მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„სხვადასხვა მოდელს განვიხილავთ“ - რას აკეთებს საპენსიო სესხების საკითხზე შექმნილი კომისია?

6149d4392c72c
თელარა გელანტია
21.09.21 16:45
660
საპენსიო გასაცემლის მიმართულებით სახელმწიფოსა და "ლიბერთი ბანკს" შორის გაფორმებულ ხელშეკრულებას ვადა 2022 წელს გასდის. როგორც ცნობილია, მთავრობა ახალი ტენდერისთვის საჭირო ტექნიკური პირობების შედგენის პროცესში ჩაერთო, კერძოდ, სპეციალური უწყებათშორისი კომისია შექმნა, რომელმაც პირველი სხდომა აგვისტოში გამართა და სადაც ყურადღება სახელმწიფო პენსიის, კომპენსაციის, სოციალური პაკეტების, საარსებო თუ სხვა სახის შემწეობების დარიგების მიზნით საბანკო მომსახურების პირობების განსაზღვრაზე გამახვილდა.

Bm.ge დაინტერესდა, რა სიახლეებია ამ საკითხთან დაკავშირებით და როდის გახდება საჯარო ახალი სატენდერო პირობები, რადგან პერიოდულად კეთდება განცხადებები იმის თაობაზე, რომ განსაკუთრებით ე.წ. „საპენსიო სესხების“ თემა გამჭვირვალედ უნდა წარიმართოს.

უწყებათშორისი კომისიის თავმჯდომარე ლევან დავითაშვილი ირწმუნება, რომ კომისიაში, რომელშიც პარლამენტის წევრები და მთავრობის წარმომადგენლები შედიან, დიალოგი გახსნილია, რათა მოსახლეობის ყველაზე მგრძნობიარე ფენას პენსიის დისტრიბუციის და ასევე, ე.წ. "საპენსიო სესხების" გაცემის ნაწილში მაქსიმალურად კომფორტული პირობები შევთავაზოთ.

მისივე თქმით, პირველი სხდომის შემდეგ კონკრეტული დავალებები მიეცა ჯანდაცვის სამინისტროს, რომელმაც სატენდერო პირობების პროექტი მოამზადა და შემდეგი ეტაპი კომისიის წევრებს შორის ამ დოკუმენტის შეჯერებაა.

„ჩვენ გვესმის, რომ პენსიის დისტრიბუცია, ფაქტობრივად, უფასოდ ხდება, მაგრამ დაკრედიტების მაღალ საპროცენტო განაკვეთზე იყო საუბარი და, ძირითადად, ამ ნაწილში იყო უკმაყოფილება.

გვინდა აქ მეტი გარკვეულობა შემოვიტანოთ... მეტად იყოს გახსნილი. შესაბამისად, სახელმწიფო გააკეთებს მაქსიმუმს, რაც შესაძლებელია. ეს გულისხმობს იმას, რომ ყველა ფინანსური ინსტიტუტისთვის ამ პროცესში მონაწილეობა იქნება გამჭვირვალე, მზადყოფნა არსებობს დღევანდელი ოპერატორის <ლიბერთი ბანკის> მხრიდან, რომ ახალ კონკურსში ახალი პირობებით მიიღოს მონაწილეობა.

თუ მასზე უკეთეს პირობებს სხვა ბანკები შემოგვთავაზებენ, სახელმწიფოს მხრიდან გადაწყვეტილება იქნება შესაბამისი.

ასევე, სხვადასხვა მოდელს განვიხილავთ თუ საჭიროა სახელმწიფოს ჩარევა იმისთვის, რომ პენსიების განაწილება იყოს მაქსიმალურად იაფი და ეფექტიანი.

დღეისათვის პენსიების გაცემა უფასოა სახელმწიფოსთვის და ხარჯი ამ ნაწილში არ არის პენსიონერების მხრიდან და საკმაოდ დიდი მოცვა აქვს, მაგრამ თუ უკეთეს პირობებს დავინახავთ, რა თქმა უნდა, ამას გადავწყვეტთ“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა bm.ge-თან.

ცნობისთვის: ახალი სატენდერო პირობების პროექტი, ჯერჯერობით, საჯარო არაა.

შეგახსენებთ: საქართველოს მთავრობა ხანდაზმული მოსახლეობის საპენსიო უზრუნველყოფას “ლიბერთი ბანკთან” არსებული ხელშეკრულების მეშვეობით ახორციელებს. “ლიბერთი” ამ ექსკლუზიურ უფლებას ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ტენდერებში გამარჯვების შედეგად ფლობს. მნიშვნელოვანია გარემოება, რომ “ლიბერთი ბანკის” გარდა, ამ ტენდერში სხვა არცერთი კომერციული ბანკი არ მონაწილეობდა. ბოლო რამდენიმე თვეა ბანკის მისამართით როგორც ოპოზიციური, ასევე მმართველი პარტიის მხრიდან კრიტიკა მზარდია, რაც ე.წ. “საპენსიო სესხების” საპროცენტო განაკვეთებს უკავშირდება.