მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სურსათი რისკის ჯგუფში არ არის - დავითაშვილი ჩინეთიდან იმპორტის შეზღუდვაზე

5e32dd934345d
დავით ჯალაღონია
30.01.20 18:00
1239
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ლევან დავითაშვილის განმარტებით, კორონავირუსის გავრცელების ფონზე, ჩინეთიდან მხოლოდ ცოცხალი ცხოველების იმპორტი შეიზღუდა, სურსათი კი ვირუსის გავრცელების თვალსაზრისით რისკის ჯგუფს არ წარმოადგენს.

„საქართველო არის ბევრი საერთაშორისო ორგანიზაციის წევრი. ჩვენი სამინისტრო თანამშრომლობს რამდენიმე საერთაშორისო ორანიზაციასთან, რომელიც არის პასუხისმგებელი საერთაშორისო ტენდენციების, მათ შორის, რისკების შეფასებაზე. ჩვენ ასევე, საქართველოში, სამედიცინო კვლევით ცენტრში რისკების შეფასების ჯგუფი გვყავს, შესაბამისად, იმ რეკომენდაციებს სრულად ვითვალისწინებთ, რომლებსაც საერთაშორისო ორგანიზაციები გამოსცემენ. ეს არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, სურსათისა და სოფლის მეურნეობის საერთაშორისო ორგანიზაცია.

ამ რეკომენდაციების შესაბამისად, ამ ეტაპზე გვაქვს შეზღუდვა ცოცხალი ცხოველის შემოტანაზე საქართველოში. რაც შეეხება სხვა სასურსათო პროდუქტს, ის ამ შემთხვევაში რისკის ჯგუფს არ შეადგენს, ამიტომ საქართველო დააკვირდება, რა რეკომენდაციები ექნება საერთაშორისო ორგანიზაციებს და ამის შესაბამისად ვიმოქმედებთ“, - განუცხადა ჟურნალისტებს ლევან დავითაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ტერიტორიაზე, კორონავირუსის ახალი ტიპის შემოტანის და გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკიდან ცოცხალი ცხოველების იმპორტი მიმდინარე წლის 27 იანვარს აიკრძალა.

„გადაწყვეტილების საფუძველი გახდა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის და სატყეო სამინისტროს ბაზრის ზედამხედველობის მთავარი სამმართველოს მიერ, 2020 წლის 26 იანვრის ბრძანება, რომელიც ცოცხალი ცხოველების (გარეული) ნებისმიერი სახით ვაჭრობის აკრძალვას უკავშირდება“, - ნათქვამია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს განცხადებაში.