17.მაისი .2022 23:10

სვიმონიშვილი: "მარგებელი ჰოლდინგი" ევროპული ინვესტიციების მოზიდვაზე 24-საათიან რეჟიმში მუშაობს

სვიმონიშვილი: "მარგებელი ჰოლდინგი" ევროპული ინვესტიციების მოზიდვაზე 24-საათიან რეჟიმში მუშაობს
views 1023
უკან

„მარგებელი ჰოლდინგის“ მმართველი პარტნიორისა და დირექტორის მიხეილ სვიმონიშვილის განცხადებით, ჰოლდინგი ქვეყანაში ევროპული ინვესტიციების მოზიდვაზე 24-საათიან რეჟიმში მუშაობს. ამის შესახებ მან გადაცემა „Forbes კვირაში“ განაცხადა.

მიხეილ სვიმონიშვილმა ქვეყნისთვის ახალი საინვესტიციო პროექტებისა განხორციელებასა და FDI-ს მოზიდვის თავისებურებებზე ისაუბრა და განმარტა, რომ ქვეყნის განვითარებისთვის უპირველესი მნიშვნელობა წარმოების ინდუსტრიალიზაციას უნდა ენიჭებოდეს, რათა ადგილობრივი წარმოების ექსპორტით ქვეყნის ეკონომიკამ მეტი შემოსავალი მიიღოს.

„ამ ქვეყანას მხოლოდ ინდუსტრია გადაარჩენს. ტურიზმი და სტუმარმასპინძლობა კარგია, თუმცა დღეს საქართველოში საერთაშორისო, მულტინაციონალური კომპანიების Nestle-ს, Unilever-ის, Danone-ის შემოყვანა და აქ მათი წარმოებების ამოქმედება ვერ ხერხდება.

ჩვენ ვამბობთ, რომ საქართველო უნდა იყოს ჰაბი, მაგრამ რეალობად უნდა ვაქციოთ ეს, ქვეყანაში ინდუსტრიული წარმოება უნდა არსებობდეს და ექსპორტი აქედან უნდა ხორციელდებოდეს. ამის რეალური შანსი გვაქვს, რისთვისაც პროფესიული განათლების განვითარებაც დიდი ნაბიჯი იქნება. ჩვენი ძირითადი ამოცანა ეს არის. „მარგებელი ჰოლდინგი“ ევროპული ინვესტიციები შემოტანაზე 24 საათი მუშაობს“, - განაცხადა მიხეილ სვიმონიშვილმა.

კითხვაზე - რომელ კომპანიებთან მიდის მოლაპარკებები, ჰოლდინგის ხელმძღვანელმა ბრენდების დასახელებისგან თავი შეიკავა.

„საკითხების კონფიდენციალობიდან გამომდინარე, ვერ დავკონკრეტდებით, თუმცა საუბრებია ძალიან ცნობილ საერთაშორისო ბრენდებზე, რომლებიც ჩვენთან თანამშრომლობით ინტერესდებიან და ისინი ქვეყანაზე მეტად ჯგუფს ირჩევენ. ეს არის შვეიცარია, ავსტრია, გერმანიიდან.

მაგალითისთვის გეტყვით, რომ შვეიცარიის ინვესტიციები ბოლივიაში 3 მლრდ-ია და რატომ ვერ უნდა შემოვიდეს საქართველოში 200-300 მლნ წლიურად?! ამ მიმართულებით ბევრია სამუშაო. ჩვენს ქვეყანაში ამის შესაძლებლობები არის“, - ამბობს სვიმონიშვილი.

„მარგებელი ჰოლდინგის“ მმართველი პარტნიორი ინვესტიციების მოზიდვისთვის საჭირო გარემოებებზეც საუბრობს და აცხადებს, რომ ამ ნაწილში განათლება ინვესტიციების მოზიდვის უმნიშვნელოვანესი მდგენელია.

„ვფიქრობ, რომ ინვესტიცია ადამიანებში უნდა განხორციელდეს. ისეთ ქვეყნებს დაგისახელებთ, სადაც გეოპოლიტიკური ვითარება რთულია, თუმცა Nestle-ს იქ საწარმოები აქვს. ამიტომ ვამბობ დღევანდელი ბიზნესი მხოლოდ ექსელის ბიზნესგეგმის გაკეთება არ არის, დღეს უმნიშვნელოვანესია განათლება. უნდა გვყავდეს ბევრი ახალგაზრდა, ვისაც ევროპული კაპიტალი ნდობას გამოუცხადებს, რომ ისინი საქმის გამკეთებლები არიან. ამ შემთხვევაში საგადასახადო, გეოპოლიტიკური თუ სხვა რისკების მოგვარება და ნდობის დამკვიდრება შეიძლება“, - მიიჩნევს მიხეილ სვიმონიშვილი.