მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სუპერმარკეტებსა და დისტრიბუტურებს შორის ურთიერთობა, შესაძლოა, კანონით დარეგულირდეს

5f58f8204a69a
ინგა მურუსიძე
10.09.20 09:00
2527
საცალო მოვაჭრეებსა და მიმწოდებლებს შორის ურთიერთობა, შესაძლოა, კანონით დარეგულირდეს, - აღნიშნულ ცვლილებებს ითვალისწინებს კანონპროექტი, რომელიც პარლამენტში უკვე ინიცირებულია. კანონპროექტის ინიციატორები დეპუტატები - ბექა ნაცვლიშვილი, გედევან ფოფხაძე, ზვიად კვაჭანტირაძე და ლევან გოგიჩაიშვილი არიან. 

ბექა ნაცვლიშვილის თქმით, კანონპროექტის ძირითადი მიზანი არის ის, რომ მიმწოდებლის ინტერესები იმაზე მეტად იყოს გათვალისწინებული, ვიდრე დღეს არის და ნორმების დარღვევის შემთხვევაში, საცალო მოვაჭრეს  შესაბამისი პასუხისმგებლობა დააკისროს.

„ჩემი პირველადი მიზანი ეხებოდა სახელშეკრულებო პირობებს და გადახდის ვადებს, რომელიც გულისხმობს მალფუჭებადი პროდუქტის შემთხვევაში თანხის - 20 დღეში და არამალფუჭებადის შემთხვევაში - 30 დღეში გადახდას, რათა კომპანიებს საბრუნავი ფული ჰქონდეთ და  საცალო მოვაჭრეების კეთილ ნებაზე არ იყვნენ დამოკიდებულები. აქამდე პრაქტიკა ისეთია, რომ თუ დისტრიბუტორ კომპანიას გაუჩნდება სურვილი, რომ პრეტენზია წაუყენოს მათ, შემდგომში შეიძლება ეს მიმწოდებელი მათ ჩამონათვალში აღარ აღმოჩნდეს, დიდი ძალაუფლება აქვთ და ხშირად ამის ბოროტად გამოყენება ხდებოდა. ამის გამო ბევრი კომპანია დაიხურა და ბევრი სამუშაო ადგილი გაქრა. ამ კანონმა დიამეტრულად უნდა შეცვალოს ეს ვითარება, რომ კომპანიებს ჰქონდეთ საკუთარი ფული, რომელიც "დაკავებულია" ხოლმე სუპერმარკეტებში", - განუცხადა ბექა ნაცვლიშვილმა bm.ge-ის.

რაც შეეხება თავად კანონპროექტს, იქ წერია, რომ „კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, გაჩნდება მექანიზმი, რომელიც დაარეგულირებს მსგავს პრობლემებს და დაადგენს ქცევის წესებს სამართლიანი კომერციული პრაქტიკის დამკვიდრების მიზნით“.

კერძოდ, ცვლილებების თანახმად, კანონის მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში, შემოდის ჯარიმა, როგორც უსამართლო კომერციული პრაქტიკის განხორციელებაზე (წლიური ბრუნვის 5%-მდე, განმეორებისას - 10%-მდე), ასევე სააგენტოს მიერ გამოთხოვილი ინფორმაციის დადგენილ ვადაში მიუწოდებლობაზე (3000 ლარი, განმეორებისას - 5000 ლარი). აგრეთვე, კანონპროექტი ითვალისწინებს ჯარიმას ინფორმაციის მიუწოდებლობის შემთხვევაში 5000 ლარამდე.

"ამდენად, კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, მეწარმე სუბიექტების მხრიდან შესაბამისი ნორმების დარღვევა გამოიწვევს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის ზრდას ჯარიმის ფორმით მიღებული ფულადი სახსრების სახით. კანონპროექტის მიღების შემთხვევაში საცალო მოვაჭრეებს მოუწევთ სანქციების და ჯარიმების გადახდა, ხოლო მიმწოდებლებს შეეძლებათ ანგარიშსწორებიდან თანხა მიიღონ უფრო ადრე ვიდრე ეს აქამდე ხდებოდა, ასევე, შეეძლებათ გაუქმებულ შეკვეთებზე თავიანთი პროდუქციის ალტერნატიული საშუალების პოვნა აღნიშნული პროდუქციის რეალიზაციისთვის, ასევე, საცალო მოვაჭრე ვეღარ მოსთხოვს მიმწოდებელს იმ გაფუჭებული პროდუქციისთვის ზიანის ანაზღაურებას, რომელიც საცალო მოვაჭრის ობიექტში გაფუჭდება, საცალო მოვაჭრე ვეღარ მოითხოვს მიმწოდებლისაგან კომპენსაციას კლიენტის/მომხმარებლის იმ საჩივრის განხილვისათვის, რომელიც უკავშირდება მიმწოდებლის პროდუქტის გაყიდვას აღნიშნული კანონპროექტის მესამე მუხლის პირობების დარღვევის შემთხვევაში კანონპროექტი ითვალისწინებს სამართალდამრღვევი ეკონომიკური აგენტის მიერ ჯარიმის გადახდას სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოს ბრუნვის 5 პროცენტის ოდენობამდე“, - წერია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

კანონპროექტის ავტორების თქმით, მსგავსი კანონმდებლობა  მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში (მაგალითად: ლიეტუვა, პოლონეთი, ხორვატია, რუმინეთი, ამერიკის შეერთებული შტატები, სამხრეთ კორეა, იაპონია და ა.შ.) მოქმედებს.