25.სექტემბერი .2019 14:11

სუს-მა ერთი ბიზნესმენი დააკავა, მეორე კი პასუხისგებაში მისცა

views 15750
უკან

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ თაღლითობის ფაქტზე შპს "ქართულ-ამერიკული სამშენებლო კომპანიის" დამფუძნებელი და დირექტორი ნუგზარ ბ. დააკავა, ხოლო "არგი ჯგუფის" დამფუძნებელი და დირექტორი - გიორგი ხ. სამეწარმეო გულგრილობის ფაქტზე პასუხისგებაში მისცა.

"გამოძიებამ დაადგინა, რომ ქალაქ საგარეჯოში, კოსტავას ქუჩაზე სკვერის მოწყობის სამუშაოების თაობაზე საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ გამოცხადებულ ელექტრონული ტენდერში გამარჯვებულმა შპს "არგი-ჯგუფის" დირექტორმა და 100% წილის მფლობელმა გიორგი ხ-მ ქვეკონტრაქტორად დაიქირავა შპს "ქართულ-ამერიკული სამშენებლო კომპანია", რომლის დირექტორი ნუგზარ ბ. დოკუმენტაციაში არასწორი მონაცემების შეტანის გზით მოტყუებით დაეუფლა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის კუთვნილ 8 886,18 ლარს.

თავის მხრივ, შპს "არგი ჯგუფის" დირექტორმა და დამფუძნებელმა გიორგი ხ-მ, რომელიც საგარეჯოს მუნიციპალიტეტთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე პასუხისმგებელი იყო გაწეული სამუშაოს ხარისხსა და ვარგისიანობაზე, არაჯეროვნად შეასრულა სამსახურებრივი მოვალეობა მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, სათანადოდ არ გამოიკვლია შესრულებული სამუშაოები და ნუგზარ ბ-ს დაუდასტურა წარმოდგენილი დოკუმენტაცია (ფორმა №2), რის საფუძველზეც, შპს ,"არგი ჯგუფის" მიერ სამუშაოების მიღება-ჩაბარება განხორციელდა.

გამოძიება თაღლითობისა და სამეწარმეო გულგრილობის ფაქტებზე მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით და 220-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით", - ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.

გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.