მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"სწორი და აუცილებელია, ენერგოეფექტური ღონისძიებები ქვეყანაში დაინერგოს საკანონმდებლო დონეზე"

5e614449d5c98
BM.GE
05.03.20 22:44
895
„კვლევები აჩვენებს, რომ აუცილებელია და სწორია ის კურსი, რასაც ჩვენ ვახორციელებთ იმისთვის, რომ ენერგოეფექტური, ენერგოდამზოგავი ღონისძიებები მომავალი წლების განმავლობაში შემოღებული იყოს საკანონმდებლო დონეზე“ - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, დავით თვალაბეიშვილმა სასტუმრო „თბილისი მერიოტში“ გამართული პრეზენტაციის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომელიც ეხებოდა ენერგოეფექტურობის გავლენას როგორც ზოგადად ეკონომიკასა და ენერგეტიკის სექტორზე, ასევე განათლებაზე, ჯანმრთელობის დაცვასა და სხვა მნიშვნელოვან მიმართულებებზე. აღნიშნული კვლევა ევროკავშირისა და მსოფლიო ბანკის დახმარებით მომზადდა.

„დღეს პარტნიორ დონორებს და საერთაშორისო ორგანიზაციებს დავუდასტურეთ, რომ საქართველოს მთავრობა, ეკონომიკის სამინისტრო აღებულ ვალდებულებებს ასრულებს - მომზადებულია ენერგოეფექტურობასთან დაკავშირებული ორი მნიშვნელოვანი კანონის პროექტი, რომელთა განხილვაც მიმდინარეობს საქართველოს პარლამენტში და დასრულდება აპრილის ბოლოსთვის. ეს ყველაფერი უზრუნველყოფს ქვეყანაში ენერგოეფექტური ღონისძიებების საკანონმდებლო დონეზე დანერგვას და სხვადასხვა კუთხით ზუსტად იმ პოზიტიური შედეგების მიღწევას, რაზეც დღევანდელ შეხვედრაზე გვქონდა საუბარი“ - განაცხადა დავით თვალაბეიშვილმა.

საქართველოს ეკონომიკაზე და მის სხვადასხვა სექტორებზე ენერგოეფექტურობის გავლენას ხაზი გაუსვა სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სებასტიან მოლინეუსმა. მისი თქმით, მსოფლიო ბანკს შეუძლია მთავრობას მხარი დაუჭიროს მიმდინარე დიალოგის გზით, აქცენტი უნდა გაკეთდეს არსებული სტანდარტებისა და რეგულაციების გაძლიერებაზე, ასევე იზოლაციისა და ენერგოეფექტურობის გაზრდაზე როგორც საჯარო შენობებში, ისე კერძო შინამეურნეობებში.

„ჩვენ ყოველთვის მზად ვართ ფინანსური დახმარება გავუწიოთ მთავრობას, რათა მას შეეძლოს ქვეყნის განახლება ენერგოეფექტურობის სტანდარტების შესაბამისად“ - აღნიშნა მოლინეუსმა.

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის პროექტების განყოფილების უფროსის, ვინსენტ რეის შეფასებით, საქართველო მნიშვნელოვან სარგებელს მიიღებს იმ საინვესტიციო პროგრამით, რომელიც შენობებში ენერგოეფექტურობის გაუმჯობესებას ემსახურება.

„ჩვენ ველოდებით პარლამენტის მიერ „შენობებში ენერგოეფექტურობის შესახებ“ კანონის მიღებას. ეს იქნება მნიშვნელოვანი სიგნალი და შეეხება კერძო სექტორსაც, რადგან აღნიშნული საქმიანობა გულისხმობს ინვესტიციებს, ასევე სამუშაო ადგილების შექმნას. ვფიქრობთ, რომ საქართველო მაქსიმალურ სარგებელს მიიღებს ამ საინვესტიციო პროგრამით, რადგან ბიზნესს შეუძლია ისარგებლოს ახალი ბაზრების შექმნით, ხოლო ჩვენს შვილებს ექნებათ უფრო ხანგრძლივი და ჯანმრთელი ცხოვრება“ - განაცხადა ვინსენტ რეიმ.