მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თამაზ დაუშვილი: რთული საყურებელი იყო იმ ძალადობის წაქეზება, რაც 5 ივლისს ხდებოდა

60ec108da149d
ლიკა გურაბანიძე
12.07.21 14:05
1213
„ძალიან რთული საყურებელი იყო იმ ძალადობის წაქეზება, რაც 5 ივლისს ხდებოდა”, - ასე ეხმაურება ბიზნესმენი, “დიოს” მმართველი პარტნიორი თამაზ დაუშვილი 5 ივლისს განვითარებულ მოვლენებს გადაცემა “საქმიან დილაში”.

როგორც მან განმარტა, შეუძლებელია, ბიზნესის განვითარება და კეთილდღეობა, ადამიანის უფლებების ფუნდამენტური ღირებულების გარეშე წარმოვიდგინოთ. დაუშვილის თქმითვე, ასეთ პირობებში ქვეყანაში საინვესტიციო გარემოს განვითარება უფრო გართულდება.

„ადამიანები ბრბოდ გადაიქცნენ და პრაქტიკულად რომ დასცლოდათ, მეტ დაშავებულს მივიღებდით. ამას მთელი მსოფლიო უყურებს და ამას მათ შორის ინვესტორებიც უყურებენ. რა თქმა უნდა, ეს ქვეყნის საინვესტიციო კლიმატზე დამატებით იმოქმედებს, გააუარესებს და უკვე რომ გააუარესა, ამას ჩვენ მომდევნო თვეებში ვნახავთ. ამიტომ ასეთ თემასთან თამაში და საუბარი ხელისუფლების, პრემიერის მხრიდან, ძალიან არასერიოზული და უპასუხისმგებლოა. ეს მხოლოდ წაქეზებას იწვევს და ხვალ ჩვენ ძალადობას სხვა ადგილებში ვნახავთ, რაც მიუღებელი და დაუშვებელია.

ნუ წარმოვიდგენთ იმას, რომ თუ ჩვენ დღეს ამას გულთან ახლოს არ მივიტანთ, ხვალ იგივე არ დაგვემართება. თითოეული ადამიანის ქმედებას, მას რისი თქმა სურს, რას ჩაიცვამს, როგორი დღის წესრიგით იცხოვრებს, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, თუ ჩვენ ყველა ერთად როგორც საზოგადოება არ შევდექით.

სამწუხაროა, რომ ჩვენ ისევ საინვესტიციო გარემოზე საუბარი გვიწევს და ის, რაც ამ გარემოს აფუჭებს, ეს პოლიტიკური გაურკვევლობაა. მთავარი ამოცანა ისევ არის ის, რომ ინვესტიციებისთვის პირობები შეიქმნას, რომლებიც განსაკუთრებულად გამორჩეული იქნება“, - განაცხადა დაუშვილმა.

გადაცემაში სტუმრობისას დაუშვილმა ვაქცინაციაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ყველა ცივილიზებული მეთოდი უნდა იყოს გამოყენებული, რათა მოსახლეობის რაც შეიძლება მეტი ნაწილი აიცრას.

"კარგია ინფორმაცია და ოპტიმიზმი, რომ მორიგი „ლოქდაუნი“ არ იქნება და ვაქცინაცია უფრო დაჩქარდება. ამ ოპტიმიზმის ჩვენ უნდა დავიჯეროთ. ამ დრომდე ვაქცინაციის პროცესი იმ ტემპით არ მიმდინარეობდა, რა ტემპითაც უნდა ყოფილიყო. ჩვენ მოსახლეობის მასობრივ აცრას უნდა მივაღწიოთ. ყველა იმ ადამიანს პასუხი უნდა მოეთხოვოს, ვინც პანდემიის მართვასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს“, - აღნიშნა დაუშვილმა.