24.ნოემბერი .2022 20:45

„სხვა ბანკებს კონკურენციას პროდუქტებით და ფასით გავუწევთ“ - Paysera საქართველოს“ გეგმები

„სხვა ბანკებს კონკურენციას პროდუქტებით და ფასით გავუწევთ“ - Paysera საქართველოს“ გეგმები
views 587
უკან

„Paysera საქართველო“ პირველი ციფრული ბანკია, რომელზეც საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლიცენზია გასცა. „Paysera საქართველოს“ განთავსებული კაპიტალი 10 მლნ ლარია. ბიზნესრეესტრის მიხედვით, სს „პეისერა საქართველოს“ მეწილეების სტრუქტურა ასეთია: ირაკლი ვეკუა - 10%; 10%-იანი წილის მფლობელია დიმიტრი ქუმსიშვილი, რომელიც ამავდროულად ბანკის გენერალური დირექტორია. 10%-იანი მეწილეა ივანე თევდორაშვილი, ხოლო მინდია საბანაძე და ზაზა ბუაძე კი, შესაბამისად, 37,5% და 32,5%-ის მფლობელები არიან. ამასთან, ბანკის სამეთვალყურეო საბჭოშია ირაკლი თევდორაშვილიც, რომელიც "პალიტრა ჰოლდინგის" ერთ-ერთი დამფუძნებელია.

როგორ აპირებს კონკურენციის გაწევას ტრადიციული ბანკებისთვის და რამდენად ინოვაციურ და იაფ პროდუქტებს შესთავაზებს მომხმარებელს პირველი ციფრული ბანკი? - #რედაქტ2-ის კითხვებს „Paysera საქართველოს“ გენერალურმა დირექტორმა უპასუხა.


„სხვა ბანკებს კონკურენციას პროდუქტებით, ფასით და კომფორტით გავუწევთ“ - ამბობს დიმიტრი ქუმსიშვილი.

„ძალიან ძლიერი ბანკები გვყავს და მათ ძალიან კარგი პროდუქტები აქვთ, მაგრამ პროდუქტები, რომლებსაც ბაზარს შევთავაზებთ, დღეს ბაზარზე არ არის. არ ვამბობ იმას, რომ რაღაც პერიოდის შემდეგ ეს პროდუქტები არ გაჩნდება, პირიქით, როგორც კი კონკურენცია გაჩნდება, შემოვა, მაგრამ ჩვენ ჩვენს ნიშას შევინარჩუნებთ.

„Paysera საქართველოს“ სლოგანია „უსაზღვრო ევროპული შესაძლებლობები“. ამდენად, პირველი, რაც ჩვენ გვინდა, ეს არის SEPA-სთან ინტეგრაცია. საქართველოში პირველი ციფრული ბანკის მომხმარებელი ერთიანი ევროპული საგადახდო სისტემით (SEPA) სარგებლობას შეძლებს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ჩვენი მომხმარებელი ევროპაში და ევროპიდან მოახერხებს ანგარიშსწორებას და, რაც მთავარია, ეს იქნება ძალიან იაფი.

გარდა ამისა, შევეცდებით, მალე გავმართოთ ძალიან კარგი ლოიალობის პროგრამა ანუ ჩვენს მომხმარებელს მივცეთ შესაძლებლობა, რომ ბევრ სხვა ადგილას შეღავათიან ფასად შეიძინოს ის მომსახურება, თუ სერვისი, რომელიც მას უნდა და სჭირდება.

ეროვნულმა ბანკმა ძალიან ბევრი გვამუშავა, ვიდრე ლიცენზიას მივიღებდით და ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმი, რომლის დაკმაყოფილება მოგვიწია, არის სწორედ ის, რომ უნდა ვიყოთ ინოვაციურები, ბაზარზე შევქმნათ კონკურენცია და მომხმარებელს შევთავაზოთ ისეთი პროდუქტები, რომლებიც დღემდე ბაზარზე არ არსებობს“, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა #რედაქტ2-თან ინტერვიუში, თუმცა პროდუქტების მეტად დაკონკრეტებისგან თავი შეიკავა.

აღსანიშნია, რომ „Paysera საქართველო“, რომელმაც საბანკო საქმიანობის ლიცენზია რამდენიმე დღის წინ მიიღო, 4 თვის მანძილზე სატესტო რეჟიმში იმუშავებს, რაც იმას ნიშნავს, რომ რეალურ მომხმარებელს არ მოემსახურება. ციფრული ბანკის პრინციპების თანახმად, ციფრულ ბანკზე ლიცენზიის გაცემისას, სისტემური რისკების მინიმიზაციისათვის, ეროვნული ბანკი სრულ საბანკო ლიცენზიაზე ეტაპობრივი გადასვლის მიდგომას იყენებს, რაც რეგულირების ლაბორატორიის ჩარჩოს შექმნისა და მისი გამოყენების შესახებ დებულებით განსაზღვრული პრინციპების მსგავსად სამი ეტაპის გავლას გულისხმობს.

#რედაქტ2-თან ინტერვიუში დიმიტრი ქუმსიშვილმა ლიტვურ ფინტექკომპანია „Paysera“-სთან პარტნიორობის ბიზნესმოდელზეც ისაუბრა. მისი თქმით, თავდაპირველად, პროგრამული უზრუნველყოფისთვის დეველოპერებს საქართველოში ეძებდა, მაგრამ ბაზრის შესწავლის და ანალიზის შემდეგ, საბოლოოდ, „Paysera“-სთან თანამშრომლობა გადაწყდა.

„ჩვენი და „Paysera“-ს პარტნიორობის ბიზნესმოდელი არის ძალიან საინტერესო და ეს არის, ვფიქრობ, მდგრადობის გარანტიც. მოგეხსენებათ, როდესაც აკეთებთ ციფრულ პროდუქტს, ყველაზე დიდი ხარჯი მოდის პროგრამულ უზრუნველყოფაზე... დღეს ჩვენ ვართ შეთანხმებული შემდეგ მოდელზე - მთლიანი პროგრამული უზრუნველყოფა და ხარჯი გადატანილია ევროპაში, ვინაიდან კიდევ „Paysera“ რვა ქვეყანაშია და მათთვისაც აკეთებს დეველოპმენტს; ამდენად, ურჩევნიათ, ეს ხარჯი იქ ნაწილდებოდეს, ჩვენ კი, საოპერაციო ხარჯი არ გვაქვს.

მეორე მხრივ, Paysera-ს, როგორც დედა კომპანიას, „Paysera საქართველოში“ წილი არ აქვს, მაგრამ ჩვენ შორის არსებული ერთობლივი საქმიანობის ხელშეკრულების თანახმად, ჩვენი მოგებიდან მათ ეკუთვნით რაღაც ნაწილი. ამდენად, ისინიც დაინტერესებულები არიან ჩვენი წარმატებით და ბუნებრივია, ჩვენც“, - ამბობს დიმიტრი ქუმსიშვილი.

ცნობისთვის: “Paysera” არის ლიტვური Fintech კომპანია, რომელიც ფლობს ევროკავშირის ლიცენზიას და უზრუნველყოფს სწრაფ, მოსახერხებელ და ხელმისაწვდომ ფინანსურ და მასთან დაკავშირებულ სერვისებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. დაფუძნდა 18 წლის წინ და ყავს ერთ მილიონზე მეტი მომხმარებელი. საერთაშორისო ბაზარზე Paysera წარმოდგენილია 300 თანამშრომლით და 15 ლოკაციით.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა