25.სექტემბერი .2022 11:28

„სხვა ქვეყნებშიც უნდა გავიტანოთ პროდუქცია, მაგრამ თუ ძალისხმევა იხარჯება, ევროკავშირისკენ მივმართოთ“

„სხვა ქვეყნებშიც უნდა გავიტანოთ პროდუქცია, მაგრამ თუ ძალისხმევა იხარჯება, ევროკავშირისკენ მივმართოთ“
views 698
უკან

სუამ-ის წევრ ქვეყნებს - საქართველოს, მოლდოვას, აზერბაიჯანსა და უკრაინას შორის რამდენიმე დღის წინ თავისუფალი სავაჭრო ზონის შექმნის შესახებ შეთანხმება გაფორმდა.

ამ და სხვა სავაჭრო ხელშეკრულებების პოზიტიურ გავლენაზე ეკონომიკის მინისტრის ყოფილმა, მოადგილემ, ქეთი ბოჭორიშვილმა „ანალიტიკას“ ეთერში ისაუბრა.

„გამოწვევების დროს ტარდება ხოლმე ბევრი რეფორმა. ნებისმიერი სავაჭრო ხელშეკრულება, რომელიც ქვეყნის ინტერესებზეა გათვლილი, არის ერთ-ერთი ძალიან კარგი წინაპირობა იმისთვის, რომ ქვეყანა გახდეს საინტერესო ინვესტიციების კუთხით. ესეც ერთ-ერთი წინგადადგმული ნაბიჯია იმ მიმართულებით, რომ მოვიზიდოთ საერთაშორისო ინვესტიციები. რაც შეეხება ევროკავშირს, უნდა ვიცოდეთ, რომ ის ყველაზე სტაბილური პარტნიორია და ჩვენი ძალისხმევა უნდა იყოს დახარჯული ევროკავშირში ექსპორტის გაზრდაზე.

სხვა ქვეყნებშიც უნდა გავიტანოთ, მაგრამ თუ ძალისხმევა იხარჯება, სწორედ ამ მიმართულებაზე უნდა გამახვილდეს ყურადღება. ევროკავშირის ბაზარზე შესვლა რთულია, მაგრამ თუ ერთხელ შეხვედი, შემდეგ გარანტირებული ბაზარი გაქვს შემდედი წლების განმავლობაში. ევროპაში გაყიდული პროდუქცია ნიშნავს კარგი ხარისხის პროდუქტის წარმოებას და ეს ნიშნავს ქვეყანაში კარგი ხარისხის არსებობას თუნდაც ჩვენი მოხმარებისათვის“, - თქვა ქეთი ბოჭორიშვილმა.

მან იმ წინაპირობებს გაუსვა ხაზი, რაც ქვეყანაში უნდა არსებობდეს იმისთვის, რომ მეტი ინვესტორი მოვიზიდოთ:

„საწარმოების გადმოტანა მხოლოდ სიტყვებით ვერ მოხდება, ამას სჭირდება კონკურენტუნარიანი და არა უბრალოდ დაბალბიუჯეტიანი ადგილი. საჭიროა ინფრასტრუქტურის არსებობა, როგორიც არის ღრმაწყლოვანი პორტი, რკინიგზა, აეროპორტი, ამ ყველაფრის ერთმანეთთან ინტეგრაცია მეზობელ ქვეყნებთან. ჩვენ შეიძლება ვიყოთ ჩიხი, ან ვიყოთ გამტარი“, - აღნიშნა მან.

ქეთი ბოჭორიშვილმა ქვეყანაში ინდუსტრიული ზონების შექმნის აუცილებლობაზე ისაუბრა. მისი თქმით, ინვესტორს არ უნდა სჭირდებოდეს ლოკაციების ძებნა და საწარმომდე გზის მიყვანაზე ფიქრი. გარდა ამისა, ბოჭორიშვილი ძალიან მნიშვნელოვნად მიიჩნევს კანონის უზენაესობის დაცვას ქვეყანაში, პოლიტიკურ დ ეკონომიკურ სტაბილურობას.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა