მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თამარ გაბუნია WHO-ს ავტორიზაციამდე „სინოვაკით“ ვაქცინაციის დაწყებას არ გამორიცხავს

609272fc8f8ff
ვიქტორია მღებრიშვილი
05.05.21 14:41
519
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაციამდე „სინოვაკით“ ვაქცინაციის დაწყებას არ გამორიცხავს და აღნიშნავს, რომ "შესაძლოა, ჯანმოს ავტორიზაციამ ამ პროცესს მოუსწროს". ამის შესახებ მან დღე უწყებაში გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისი თქმით, ჯანმოს შუალედური დასკვნა „სინოვაკის“ ვაქცინის მიმართ დადებითია და ამ ვაქცინით აცრის ადრეულ დაწყებას ვაქცინაციის საბჭო უახლოეს დღეებში განიხილავს.

„თავიდანვე „სინოვაკთან“ მიმართებით გვქონდა მოლაპარაკება მის მომწოდებელთან და ექსპერტთა ჯგუფებთან, რომ "სინოვაკთან"დაკავშირებით ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაცია ჩვენთვის გამშვები მექანიზმი იქნებოდა. ყველაფერი დამოკიდებულია იმ ვადებზე, რომელიც ჯანმოს "სინოვაკისთვის" ავტორიზაციის მისაცემად დასჭირდება.

შესაძლოა, ჩვენ ამ გადაწყვეტილების რევიზია მოგვიხდეს და დამატებითი მექანიზმის შემოტანა, რომ „სინოვაკის“ გამოყენებაც დროულად შევძლოთ, რადგან ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ უკვე გამოაქვეყნა საკმაოდ დადებითი შუალედური დასკვნა და მონაცემები ცალსახად მის სარგებელზე მიუთითებს. მიმდინარე ეპიდემიოლოგიური რისკებიდან გამომდინარე, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ვაქცინაციის მოცვა იყოს სწრაფი და ფართო. მომდევნო დღეებში ვაქცინაციის საბჭო „სინოვაკის“ საკითხს დაუბრუნდება და როგორც კი „სინოფარმით“ ვაქცინაცია დასასრულს მიუახლოვდება, შეიძლება „სინოვაკით“ ადრეული ვაქცინაციის საკითხიც დადგეს. ასევე გასათვალისწინებელია, რომ ჯანმო ბოლო პერიოდში აქტიურად განიხილავს ორივე ვაქცინის ავტორიზაციის საკითხს და შესაძლოა, ამანაც მოუსწროს „სინოვაკს“, ვიდრე მას გამოვიყენებთ“, - განმარტა გაბუნიამ.