მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სხვისი ქონების დაუფლებისთვის ბანკის ყოფილი და მოქმედი თანამშრომლები დააკავეს

5e2b06fe8ab26
BM.GE
24.01.20 19:05
1212
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ერთ-ერთი საბანკო დაწესებულების მომართვის საფუძველზე, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით სხვისი ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე, ერთ-ერთი საბანკო დაწესებულების ოთხი ყოფილი თანამშრომელი და ერთი მოქალაქე დააკავეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებს, სამსახურებრივი უფლებამოსილებიდან გამომდინარე, ხელი მიუწვდებოდათ დევნილთა შემწეობისა და სახელმწიფო პენსიის მიმღებ პირთა საბანკო ანგარიშებზე.

უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, მათ მოიძიეს, აღნიშნული კატეგორიის მოქალაქეთა ანგარიშები, რომლებზეც ნაშთის სახით განთავსებული იყო გარკვეული ფულადი თანხები, საერთო ჯამში - 71 972 ლარის ოდენობით, რაც სხვადასხვა მანიპულაციების მეშვეობით, მათთვის სასურველ ანგარიშზე გადარიცხეს და შემდგომ გაანაღდეს“, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს, თავისუფლების აღკვეთას 7-დან 10 წლამდე ვადით. ამასთან, როგორც საგამოძიებო სამსახურში განმარტავენ, აღნიშნული დანაშაულის ჩადენაში შემჩნეული სხვა პირების მხილების მიზნით შესაბამისი ღონისძიებები ტარდება.