მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„სვეტის“ დაზარალებულებს ბინები 2023 წელს გადაეცემათ – მშენებელი კომპანია

6204f5b80fcfd
ვიქტორია მღებრიშვილი
10.02.22 15:20
1228
სამშენებლო კომპანია "ბიქეი ქონსთრაქშენის" მმართველი დირექტორის შოთა ბერეკაშვილის განცხადებით, კომპანია „სვეტის“ დაზარალებული ბინათმესაკუთრეები, საცხოვრებელ ბინებს 2023 წლის ბოლოსთვის მიიღებენ. ამის შესახებ მან თბილისის მერთან ერთად მირცხულავას ქუჩაზე არსებულ „სვეტის“ ყოფილ ობიექტებზე განაცხადა. ადგილზე მიმდინარე სამუშაოებს თბილისის მერი და მისი მოადგილე გაეცნენ. 

„სამშენებლო სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს. პარალელურ რეჟიმში 8 საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა მიმდინარეობს, აქედან 4 საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობაზე რკინა-ბეტონის სამუშაოები დასრულებულია, სრულდება ბლოკის წყობა რის შემდეგაც ვიტრაჟების, ფანჯრების და ფასადების მოწყობას დავიწყებთ.

სხვა პროექტზე სრულდება რკინა–ბეტონის სამუშაოები, მშენებლობის დაწყებისას აქ 2 სართული იყო აშენებული, დღესდღეობით ყველა კორპუსი და ჯამში 82 სართულია.

გეგმის მიხედვით მივდივართ, რომელიც მხარეებს შორის არის შეთანხმებული. ამის მიხედვით 2023 წლის ბოლოს სამუშაოები სრულად დასრულდება და დაზარალებულებს კუთვნილი საცხოვრებელი ბინები გადაეცემათ“, - განაცხადა შოთა ბერეკაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ კომპანია "სვეტის" დაუსრულებელი მშენებლობის მართვა კომპანიამ "m2" გადაიბარა, უშუალოდ სამშენებლო სამუშაოებს კი კომპანია "ბიქეი ქონსთრაქშენი" ახორციელებს.

თავად m2–ის გენერალური დირექტორი ნიკოლოზ მეძმარიაშვილი აცხადებს, რომ არსებული პროექტები 2020 მარტში გადაიბარეს და მას შემდეგ აქტიური სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს.

"შედეგი მართლაც შთამბეჭდავია, როდესაც პირველად შემოვედით ობიექტზე ფაქტიურად არაფერი იყო, ამ ეტაპზე კი პარალელურად 20-ზე მეტი კორპუსის მშენებლობა მიმდინარეობს.

ჩვენს სახელს არაერთი წარმატებული პროექტი უკავშირდება და ამჯერად მოხარულები ვართ, რომ, ჩვენი წვლილი შეგვაქვს 2500 დაზარალებული ოჯახის კეთილდღეობაში.

გასულ წელს უპრეცენდენტო, $10 მილიონის სესხი მოვიზიდეთ აზიის განვითარების ბანკისგან, რომელიც აღნიშნული პროექტების დასრულებას მოხმარდება. ჩვენი მშენებლობის ხარისხს კი მსოფლიოს წამყვანი საინჟინრო საკონსულტაციო კომპანია - ILF ასერტიფიცირებს. შემიძლია გითხრათ, რომ ადამიანები, რომლებიც აქ სახლებს ელოდებიან ისეთ კომპლექსებში იცხოვრებენ, რომლებიც სრულ თანხვედრაში იქნება დასავლურ სტანდარტებთან და რაც მთავარია, თანამედროვე, კომფორტულ და პასუხისმგებლიან, ცხოვრების სტილთან.

სრულად ვაცნობიერებთ საზოგადოებისა და ქალაქის წინაშე აღებულ ვალდებულებას. შესაბამისად, ამ პროექტების წარმატებით დასრულება ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი პროცესია“,– აცხადებს m2 გენერალური დირექტორი.