მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თამბაქოს კვამლისგან თავისუფალი მომავალი - იაპონიის მაგალითი

6256d984cafdb
BM.GE
13.04.22 14:20
623

ისტორიის განმავლობაში, იაპონია თამბაქოს მოხმარების ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებლით გამოირჩეოდა. 1996 წელს ქვეყანაში მამაკაცების 57.5%, ხოლო ქალების 14.2% მოიხმარდა თამბაქოს.

თუმცა, დღეს ეს მაჩვენებელი მამაკაცებში 30.1-მდე შემცირდა. უფრო მეტიც, ბოლო წლების განმავლობაში იაპონია სიგარეტის მომხმარებელთა რაოდენობის კლების მაღალი მაჩვენებლით გამოირჩევა და ყოველწლიურად თითქმის 10 პროცენტული ერთეულით მცირდება.

საინტერესოა, რამ გამოიწვია ეს ცვლილება?

2003 წლიდან იაპონიაში ამოქმედდა თამბაქოს შეფუთვაზე გამაფრთხილებელი პიქტოგრამების დატანის ვალდებულება. 2004 წლიდან ქვეყანაში აიკრძალა თამბაქოს რეკლამირება, 2005 წელს იაპონიაში ამოქმედდა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის თამბაქოს კონტროლის ჩარჩო-კონვენცია, 2010 წლიდან კი მოწევა აიკრძალა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, ტრანსპორტსა და შენობებში.

ერთი შეხედვით, დაწესებული რეგულაციები შედეგის მომტანი იყო, თუმცა - არასაკმარისად. 2011-2015 წლებში ტრადიციული სიგარეტის მომხმარებელთა რაოდენობა ყოველწლიურად 2%-ით იკლებდა. რაც, არც თუ ისე სახარბიელო კლების მაჩვენებელია.

თუმცა, 2014 წლის შემდეგ ყველაფერი შეიცვალა. 2014 წლიდან 2018 წლამდე იაპონიაში ტრადიციული სიგარეტის მომხმარებელთა რაოდენობამ ყოველწლიურად 9.5%-ით დაიწყო შემცირება. თუმცა, ამ პერიოდში რეგულაციებში მნიშვნელოვანი ცვლილება არ განხორციელებულა. აღნიშნული ცვლილების მთავარ მიზეზს ბაზარზე თამბაქოს უკვამლო მოწყობილობების გამოჩენა წარმოადგენდა.

დღეს იაპონიაში თამბაქოს გასახურებელი მოწყობილობების მომხმარებელთა რაოდენობა 3.1 მილიონს, ელექტრონული სიგარეტების კი 4 მილიონს აჭარბებს. რაც პირდაპირპროპორციულად აისახება ტრადიციული სიგარეტის მომხმარებელთა რაოდენობის კლებაზე.

საქართველოს გამოცდილება, ანუ სად ვართ ჩვენ?

იაპონიის მსგავსად, საქართველოში თამბაქოს მოხმარება მნიშვნელოვანი გამოწვევაა. უფრო მეტიც, ევროპის რეგიონში, საქართველო თამბაქოს მომხმარებელთა ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებლით გამოირჩევა.

მოწევასთან დაკავშირებული ზიანის შემცირების მიზნით კი წლების განმავლობაში მთავრობა არაერთ საკანონმდებლო ინიციატივას ატარებს.

საქართველოში 2006 წლიდან ძალაში შევიდა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის თამბაქოს კონტროლის ჩარჩო-კონვენცია, 2018 წლიდან ამოქმედდა ევროპის რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი რეგულაციური სისტემა, სავალდებულო გახდა თამბაქოს შეფუთვაზე გამაფრთხილებელი პიქტოგრამების დატანა, ასევე, აიკრძალა თამბაქოს მოწევა დახურულ შენობებსა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში. 2023 წლიდან კი ქვეყანაში თამბაქოს სტანდარტიზებული შეფუთვის მოთხოვნა ამოქმედდება.

საინტერესოა, რომ აღნიშნული შეზღუდვების მიუხედავად, 2016-2020 წლებში საქართველოში მწეველთა რაოდენობა მხოლოდ დაახლოებით 3%-ით შემცირდა.

დაბალი კვლების მაჩვენებლის პარალელურად, საქართველოში თამბაქოს უკვამლო მოწყობილობების მომხმარებელთა რაოდენობაც დაბალია. ISET-ის მიერ 2021 წელს ჩატარებული კვლევის თანახმად, ზრდასრული მოსახლეობის მხოლოდ 3.5% მოიხმარს ელ. სიგარეტს, ხოლო 3.3%  - თამბაქოს გასახურებელი თამბაქოს მოწყობილობას.

როგორ შეუძლია საქართველოს მიაღწიოს თამბაქოს კვამლისგან თავისუფალ მომავალს?

იაპონიის წარმატების საიდუმლო მთავრობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებში იმალება. იაპონიის მთავრობა თამბაქოს უკვამლო მოწყობილობებს ზიანის შემცირების ინსტრუმენტად მიიჩნევს, შესაბამისად, ხელს უწყობს მწეველებს, თავი დაანებონ მოწევას და გადავიდნენ თამბაქოს ალტერნატიული პროდუქტების მოხმარებაზე.

იაპონიაში თამბაქოს უკვამლო მოწყობილობების მიმართ დიფერენცირებული რეგულაციებია დაწესებული. უფრო კონკრეტულად კი:  ტრადიციულ სიგარეტთან შედარებით, გასახურებელ თამბაქოზე დაბალი საგადასახადო ვალდებულება მოქმედებს.

უფრო მეტიც, ელექტრონული სიგარეტის ნიკოტინის შემცველი გასახურებელი სითხე ფარმაცევტულ პროდუქტად მიიჩნევა, თავად ელექტრონული სიგარეტი კი - სამედიცინო ინსტრუმენტად.

იაპონიის მთავრობისგან განსხვავებით, საქართველოს საკანონმდებლო და ჯანდაცვის ინსტიტუტები არ აღიარებენ თამბაქოს უკვამლო მოწყობილობების შესაძლო პოტენციურ სარგებელს. შესაბამისად, ელექტრონული სიგარეტები და თამბაქოს გასახურებელი მოწყობილობები ტრადიციული სიგარეტის მსგავსად რეგულირდება.

იაპონიის მაგალითი ნათლად აჩვენებს, რომ მხოლოდ გონივრული საკანონმდებლო ინიციატივების გატარების შედეგად გახდება შესაძლებელი თამბაქოს ზიანის შემცირება და თამბაქოს კვამლისგან თავისუფალი მომავლის განხორციელება.