივები შემოსავლის წყაროს გარეშე არიან დარჩენილები. მისი თქმით, სახელმწიფომ როგორც ბიზნესს, ისე თავად მოსახლეობას ბანკებთან შუამდგომლობა უნდა გაუწიოს. ესაკიას განმარტებით, 200 ლარიანი დახმარება ვერ აკომპენსირებს იმ რეალობას, რაშიც ადგილობრივები კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების გამო აღმოჩნდნენ.

“ზამთრის კურორტების გაჩერების ეფექტი ასეთია: ყოველი მეორე სასტუმრო იყიდება. დაწყებული მშენებლობები არის შეჩერებული. სულ მალე გვექნება კიდევ ერთი ბეტონის ჩონჩხები და მახინჯი რეალობა ზამთრის კურორტებზე. ადგილობრივი მოსახლეობა კი, რომელიც ბიზნესებს ჰყავდა დასაქმებული, მშიერია. არავინ ყურადღებას არ აქცევს ამ ადამიანებს. სასაცილოა შედარება ჩვენი რეალობის ევროპის სათხილამურო კურორტებთან. იქ ყველა ადამიანს აქვს უმუშევრობის დაზღვევა. ყველა ბიზნესს კი სახელმწიფო უნაზღაურებს დანაკარგს. ჩვენთან ანაზღაურებაზეც არ არის ლაპარაკი, უბრალოდ ვითხოვთ, რომ შუამდგომლობა გაეწიოს როგორც ადგილობრივ მოსახლეობას, ასევე ბიზნესს ბანკებთან, იმიტომ რომ ბანკები უკვე ართმევენ ხალხს ბიზნესებს. ეს 200 ლარიანი სასაცილო დახმარება არ არის პასუხი იმ რეალობაზე, რაც დღეს გვაქვს”-აცხადებს მთის კურორტების ბიზნეს ასოციაციის ხელმძღვანელი მირანდა ესაკია.


განახლება:
ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატი, ნათია თურნავა თვლის, რომ ზამთრის კურორტებზე შესაძლებელია სასტუმრობის ოპერირების განახლებაზე მსჯელობა, თუნდაც საბაგიროების გახსნის გარეშე. ამის შესახებ თურნავამ პარლამენტში, დეპუტატების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.