მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სურსათზე მაღალი ფასები 2024 წლის ბოლომდე შენარჩუნდება - მსოფლიო ბანკი

6268f2d81c915
გიორგი თოლორდავა
27.04.22 11:50
1008
მსოფლიო ბანკის მიერ გამოქვეყნებული განახლებული ანგარიშის თანახმად, ისტორიულად მაღალი სასაქონლო ფასები, სავარაუდოდ, 2024 წლის ბოლომდე შენარჩუნდება, რაც რუსეთ-უკრაინის ომით გამოწვეული ეკონომიკური შოკით, მიწოდების ჯაჭვის შეფერხებით, საწარმოო პროცესების დროებით შეჩერებით და მსოფლიოს მასშტაბით ინფლაციის დონის ზრდითაა განპირობებული.

ანალიტიკოსების შეფასებით, საერთაშორისო ბაზარზე არსებული ენერგორესურსების ფასების ზრდის ტენდენცია 1973 წლის კრიზისის შემდეგ დაფიქსირებული ყველაზე მკვეთრი მაჩვენებელია. მნიშვნელოვნად იზრდება საკვები პროდუქტებისა და სურსათის ფასებიც, რაც იმითაა გამოწვეული, რომ რუსეთი და უკრაინა საკვები პროდუქტების უმსხვილესი მიმწოდებლები არიან, ბუნებრივი აირის გაძვირება კი სასუქის ფასების ზრდას იწვევს, რაც, თავის მხრივ სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოებაზე აისახება.

„მიმდინარე მოვლენები ზრდის სტაგფლაციის(ინფლაციის მაღალი ტემპი, რომელსაც თან ერთვის წარმოების სტაგნაცია და უმუშევრობის მაღალი დონე) რისკებს. პოლიტიკოსებმა და კანონმდებლებმა უნდა გამოიყენონ ყველა შესაძლებლობა, რათა გაზარდონ ადგილობრივი ეკონომიკა და თავი აარიდონ ისეთ ქმედებებს, რომელთაც გლობალური ეკონომიკისთვის ზიანის მიყენება შეუძლიათ“, - განაცხადა მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ეკონომიკური ზრდის, ფინანსებისა და ინსტიტუტების საკითხებში, ინდერმიტ გილმა.

მსოფლიო ბანკის ვარაუდით, 2022 წლის ბოლომდე მოსალოდნელია ენერგორესურსების ფასების 50%-იანი ზრდა, თუმცა 2023 წლიდან ნავარაუდევია ზრდის ტემპის შენელება.

2022 წელს მოსალოდნელია სასოფლო-სამეურნეო საქონლის ღირებულების 20%-იანი ზრდა და ხორბლის 40%-იანი გაძვირება, ამ შემთხვევაშიც მომდევნო წლებში მოსალოდნელია ზრდის ტემპის შენელება.

მიუხედავად შედარებით პოზიტიური გრძელვადიანი მოლოდინებისა, მსოფლიო ბანკის ანალიტიკოსების შეფასებით, მომდევნო წლებში ფასები 5-წლიან საშუალო მაჩვენებელზე მაღლა იქნება, რუსეთ-უკრაინის ომის გაგრძელება და მიწოდების ჯაჭვის დამატებით შეზღუდვა საქონლის და ენერგოპროდუქტების გაძვირების რისკებს კიდევ უფრო მეტად გაზრდის.