მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“სვანეთში ელექტროენერგიის გათიშვები კურორტის იმიჯზე უარყოფითად მოქმედებს” - სასტუმრო “ბუდე”

63bc2ce5ee46d
ანუკა ჯოხაძე
14.01.23 18:45
800
მესტიაში ელექტროენერგიის მიწოდება წელსაც ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა. როგორც რაიონში მდებარე ბიზნესის წარმომადგენლები აცხადებენ, ელექტროენერგიის ხშირი გათიშვები მოხმარების ზრდასთან ერთად გახშირდა. სასტუმრო “ბუდეს” დამფუძნებელი თათია თეთრაშვილი აცხადებს, რომ ეს პრობლემა კურორტის და ზოგადად ქვეყნის იმიჯზე უარყოფითად მოქმედებს.

“ელექტროენერგიას რაც შეეხება ერთი დღე ძალიან პრობლემატური იყო, უშუქობის გამო საბაგიროებიც არ მუშაობდა. გათბობის პრობლემა შეიქმნა. დღის განმავლობაშიც შუქი რამდენჯერმე ქრება ხოლმე. ეს კი კურორტის და ქვეყნის იმიჯზე უარყოფითად აისახება. სეზონი როგორც კი დაიწყო მივხვდით, რომ არაფერზე არ იყო ნაფიქრი.

როგორც კი თოვლი მოვიდა, მაშინვე დაზიანებები დაფიქსირდა, რის გამოც ელექტროენერგია გაითიშა. არანაირი მზაობა ზამთრის სეზონისთვის არ ყოფილა. არც არანაირი კომუნიკაცია ყოფილა ჩვენთან. სასტუმროები ჩვენი ძალებით ვაკეთებთ ყველაფერს, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მხრიდან არაფერი გაკეთებულა”, - აცხადებს სასტუმრო “ბუდეს” დამფუძნებელი თათია თეთრაშვილი.

ენერგო პრო ჯორჯიას ინფორმაციით, 2021 წლის ელექტროენერგიის მოხმარება მესტიაში 101,5 მლნ კვტ.სთ-ს უტოლდებოდა, 2022 წელს კი მოხმარებამ 121,7 მლნ კვტ.სთ-ს მიაღწია. ზრდამ 20.2 მლნ კვტ.სთ შეადგინა.