06.სექტემბერი .2019 10:20

„სურსათში არასაკვები საღებავი სავარაუდოდ წითელი წიწაკიდან მოხვდა“

views 697
უკან

ორგანიზაცია "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრმა" კვლევა ჩაატარა, რომლის მიხედვით, თბილისის სხვადასხვა მაღაზიაში შეძენილი 42 დასახელების სურსათიდან 6 ნიმუშში არასაკვები საღებავები აღმოჩნდა.

ორგანიზაციამ ტყემლის, პომიდვრის საწებლის, აჯიკისა და წითელი წიწაკის (დაფქვილი) ნიმუშები აიღო და გერმანიის ლაბორატორიაში არასაკვები საღებავების ჯგუფის (12 საღებავი) შემცველობაზე შესამოწმებლად გააგზავნა.

ორგანიზაციში განმარტავენ, რომ მათ მიერ სხვადასხვა სასურსათო პროდუქტში არასაკვები საღებავების აღმოჩენის შემდეგ სურსათის ეროვნული სააგენტოდან მიიღეს წერილი, რომლის მიხედვითაც სააგენტომ განახორციელა შესაბამისი ბიზნესოპერატორების სახელმწიფო კონტროლი. ბიზნესოპერატორებს დაევალათ სურსათის იმ პარტიების ბაზარზე განთავსების აღკვეთა ან უკვე განთავსებულის ამოღება, რომლებშიც სუდანის ჯგუფის საღებავები აღმოჩნდა.

„როგორც ჩანს, სააგენტომ, ჩვენს მიერ გამოკვლეული პროდუქტების დაბინძურების სავარაუდო წყაროდ წითელი წიწაკა მიიჩნია, რომელიც ამ პროდუქტების ერთ-ერთი ინგრედიენტი იყო.

დადგინდა იმ ბიზნესოპერატორების რეკვიზიტები, რომლებიც ამ წარმოებებს წითელი წიწაკით ამარაგებენ. სუდანის ჯგუფის საღებავების კვლევის მიზნით, სააგენტომ აიღო წითელი წიწაკის ნიმუშები, რომლებსაც აკრედიტებული ლაბორატორია გამოიკვლევს. ლაბორატორიული გამოცდის შედეგებს და ამ შედეგებიდან გამომდინარე, შესაბამის გადაწყვეტილებებს სააგენტო დამატებით გვაცნობებს“-აცხადებენ ორგანიზაციაში.


პროდუქტები, რომელშიც არასაკვები საღებავები აღმოჩნდა:

ტყემალი წითელი, კლასიკური, შპს "გსქ კულა"
ტრადიციული წითელი ტყემალი, შპს მარნეულის სასურსათო ქარხანა
ტომატის საწებელი Supremo, შპს ფუდსერვისი
ეს აჯიკა, შპს "ეს"
ჩილი სოუსი ცხარე, შპს Soledo
მშრალი აჯიკა, თეთნულდი.

კვლევის გამოქვეყნების დროს ორგანიზაცია აღნიშავდა, რომ მართალია, არასაკვები საღებავები უმეტესად მცირე ოდენობითაა ზემოთ მითითებულ სურსათში აღმოჩენილი, მაგრამ ამ საღებავების სისტემატური მოხმარება ხელს უწყობს ან სიმსივნის წარმოქმნას, ან გენების გადაგვარებას.

"სუდანის" ჯგუფის საღებავები გამოიყენება სურსათისათვის მოწითალო შეფერილობის მისაცემად. 2018-2019 წლებში, ევროკავშირის ქვეყნებში საქართველოდან შეტანილი სუნელების 3 პარტიაში გამოვლინდა საღებავი "სუდანი".

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა