მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თამბაქოს მოხმარების COVID-19-ზე გავლენის შესახებ საქართველოში კვლევა ჩატარდება

5ed370e82fe91
დავით ჯალაღონია
31.05.20 13:07
1030
თამბაქოს მოხმარების COVID-19-ზე გავლენის შესახებ საქართველოში კვლევა ჩატარდება - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ თამბაქოს დღესთან დაკავშირებით გამართულ Facebook live-ში საუბრისას განაცხადა.

გამყრელიძემ უპასუხა მოქალაქის კითხვას იმის შესახებ, არის თუ არა პირველადი კვლევის შედეგები, თუ რა გავლენას ახდენს კორონავირუსის მიმდინარეობაზე თამბაქოს მოხმარება და გვაქვს თუ არა ამ მხრივ რაიმე დაკვირვების შედეგები საქართველოში.

„ზოგადად, თამბაქოს მოხმარება დაავადების მიმდინარეობას ამძიმებს და ხშირად, სამწუხაროდ ფატალური შედეგია. საქართველოში ამ ეტაპზე არ გვაქვს მსგავსი კვლევა, მაგრამ ვაპირებთ ამ 783 ადამიანზე, ვისაც ჩვენთან დადასტურებული აქვს ინფექცია, რეტროსპექტულ კვლევას, რომელსაც ჩვენი არაგადამდები დეპარტამენტი, გადამდებ დეპარტამენტთან ერთად, სტატისტიკის სამსახურის ჩართულობით შეასრულებს და იმედი გვაქვს, ერთი თვის შემდეგ, ამ კვლევის პირველადი შედეგები გვექნება და მოგახსენებთ“, - განაცხადა გამყრელიძემ.

აქვე, ამირან გამყრელიძემ თამბაქოს კოვიდის მიმდინარეობაზე გავლენებთან დაკავშირებით საერთაშორისო კვლევებზე გაამახვილა ყურადღება. 

"რაც შეეხება თამბაქოსა და კოვიდს - ორივე, პირველ რიგში, სასუნთქ სისტემას აზიანებს და სასუნთქი სისტემის ქრონიკული დაავადებების გავრცელებას ხელს უწყობს. ერთის მხრივ, თამბაქოს ერთ-ერთი მოდების წერტილია ისეთი დაავადება, როგორიც არის ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება, რომელსაც დაახლოებით ყოველწლიურად 2-დან 3 მილიონამდე ადამიანის სიცოცხლე მიაქვს, გარდა, გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისა და სწორედ თამბაქოსა და კოვიდის შეუღლება, უკვე მრავალი კვლევით დადგნდა, რომ არის კოვიდის მეტად დამძიმების და უარესი გამოსავლის პირობა.

საფრანგეთში რამდენიმე კვლევა გამოქვეყნდა, თითქოს ნიკოტინს აქვს დამცველობითი უნარი კოვიდის ინფექციის საწინააღმდეგოდ, რაც მითი და ხრიკია, ეს არცერთი მტკიცებულებით არ დასტურდება და გთხოვთ, ამის შესახებ დისკუსიას მოეშვათ. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამთ, რომ თამბაქო პირიქით ამძიმებს კოვიდის ინფექციას, თამბაქოს მომხმარებლებს ადვილად უვითარდებათ სხვადასხვა გართულებები, მათ შორის ფატალური გამოსავალი", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.