მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"თამბაქოს კონტროლის შესახებ" კანონში ცვლილებების კენჭისყრა ჯანდაცვის კომიტეტზე გადაიდო

5ec289b6ae316
ინგა მურუსიძე
18.05.20 17:24
974
“თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების პროექტის კენჭისყრა ჯანდაცვის კომიტეტზე გადაიდო.

კანონპროექტის განხილვას კომიტეტის სხდომაზე უკმაყოფილება მოჰყვა როგორც - ოპოზიციის, ისე უმრავლესობის დეპუტატების, მათ შორის გუგული მაღრაძის და ლადო კახაძის მხრიდან. ისინი კანონპროექტის მხარდაჭერას არ აპირებენ.

თავის მხრივ, ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან კობერიძე გამოვიდა ინიციატივით, რომ კანონპროექტი ინიციატორს უკან გაეწვია, მაგრამ ინიციატორი, "ოცნების" მაჟორიტარი გოგა გულორდავა პარლამენტიდან კანონპროექტის გაწვევას არ გეგმავს.

კომიტეტის თავმჯდომარის დიმიტრი ხუნდაძის თქმით, კანონპროექტთან დაკავშირებით კომიტეტი ჯანდაცვის მხარეს იქნება, თუმცა ევროდირექტივა და ეკონომიკური სარგებელი გასათვალისწინებელია. ხუნდაძის მოსაზრება იყო, რომ კომიტეტს მხარი დაეჭირა კანონპროექტისთვის და შენიშვნის სახით დაეფიქსირებინა, რომ ევროდირექტივის თანახმად, კომიტეტისთვის მისაღებია მინიმუმ 30-გრამიანი შეფუთვა.

დეპუტატების წინააღმდეგობის შემდეგ, კომიტეტმა საკითხის განხილვის და კენჭისყრის გადადების გადაწყვეტილება მიიღო.

განმარტებისთვის: კანონპროექტი, რომელიც თამბაქოს ნაწარმის მიწოდების 15-გრამიან შეფუთვებში დაშვებას გულისხმობს, ჯანდაცვის კომიტეტმა პირველი მოსმენით უკვე მიიღო.  როგორც კანონპროექტის განმარტებით ბარათში წერია, კანონპროქტის მიზანია, თამბაქოს ნაწარმის მიწოდების პირობების დაზუსტება, კერძოდ კანონპროექტის მიხედვით, თამბაქოს ნაწარმის 50 ან 100 გრამიან პირველად საფუთავებში მიწოდებისა, დასაშვები ხდება თამბაქოს ნაწარმის მიწოდება 15 გრამიან საფუთავებშიც.

„თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით დღესდღეისობით არსებობს თამბაქოს ნაწარმის მიწოდება 50 ან 100 გრამიან პირველად საფუთავებში, ხოლო კანონპროექტის მიღების შემდგომ შესაძლებელი გახდება ზემოაღნიშნული პროდუქტის მიწოდება უკვე 15 გრამიან საფუთავებშიც.

კანონპროექტის ინიციატორები საქართველოს პარლამენტის წევრები გოგა გულორდავა და გურამ მაჭარაშვილი არიან. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მიიჩნევს, რომ ცვლილება, რომელიც თამბაქოს ნაწარმის მიწოდების 15-გრამიან შეფუთვებში დაშვებას გულისხმობს, არასრულწლოვნებისთვის თამბაქოს მეტად ხელმისაწვდომს გახდის.