18.დეკემბერი .2019 22:45

თამარ მეფის ხიდის პანდუსზე მოძრაობა რამდენიმე დღეში აღდგება

views 558
უკან

თამარ მეფის ხიდის პანდუსის რეაბილიტაცია რამდენიმე დღეში დასრულდება, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„რამდენიმე თვეა მიმდინარეობს თამარ მეფის ხიდის პანდუსის რეაბილიტაცია, რაც კოჭების შეცვლას, ბურჯების თავების რეაბილიტაციას, სავალი ნაწილისა და ტროტუარის მოწყობას, საყრდენი კედლის მშენებლობას, მოაჯირების შეცვლას, თვალამრიდის, ახალი გარე განათების ქსელის მოწყობას ითვალისწინებს. ამჟამად, სამუშაოების ბოლო ეტაპი მიმდინარეობს - საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა და რამდენიმე დღეში მთლიანად დასრულებული იქნება. პროექტის ღირებულება ორ მილიონ ლარს შეადგენს. რამდენიმე დღეში ავტომობილებით გადაადგილება უკვე შესაძლებელი იქნება“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

კახა კალაძის თქმით, აღნიშნული პანდუსი ავარიულ მდგომარეობაში იყო და მისი რეაბილიტაცია საჭიროებიდან გამომდინარე მოხდა.

„თამარ მეფის ხიდის პანდუსი ყველანაირად განახლებული და მოწესრიგებულია და რამდენიმე ათეულ წელს გაუძლებს“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

თამარ მეფის ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები კომპანია „კონსტრაქშენ სერვისმა“ აწარმოა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა