მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სხვა ქვეყნის მარეგულირებლის მხრიდან ანალოგიური გადაწყვეტილება არ გვინახავს - გაჩეჩილაძე სებ-ზე

5fa3dcdda6018
შოთა ტყეშელაშვილი
06.11.20 09:00
1433
საქართველოში მოქმედმა კომერციულმა ბანკებმა 2020 წლის გაზაფხულზე სებ-ის მითითების შესაბამისად, 1.2 მილიარდი ლარის შესაძლო საკრედიტო დანაკარგების რეზერვში განათავსეს. ეს თანხა არსებული კრიზისის ფონზე მსესხებელთა მოსალოდნელ დანაკარგებს ასახავს.

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch-ის შეფასებით,  მათ სხვა ქვეყნებში ანალოგიური პრეცედენტი არ უნახავთ.

“საქართველოს ბანკის” გენერალური დირექტორი არჩილ გაჩეჩილაძე Fitch-ის შეფასებას ეთანხმება. BMG Checkpoints-თან საუბარში გაჩეჩილაძემ განაცხადა, რომ ეროვნული ბანკის მხრიდან მსგავსი კონსერვატიული პოლიტიკის გატარება კომერციულ ბანკებში კაპიტალის მაღალმა დონემ გახადა შესაძლებელი. 

“Fitch-ის შეფასება სწორია, ეს უნიკალური მიდგომა იყო, ჩვენ არ გვინახავს სხვა ქვეყნების მარეგულირებლის მხრიდან ანალოგიური გადაწყვეტილებები. ეროვნულმა ბანკმა გვთხოვა აგვესახა ყველა შესაძლო დანაკარგი, რაც COVID-19-თან იქნებოდა დაკავშირებული. სხვა მარეგულირებლებმა კი ბანკებს მისცეს დრო იმისთვის, რათა შეეფასებინათ ფაქტობრივი დარტყმა რა იქნებოდა მათ საქმიანობაზე და მას შემდეგ მიეღოთ დანაკარგების შესახებ გადაწყვეტილებები.

ჩემი აზრით, ამ პოლიტიკის გატარების დროს ეროვნული ბანკის პოლიტიკა იყო კონსერვატიული, ყველა მარეგულირებელს კი არ აქვს იმის ფუფუნება, იყოს ასე კონსერვატიული. ამის გაკეთება სებ-მა შეძლო იქიდან გამომდინარე, რომ ბანკებს ჰქონდათ კაპიტალის საკმაოდ კარგი მაჩვენებლები, თუმცა ამ დანაკარგების ასახვამ ინვესტორების მხრიდან კითხვის ნიშნები გააჩინა, რადგანაც მათ დაინახეს კაპიტალის მაჩვენებლების სწრაფი გაუარესება, შესაბამისად, ჩვენ დაგვჭირდა ინვესტორებისთვის უკეთესად ახსნა თუ რატომ მოხდა ეს", - განაცხადა არჩილ გაჩეჩილაძემ.

ცნობისთვის: 1.2 მილიარდი ლარის დარეზერვების გამო, კომერციული ბანკების წმინდა მოგება მკვეთრად გაუარესდა. 2020 წლის 9 თვის განმავლობაში მათი ზარალი 252 მილიონ ლარია.