მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სურსათის მაღალი ფასებისა და ნავთობის მზარდი ფასის გამო, ინფლაცია კიდევ შეიძლება გაიზარდოს

61797a9d3e931
შოთა ტყეშელაშვილი
28.10.21 01:00
668
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ განაცხადა, რომ 2022 წლიდან ქვეყანაში ინფლაციის შემცირება და სამიზნე მაჩვენებელთან დაახლოება უნდა დაიწყოს, თუმცა იქამდე შესაძლოა ინფლაციის ნიშნული კიდევ უფრო მეტად გაიზარდოს.

საქმე იმაშია, რომ ყოველწლიური ინფლაცია წინა წლის ანალოგიურ პერიოდში არსებულ ფასებს დარდება, ხოლო 2020 წლის დეკემბერში საქსტატმა ტარიფების სუბსიდიის პროგრამის ეფექტი გაითვალისწინა, რის გამოც ამ პერიოდში ინფლაცია 2 პროცენტული პუნქტით უფრო შემცირდა და მხოლოდ 2.4% შეადგინა. წელს კი ამჟამად არსებული რეკორდულად მაღალი ინფლაცია შედარდება იმ პერიოდს, როდესაც სუბსიდიის პირობები მოქმედებდა, შესაბამისად ინფლაციის მოცულობა, რაც ახლა 12%-ია, კიდევ რამდენიმე პროცენტული პუნქტით გაიზრდება.

“ეს საქსტატმა საერთაშორისო მეთოდოლოგიის მეშვეობით გააკეთა. მოხდა თუ არა ამის გათვალისწინება, ჩვენ მაშინვე ვთქვით, რომ როდესაც ეს ამოვარდებოდა ინფლაციის ზრდა მოხდებოდა. ამას ახასიათებს ისიც, რომ არამხოლოდ იმ მოცულობით დაემატება ინფლაციას, არამედ კიდევ უმატებს. ის რაც დაემატება, იქნება დაახლოებით 1.5 პროცენტული პუნქტით მეტი, ვიდრე მაშინ დააკლდა. ამანაც ხელი შეუწყო მაღალი ინფლაციის მაჩვენებელს. ჯერჯერობით ზუსტად ვერ ეტყვით სადამდე გაიზრდება ამის გამო ინფლაცია, რადგან კიდევ ერთხელ ვამბობ - მოვლენები ძალიან სწრაფად ვითარდება. ნავთობის ფასები არის ძალიან გაზრდილი, დღევანდელი ნავთობის ფასები წინა წელთან შედარებით ორჯერ მეტადაა გაზრდილი. ნავთობის ფასებზე, ისევე როგორც სურსათის ფასებზე ეროვნულ ბანკს გავლენა ვერ ექნება. აქედან გამომდინარე, მაღალი სურსათის ფასებისა და მზარდი ნავთობის ფასის გამო ინფლაცია კიდევ შეიძლება გაიზარდოს, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს არის ერთჯერადი ფაქტორი, რომელმაც უნდა გაიაროს და შემდეგ ინფლაცია დაუბრუნდება თავის სამიზნე მაჩვენებელს,”- განმარტავს კობა გვენეტაძე.

ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი კვლავ უცვლელად 12%-ზე შეინარჩუნა.