მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თამაზ გიორგაძის Raisin-მა €60 მილიონი მოიზიდა - ინვესტორებს შორისაა Goldman Sachs-ი

641c171dbc620
გიორგი არონია
23.03.23 13:16
1729

ქართველი ანტრეპრენიორის, თამაზ გიორგაძის მიერ გერმანიაში დაფუძნებულმა ფინტექ-კომპანია Raisin-მა €60 მილიონის მოცულობის ინვესტიცია მოიზიდა, - ამის შესახებ ინფორმაციას თავად კომპანია ავრცელებს. Raisin-ის ახალ ინვესტორებს შორის ვხვდებით, როგორც ბრიტანულ საინვესტიციო კომპანია M&G Investments-ს, ასევე ერთ-ერთ უმსხვილეს ამერიკულ ბანკს, Goldman Sachs-ს, რომელსაც Raisin-ში ინვესტიცია ამ დრომდეც ჰქონდა განხორციელებული.

“აღნიშნული ინვესტიცია კომპანიის განვითარების ეტაპზე მოხდა: ცოტა ხნის წინ, Raisin-ის მომხმარებელთა რაოდენობამ ერთ მილიონს გადააჭარბა, რომელთათვისაც, ჩვენი დაფუძნების დღიდან, ანუ 2012 წლიდან, €850 მილიონის მოცულობის საპროცენტო სარგებელი დავაგენერირეთ. ნახევარი წელია, რაც მოგებაზე ვმუშაობთ და საერთო ჯამში, გლობალურად, ჩვენი მომხმარებლების €38 მილიარდის მოცულობის აქტივებს ვმართავთ. მხოლოდ გასულ ექვს თვეში, მართვის ქვეშ არსებული აქტივების მოცულობა 30%-ით გაიზარდა!”, - ვკითხულობთ კომპანიის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.

ახალი ინვესტიციით, Raisin-ი საკუთარი მომხმარებლების რაოდენობის გაზრდას და კომპანიის ამერიკის შეერთებული შტატების ბაზარზე გაფართოების პროცესის დაჩქარებას გეგმავს. შეგახსენებთ, რომ აშშ-ს ბაზარზე თამაზ გიორგაძის კომპანია ჯერ კიდევ 2020 წელს შევიდა, სადაც დღეს, $1 მილიარდზე მეტი მოცულობის აქტივებს მართავს.

ცნობისთვის: Raisin-ი საერთაშორისო ფინანსურ-ტექნოლოგიური პლატფორმაა, რომელიც დეპოზიტარებს მათთვის სასურველი ბანკების პოვნას უმარტივებს. Raisin-ი ჯერ კიდევ 2012 წელს დაფუძნდა, გერმანიაში - კომპანიის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი ხელმძღვანელი ქართველი ანტრეპრენიორი თამაზ გიორგაძეა.