მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სურგულაძე: საპენსიო სისტემაში მეტი ადამიანი ჩვენი კარგი მუშაობის შედეგად დარჩა

5d9df750458aa
შოთა ტყეშელაშვილი
10.10.19 10:15
1139
2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში კორექტირებები შედის, რის შედეგადაც დაგროვებითი საპენსიო სისტემისთვის გამოყოფილი ასიგნებები 20 მილიონი ლარით იზრდება და 110 მილიონი ხდება. ცვლილების მიზეზი ფინანსთა სამინისტროს განმარტებით ის გარემოება გახდა, რომ საპენსიო სისტემაში დარჩა უფრო მეტი 40 წელს გადაცილებული მოქალაქე, ვიდრე ეს თავდაპირველად იყო ნავარაუდევი.

პარლამენტის საკომიტეტო მოსმენაზე საპენსიო სააგენტოს დირექტორმა ლევან სურგულაძემ, "ევროპული საქართველოს" დეპუტატის ზურაბ ჭიაბერაშვილის კითხვაზე განაცხადა, რომ სისტემაში უფრო მეტი ადამიანის დარჩენა ორგანიზაციის ნაყოფიერმა მუშაობამ განაპირობა.

"ის, რომ საპენსიო სქემაში დარჩა იმაზე გაცილებით მეტი ხალხი, ვიდრე ამას ველოდით, ეს არის ზუსტად საპენსიო სააგენტოს კარგი მუშაობის შედეგი, იმის შედეგი, რომ ჩვენ ხალხს კარგად გავაგებინეთ რეფორმის სიკეთეები. შესაბამისად, გაცილებით მეტი ხალხი დარჩა ამ სქემაში, ვიდრე ველოდით. ეს მე ძალიან დადებით მომენტად მიმაჩნია და ამით ვიამაყებდით. ჩვენ ჩავატარეთ ძალიან მასიური კამპანია იმის ფარგლებში, რაც ჩვენ გაგვაჩნდა", - ამბობს სურგულაძე.

დღესვე საპენსიო სააგენტომ უწყების საქმიანობის ანგარიში წარადგინა. ლევან სურგულაძის განცხადებით, დღეის მდგომარეობით სისტემაში 900,668 მოქალაქე არის გაწევრიანებული, საიდანაც საჯარო სექტორში 210,247 ადამიანი არის დასაქმებული, კერძოში კი – 726,295.

ჯამში, საპენსიო სისტემა 161,756–მა ადამიანმა დატოვა, საიდანაც საჯარო სექტორში 42,105 პირი მუშაობდა.

საპენსიო ფონდში 9 ოქტომბრის მდგომარეობით 361,374.058 ლარი არის აკუმულირებული. დარიცხული საპროცენტო სარგებელი კი 8 მილიონს შეადგენს.