06.დეკემბერი .2022 15:12

ტაივანური TSMC აშშ-ში $40 მილიარდის ნახევარგამტარების ქარხანას ააშენებს

ტაივანური TSMC აშშ-ში $40 მილიარდის ნახევარგამტარების ქარხანას ააშენებს
views 824
უკან

ტაივანური ტექნოლოგიური გიგანტი TSMC აშშ-ის ისტორიაში ერთ-ერთ უმსხვილეს პირდაპირ უცხოურ ინვესტიციას ახორციელებს, რომლის ფარგლებში არიზონას შტატში ჩიპებისა და ნახევარგამტარების ქარხნები აშენდება, ინვესტიციის მოცულობა კი 40 მილიარდ დოლარს შეადგენს.

TSMC-ის მიერ აშშ-ში ინვესტირების გადაწყვეტილება პირდაპირ კავშირშია ჩინეთი-ტაივანის გეოპოლიტიკური ურთიერთობების დაძაბვასთან, რაც კომპანიისთვის უდიდეს რისკებს აჩენს, ამიტომაც TSMC იძულებული ხდება, რომ წარმოების დივერსიფიკაციის სტრატეგიაზე გადაერთოს და ქარხნები სხვა ქვეყნებში გადაიტანოს.

ინვესტირებისთვის აშშ-ის არჩევა პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ გატარებული პოლიტიკითა და კონგრესის მიერ დამტკიცებული "ჩიპების კანონმდებლობითაა" განპირობებული, რაც ნახევარგამტარების სფეროში წარმოდგენილი კომპანიებისთვის საგადასახადო შეღავათებს, სუბსიდიებს და სახელმწიფო დახმარების პროგრამებს ითვალისწინებს.

TSMC ნახევარგამტარებისა და ჩიპების წარმოების სექტორში ყველაზე მნიშვნელოვანი კომპანიაა, ის გლობალური ბაზრის თითქმის 60%-ს აკონტროლებს, რაც ტაივანურ ტექნოლოგიურ გიგანტს უდიდეს ეკონომიკურ და გეოპოლიტიკურ ძალაუფლებას ანიჭებს.

ყოველდღიურ ცხოვრებაში ნახევარგამტარების კოლოსალური მნიშვნელობის შესახებ ფართო საზოგადოებამ 2020 წელს, პანდემიის დადგომისთანავე შეიტყო. ლოკდაუნებით გამოწვეულმა ჩიპებისა და ნახევარგამტარების დეფიციტმა მსოფლიოს მასშტაბით მიწოდების ჯაჭვებისა და საწარმოო პროცესების შეფერხება გამოიწვია, ზოგიერთი მაღალტექნოლოგიური ინდუსტრია კი სრულად პარალიზებული აღმოჩნდა.

ნახევარგამტარების გარეშე პრაქტიკულად შეუძლებელია ელექტრონული და მექანიკური მოწყობილობებისა თუ ტექნიკის წარმოება, ეს შეზღუდვა კი არამარტო სამოქალაქო, არამედ სამხედრო სექტორსაც მოიცავს. ნახევარგამტარების გარეშე იმდენად შეუძლებელია iPhone-ისა და ტელევიზორების წარმოება, რამდენადაც Lockheed Martin F35-ის.

ზემოხსენებული ფაქტორებიდან გამომდინარე, ცხადია, ნახევარგამტარებს უდიდესი გეოპოლიტიკური, ეკონომიკური და სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს და თამამად შეგვიძლია, რომ აღნიშნული რესურსი გაზსა და ნავთობსაც კი შევადაროთ, თუმცა წიაღისეული საწვავებისგან განსხვავებით, ნახევარგამტარების ჩანაცვლება ალტერნატიული წყაროებით უბრალოდ შეუძლებელია.

TSMC-ის კოლოსალური მნიშვნელობა მხოლოდ მის საწარმოო შესაძლებლობებში არ გამოიხატება, ეს 1987 წელს დაფუძნებული კომპანია ამჟამად მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული კომპანიების რეიტინგში მე-12 ადგილს იკავებს, მისი საბაზრო კაპიტალიზაცია კი 423 მილიარდ დოლარს შეადგენს. გარდა ამისა, TSMC-ის წარმოებაზე პირდაპირაა დამოკიდებული ისეთი მსხვილი კომპანიები, როგორებიცაა: Apple, Qualcomm, AMD, MediaTek, Nvidia, Sony, Broadcom, Intel და Marvell Tech.

აღსანიშნავია, რომ გასულ თვეს ლეგენდარული უორენ ბაფეტის საინვესტიციო ჰოლდინგმა, Berkshire Hathaway-მ TSMC-ში $4.1 მილიარდის ინვესტირების გადაწყვეტილება მიიღო, რაც მკაფიო სიგნალია იმისა, რომ ბაფეტს ტაივანური ტექნოლოგიური გიგანტის სამომავლო სტრატეგიის სჯერა.


"საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.