22.თებერვალი .2020 11:04

სუს-მა თაღლითობის ფაქტზე 4 პირი დააკავა და 2 პირი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა

views 379
უკან

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, ყალბი დოკუმენტების გამოყენებით დიდი ოდენობით თაღლითობის ფაქტზე შპს „პრიზმას“ დირექტორი გ.ნ, ამავე კომპანიის სამუშაოთა მწარმოებლები გ.ჯ, ი.გ. და შპს „აუდიტ-ფრევეგის“ ექსპერტი რ.კ. დააკავეს. ამავე სისხლის სამართლის საქმეზე, ყალბი დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, შპს „მშენტექზედამხედველის“ დირექტორი ნ.ბ. და საწარმოში გულგრილობის ფაქტზე შპს ,,პრიზმას“ ინჟინერი თ.მ. სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცნენ.

„გამოძიებამ დაადგინა, რომ 2015 წლის 19 ოქტომბერს, ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობამ ქალაქ ცაგერში, სპორტული კომპლექსის მშენებლობაზე ტენდერი გამოაცხადა, რომელშიც შპს „პრიზმამ“ გაიმარჯვა. აღნიშნულ კომპანიასთან 2 714 143 ლარის სამშენებლო სამუშაოების შესყიდვაზე ხელშეკრულება გაფორმდა. სპორტული კომპლექსის მშენებლობის დროს, შპს „პრიზმას“ დირექტორმა, ამავე კომპანიის სამუშაოთა მწარმოებლების დახმარებით, დოკუმენტებში 177 000 ლარის ღირებულების სამუშაოები ყალბად დააფიქსირა შესრულებულად და ამ გზით სახელმწიფოს კუთვნილ აღნიშნულ თანხას თაღლითურად დაეუფლა. შპს „პრიზმას“ დირექტორს თაღლითობაში დახმარება გაუწია შპს „აუდიტ-ფრევეგის“ ექსპერტმა, რომელმაც მის მიერ შედგენილ დასკვნაში არარსებული სამუშაოები შესრულებულად აჩვენა.

თავის მხრივ, შპს „მშენტექზედამხედველის“ დირექტორმა, რომელსაც სამუშაოების შესრულების პროცესში ტექნიკური ზედამხედველობა ევალებოდა და შპს ,,პრიზმას“ ინჟინერმა, რომელიც საანგარიშგებო დოკუმენტებს ადგენდა, დოკუმენტებში არარსებული სამუშაოები შესრულებულად დააფიქსირეს.

სამუშაოების არაჯეროვნად შესრულების გამო, 2017 წლის 12 ოქტომბერს, შპს „პრიზმასთან“ დადებული ხელშეკრულება შეწყდა, რის გამოც სამშენებლო სამუშაოები სხვა კომპანიის მიერ დასრულდა“, - ნათქვამია სუს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამოძიება დიდი ოდენობით თაღლითობისა და ყალბი დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, 25-180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინების თავისუფლების აღკვეთას ვადით 6-დან 9 წლამდე).

გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.