მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თამაზ დაუშვილი ინვესტიციების 42%-იან შემცირებაზე: საგანგაშო ინფორმაციაა...

5edfb42888af7
სალომე მეცხვარიშვილი
10.06.20 09:40
1258
საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2020 წლის I კვარტალში 165.4 მლნ. დოლარი შეადგინა, რაც 2019 წლის მაჩვენებელზე 41.7 პროცენტით ნაკლებია. ინფორმაცია საქსტატმა გამოაქვეყნა. საქსტატი ძირითად მიზეზად მაგისტრალური გაზსადენის პროექტის დასრულებას ასახელებს, ასევე საუბარია, რომ რამდენიმე საწარმო გადავიდა საქართველოს რეზიდენტის საკუთრებაში. ცენტრალური ხელისუფლება კი ძირითად მიზეზად Covid 19-ის პანდემიას განიხილავს.

კომპანია “დიოს” თანამდანფუძნებელი ამბობს, რომ მაჩვენებლები საგანგაშოა, FDI-ის შემცირების ტენდენცია კი ჯერ კიდევ 2019 წლიდან დაიწყო, ამიტომ ეს მხოლოდ კორონავირუსის ბრალი ვერ იქნება.

“პირველ კვარტალში კორონავირუსის პანდემია არ იყო ისეთი გავრცელებული. ვფიქრობ, მაინც მიზეზი უნდა იყოს ტენდენცია, რომელიც 2019 წელს დაფიქსირდა, როცა შეინიშნებოდა უცხოური ინვესტიციების კლება. იყო საუბარი, რომ BP-ის პროექტი დასრულდა. ვფიქრობ, მთავრობას მეტი ყურადღება უნდა მიექცია.

ეს ნიშანი, რომ ქვეყანაში ინვესტიციები მცირდება, მომავალში იწვევს კიდევ უფრო მეტ შემცირებას, რადგან პოტენციური ინვესტორები სვამენ შეკითხვას - რა ხდება ამ ქვეყანაში, სადაც ადრე ინვესტიციები უფრო მეტი იყო, ხომ არ იყო უფრო მიმზიდველი გარემო ადრე და ხომ არ შეიცვალა ახლა? ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაციაა, რაც დღეს გაჟღერდა... საგანგაშო ინფორმაციაა და ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ ეს მდგომარეობა შეიცვალოს”,- აცხადებს თამად დაუშვილი.

მისი თქმით, საქართველოს დიდი პოტენციალი აქვს და თუ ინტენსიურად მოხდება ინვესტორებთან მუშაობა და საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესება, ინვესტორების მოზიდვა სავსებით რეალისტურია.

ბიზნესმენი ერთ-ერთ უდიდეს პრობლემად ბიუროკრატიას ასახელებს და აცხადებს, რომ მთავრობამ უნდა შეძლოს და ბიზნესმენებს ერთი ფანჯრის პრინციპით მომსახურება შესთავაზოს, რაც არაერთხელ დაანონსდა კიდეც.

“აუცილებელი არ არის შენობა არსებობდეს, მნიშვნელოვანია სერვისის არსებობა, რომ ინვესტორმა მიიღოს მომსახურება ერთი ფანჯრის პრინციპით. მას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, რომ იყიდოს მიწა, მშენებლობის ნებართვა მიიღოს მოკლე დროში და ეს ყველაფერი მიიღოს ერთ სივრცეში. თუკი ამას შეძლებს ჩვენი ხელისუფლება, რომ შექმნას ასეთი ტიპის ინსტიტუტუცია, არ მოუწევს ინვესტორს სხვადასხვა უწყებებში სიარული, დაჩქარდება პროექტები. ქვეყანა გახდება კონკურენტუნარიანი გლობალურ ბაზარზე”,- აღნიშნავს თამაზ დაუშვილი.

მისივე თქმით, ასევე ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა, საქართველოში არსებული არასტაბილური პოლიტიკური გარემო.

“შეიძლება იყოს ტექნიკური პრობლემები, მაგალითად ერთი ფანჯრის პრინციპით მომსახურების ცენტრის არარსებობა, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანია არასტაბილური პოლიტიკური გარემო. არის რყსეთის ფაქტორიც, მაგრამ როცა ამას ემატება არსტაბილური გარემო, ეს უფრო ზრდის ეჭვებს საქართთველოს საინვესტიციო გარემოს მიმართ. ამას ებმის სამართლებრივი საკითხები, განათლების სისტემის საკითხი, პროფესიონალი მუშახელის დეფიციტი და ა.შ. ეს ყველაფერი ერთად აღებული უნდა მოგვარდეს ძალიან სწრაფად”,- აცხადებს ბიზნესმენი.