მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თამაზ დაუშვილი მთავრობას: თუ თვლით, ამ ყველაფერს რა ეკონომიკური უკუშედეგი მოყვება?

5ea01b01e3ad8
ვიქტორია მღებრიშვილი
22.04.20 14:29
1764
კომპანია "დიოს" აღმასრულებელი დირექტორი თამაზ დაუშვილი სოციალურ ქსელში მთავრობის მიერ გადაადგილებაზე დაწესებულ შეზღუდვებს ეხმიანება და აცხადებს, რომ საყოველთაო კარანტინის ფონზე ეკონომიკური მიმართულების ნეგატიური ეფექტი იმდენად დიდია, რომ შეიძლება გადაფაროს ის მდგომარეობა, რაც ჯანდაცვის მიმართულებით არის ქვეყანაში.

თამაზ დაუშვილი აღნიშნავს, რომ ბიზნესაქტივობის შეჩერება ეკონომიკურ უკუშედეგებს მოუტანს ქვეყანას. BM.GE "დიოს" აღმასრულებელი დირექტორის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

"მთელი ქვეყანა დაკარანტინდა, ეკონომიკა გაჩერდა, ადამიანები შემოსავლის გარეშე დარჩნენ და კიდევ ხმა გაისმა, რომ სრულ კარანტინამდე ერთი ნაბიჯიღა დარჩაო. ამ ყველაფერს იმით ხსნიან, რომ ვირუსის გავრცელების აფეთქება არ მოხდეს და თავიდან ავირიდოთ ჰოსპიტალური სექტორის გადატვირთვა. ბატონებო, ასე ყველაფერი თუ დავხურეთ, ხალხი თუ სახლებში გამოვკეტეთ, რაღაც შედეგამდე კი მივალთ, მაგრამ იმას თუ თვლით, ამ ყველაფერს რა ეკონომიკური უკუშედეგი მოყვება? ეს ეპიდემიასთან ბრძოლის საბჭოთა ტრადიციის გაგრძელებას უფრო ჰგავს, ვიდრე 21-ე საუკუნის წარმატებული ქვეყნის რეაქციას. ეს მიდგომა ეფუძნება შემდეგ ცნობილ პრინციპს: მიზანი ამართლებს საშუალებას.

ძალიან გულდასაწყვეტია, ბევრი მაჩვენებლით მოწინავე პოზიციებზე მყოფი საქართველო, აქ ვერაფრით დაიკვეხნის. დიახ, ჩვენ უნდა გვქონდეს პრეტენზია საუკეთესო შედეგზე როგორც სამედიცინო, ისე ეკონომიკური კუთხით. სწორედ ამ ორი მდგენელის მიხედვით უნდა ვაფასებდეთ და მომავალშიც ასე უნდა შევაფასოთ მთავრობის მუშაობის ეფექტურობა. ჯერჯერობით, ეკონომიკური მიმართულების ნეგატიური ეფექტი იმდენად დიდია, რომ შესაძლებელია სრულიად გადაფაროს პირველის შედარებით უკეთესი მაჩვენებელი", - წერს თამაზ დაუშვილი.