05.ნოემბერი .2019 14:20

სვანეთის მოსახლეობას შესაძლოა, ელექტროენერგიის საფასურის გადახდა მოუწიოს

views 900
უკან

სვანეთის მოსახლეობას შესაძლოა, ელექტროენერგიის საფასურის გადახდა მოუწიოს.

როგორც პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე, ენერგეტიკის სექტორში დაგეგმილი რეფორმის განხილვისას, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ დავით თვალაბეიშვილმა განაცხადა, ამ მიმართულებით ცენტრალური მთავრობა ადგილობრივ ხელისუფლებასთან უკვე მუშაობს.

ეს ინფორმაცია დავით თვალაბეიშვილმა მას შემდეგ გააჟღერა, რაც ამავე კომიტეტის სხდომაზე, "ენერგო–პრო ჯორჯიას" იურიდიულმა მენეჯერმა ნიკოლოზ გილიგაშვილმა განაცხადა, რომ კომპანიას რეგიონებში ელექტროენერგიის გადასახადის ამოღება უჭირს. "ენერგო-პრო" მოითხოვს, რომ ეს უიმედო ვალები, რაც საქართველოს მასშტაბით, რეგიონებში გროვდება, მარეგულირებელმა კომისიამ, "ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ" ახალი კანონის მიღების შემდეგ, საყოფაცხოვრებო ტარიფში ასახოს.

"კანონპროექტის 108-ე მუხლი არის უნივერსალური მომსახურების შესახებ (უნივერსალური მომსახურების ცნება მოცემულია "ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ" კანონის პროექტში, რაც მოსახლეობისა და მცირე საწარმოებისთვის ელექტროენერგიის მიწოდებას გულისხმობს), სადაც გათვალისწინებულია უნივერსალური მომსახურებისთვის ტარიფი. ასეთი მოცემულობაა – კომისიამ უნდა უზრუნველყოს, რომ ელექტროენერგიის როგორც რეგულირებული, ისე საბაზრო ფასი ასახავდეს ხარჯებს, მათ შორის მიწოდების ფაქტობრივ ხარჯს, აუცილებელი ინვესტიციებისა და მათთან დაკავშირებული ამონაგების ჩათვლით, აგრეთვე, იმპორტისა და მიწოდების მომსახურების ხარჯებს.

კანონპროექტის პირველად ვერსიაში ასევე, უიმედო ვალი იყო ჩასმული, რომელიც განხილვების დროს ამოიღეს. ჩვენი პრინციპული პოზიციაა, რომ იქნებ დავაბრუნოთ ეს უიმედო ვალი ტარიფში. რა თქმა უნდა, შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ. მზად ვართ, გავიაროთ პროცედურები და შემდეგ იყოს ეს ასახული ტარიფში. ეს იმით არის გათვალისწინებული, რომ სამწუხაროდ, ყველა რეგიონში, ალბათ მოგეხსენებათ, გართულებულია ელექტროენერგიის საფასურის ამოღება", – განაცხადა ნიკოლოზ გილიგაშვილმა.

პასუხად დავით თვალაბეიშვილმა აღნიშნა, რომ მთავრობა "ენერგო–პრო ჯორჯიას" ამ ინიციატივას ვერ გაითვალისწინებს.

"ჩვენი და მარეგულირებელი კომისიის პოზიციაა, რომ ამ შენიშვნას ვერ გავითვალისწინებთ. ასეთი პრაქტიკა სხვა ქვეყნებშიც არ არსებობს. მე მესმის, რა პრობლემაც არის. საქართველოში არსებობს რეგიონები, სადაც "ენერგო–პრო ჯორჯია" ტარიფის ამოღებას ვერ ახერხებს, მაგრამ იდგმება ნაბიჯები, რომლებიც ჩვენ საშუალებას მოგვცემს, ეს პრობლემა სხვანაირად და როგორც საჭიროა, ისე მოვაგვაროთ. ამოღების პრობლემა", – განაცხადა მინისტრის მოადგილემ და ამ კუთხით სხვანეთის რეგიონის მაგალითი დაასახელა.

"საუბარია სვანეთის რეგიონზე. პირველ ეტაპზე, ჩვენ ვმუშაობთ ადგილობრივ ხელისუფლებასთან იმასთან დაკავშირებით, რომ ამოღება შესაძლებელი იყოს კომერციული ობიექტებიდან, სასტუმროებიდან, სახერხებიდან, ხოლო შემდეგ უკვე ნაწილობრივ გადავალთ, რომ მოსახლეობიდან, საყოფაცხოვრებო ობიექტებიდანაც იქნება ამოღებული (ელექტროენერგიის საფასური). რაღაც ნაბიჯები იდგმება ამ მიმართულებით", – აღნიშნა დავით თვალაბეიშვილმა.

ამ თემაზე BM.GE მესტიის მუნიციპალიტეტის მერის განმარტებებსაც შემოგთავაზებთ.

ცნობისთვის: სვანეთში ელექტროენერგიის მოხმარება მაღალი ტემპით იზრდება, რის ერთ-ერთ მიზეზსაც მაცხოვრებელთა მიერ კრიპტოვალუტების მოპოვება წარმოადგენს. საქართველოს რეგიონებს ელექტროენერგიას სწორედ "ენერგო პრო ჯორჯია" აწვდის, მათ შორის არის სვანეთიც, თუმცა რეგიონში არსებული სოციალური ვითარებიდან გამომდინარე, კომპანიამ წლების წინ მიიღო გადაწყვეტილება, არ გადაახდევინოს სვანეთის მაცხოვრებლებს ელექტროენერგიის მოხმარების საფასური, თუმცა იმის გამო, რომ რეგიონში უკანასკნელ პერიოდში ენერგომოხმარება მაღალი ტემპით გაიზარდა, "ენერგო პროს" სვანეთის ელექტრომომარაგება სულ უფრო ძვირი უჯდება. ამასთან, კომპანია კრიპტოვალუტების მზარდ გამომუშავებას პრობლემად აღიქვამს და მისი გადაჭრისთვის სპეციალური ზომების მიღებასაც გეგმავს.

"ენერგო პროს" ინფორმაციით, მათ 2019 წლის 9 თვეში, კომპანიამ სვანეთის რეგიონს უსასყიდლოდ 50 მილიონი კილოვატ საათი ელექტროენერგია მიაწოდა, რომლის ღირებულებაც 8 მილიონ ლარს შეადგენდა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა