მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Sustainability Spotlight - კორპორაციული მდგრადობის თემაზე შექმნილი პირველი ჟურნალი საქართველოში

6051cc31dbd34
BM.GE
17.03.21 14:30
1035
გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ინიციატივით, საქართველოში პირველად, კორპორაციული მდგრადობის თემაზე გამოიცა ჟურნალი - Sustainability Spotlight. როგორც bm.ge-ს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელიდან აცნობეს, ჟურნალი მიმოიხილავს პასუხისმგებლიანი ბიზნეს ქცევის მაგალითებს ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე, ასევე სხვადასხვა სექტორის წარმომადგენელთა მოსაზრებებს კორპორაციული მდგრადობის უახლეს ტენდენციებთან დაკავშირებით.

"ეს არის საქართველოში პირველი სპეციალიზებული გამოცემა კორპორაციული მდგრადობის საკითხებზე. ჟურნალის მიზანია პასუხისმგებლიანი ბიზნეს პრაქტიკის საუკეთესო მაგალითების გამოვლენა, რომლებიც გაეროს გლობალური შეთანხმების ათ პრინციპს და სხვა საერთაშორისო დონეზე აღიარებულ სტანდარტებს ასახავს“, - ამბობს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის აღმასრულებელი დირექტორი სალომე ზურაბიშვილი.



ბიზნეს ქცევის კარგი მაგალითების გარდა, ჟურნალი ასევე წარმოადგენს ხელისუფლების ხედვას, ინიციატივებსა და საქმიანობას მდგრადი განვითარების სფეროში; დიპლომატიური კორპუსის და საერთაშორისო ორგანიზაციების აქტივობებს ამ მიმართულებით; განიხილავს აქტუალურ თემებს, რომლებიც ეხება პასუხისმგებლიან ბიზნეს ქცევას მსოფლიოს მასშტაბით.

ჟურნალის პირველ ნომერში მიმოხილულია კორონავირუსით გამოწვეული კრიზისის გავლენა საზოგადოებაზე, ეკონომიკასა და გარემოზე - როგორ შეძლო ბიზნესმა კრიზისთან გამკლავება და რას უნდა ველოდოთ მომავალში; როგორ შეგვიძლია მდგრადი მიდგომების გამოყენებით აღვადგინოთ ეკონომიკა და საიდან დავიწყოთ? - ამ და სხვა კითხვებს მთავრობის, ბიზნესისა და აკადემიის წარმომადგენლები პასუხობენ.

"ვიმედოვნებთ, რომ ჟურნალი „Sustainability Spotlight“ ხელს შეუწყობს საქართველოში ძირითადი დაინტერესებული მხარეების ინფორმირებულობასა და ცოდნის ამაღლებას კორპორაციული მდგრადობის საკითხებზე და უზრუნველყოფს ქვეყანაში პასუხისმგებლიანი ბიზნეს ქცევის დანერგვას“, - აცხადებენ ორგანიზაციაში.

ჟურნალის პირველი ნომერი შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით გამოიცა.

ჟურნალის სპონსორები არიან კომპანიები: "ორიენტ ლოჯიკი", MBC, Georgian Business Platform და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი.

(R)