მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თამარ ჩუგოშვილი და დეპუტატების ნაწილი საპარლამენტო უმრავლესობას და თანამდებობას ტოვებენ

5dcd22b804ec1
დავით ჯალაღონია
14.11.19 13:46
5544
პარლამენტის ვიცე–სპიკერის თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, მან და კიდევ რამდენიმე დეპუტატმა საპარლამენტო თანამდებობებისა და უმრავლესობის დატოვების შესახებ გადაწყვეტილება მიიღეს. ამის შესახებ თამარ ჩუგოშვილმა რამდენიმე წუთის წინ განაცხადა. აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზი პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასასვლელად მმართველი გუნდის მიერ მომზადებული კანონპროექტის ჩავარდნაა.

"სამწუხაროდ, შედეგი დადგა. არ აქვს მნიშვნელობა, რამ გამოიწვია საკონსტიტუციო ცვლილებების ჩავარდნა. ჩვენ არ გვრჩება სხვა გზა, გარდა იმისა, რომ დავტოვოთ, როგორც საპარლამენტო თანამდებობები, ასევე საპარლამენტო უმრავლესობა. საკონსტიტუციო ცვლილებების ჩავარდნის საკითხი არის მძიმე საკითხი, რომელზეც მე და ჩემი კოლეგები პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ვერ ავიღებთ. დღეს იყო მძიმე უმრავლესობის სხდომა, ნებისმიერი შედეგი, როგორიც არ უნდა დამდგარიყო, დასრულდებოდა პარტიის დანაკარით", - განაცხადა ჩუგოშვილმა.

ამ განცხადების გაკეთების დროს ჩუგოშვილთან ერთად დეპუტატები: დიმიტრი ცქიტიშვილი, ირინა ფრუიძე, თამარ ხულორდავა, სოფო ქაცარავა, ზაზა ხუციშვილი და გიორგი მოსიძე იყვნენ.

გარდა ამისა, თამარ ჩუგოშვილმა აღნიშნა, რომ ის პარტია "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს წევრი და საერთაშორისო მდივანია და მისი დღევანდელი განცხადების შემდეგ, მას პარტიული თანამდებობების დატოვებაც მოუწევს. 

პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასასვლელად მმართველი გუნდის მიერ მომზადებულმა კანონპროექტმა დასამტკიცებლად პარლამენტში საკმარისი ხმა ვერ მოაგროვა. დოკუმენტი 101 ხმით 3–ის წინააღმდეგ ჩავარდა. კანონპროექტის პირველი მოსმენით დამტკიცებას 113 დეპუტატის ხმა სჭირდებოდა.

კანონპროექტის კენჭისყრისთვის რეგისტრაცია 141 დეპუტატმა გაიარა. 

შეგახსენებთ, რომ 20-21 ივნისის საპროტესტო აქციების შემდეგ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ 2020 წელს საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით გაიმართება, ნაცვლად 2024 წლისა. ამ ცვლილებასთან დაკავშირებით მომზადებული კანონპროექტის განხილვისას კი „ქართული ოცნების“ დეპუტატების ნაწილმა განაცხადა, რომ მათ ივანიშვილის ამ დაპირების შესრულება გადაიფიქრეს. კანონპროექტის კენჭისყრა პარლამებტში ორჯერ გადაიდო.