მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თამბაქოს მოხმარების შემცირება - რა პროგრესს მიაღწია ქვეყანამ ამ მიმართულებით

6253f3016430d
BM.GE
11.04.22 13:20
4062
საქართველოში ზრდასრული მოსახლეობის თითქმის ერთი მესამედი თამბაქოს ნაწარმს მოიხმარს. NCDC-ის მიერ რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნებული სამოქმედო გეგმის მიხედვით, თუკი 2019 წელს ზრდასრული მოსახლეობის 30.7% მოიხმარდა თამბაქოს ნაწარმს, მისი შემცირების სამიზნე 2023 წლისთვის მოსახლეობის 26% უნდა იყოს, აღნიშნულის დადასტურებისთვის კი ქვეყანაში თამბაქოს პრევალენტობის ეროვნული კვლევა STEPS 2022 უნდა ჩატარდეს.

თამბაქოს მოხმარების შესახებ ერთ-ერთი უკანასკნელი სტატისტიკა გასულ წელს გამოქვეყნდა და ის TTC 2020-ის შედეგებს უკავშირდებოდა, რომელიც თავისმხრივ ტაქსებში თამბაქოს მოხმარებას ეხებოდა, თუმცა სხვა კითხვებსაც შეიცავდა. მისი მიხედვით, ქვეყანაში თამბაქოს მომხმარებელთა რაოდენობა 28.2%-მდე შემცირდა. თუმცა, თავად WHO-ს 2022 წლის ანგარიშში, რომელიც საქართველოში თამბაქოს მოხმარება ეხება, აღნიშნულია NCDC-ის მიერ წარდგენილი ინფორმაცია, რომ ეროვნულ დონეზე, ზრდასრულ მოსახლეობას შორის 30.7% იყო მწეველი, ხოლო მოსახლეობის 29.4% კი ყოველდღიურად მოიხმარდა სიგარეტს.

თავისმხრივ მნიშვნელოვანი ფაქტორია ყოველდღიურად მოხმარებული სიგარეტის ღერების რაოდენობაც, რომელიც WHO-ს FCTC-ის მიერ 2020 წელს გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, დღეში 18.9 ღერს შეადგენდა, ხოლო 2018 წელს გამოქვეყნებულ ამავე ანგარიშში მითითებული იყო, რომ საშუალოდ დღეში მომხმარებლები 21.3 ღერს ეწეოდნენ.

ოთხი წლის წინ - 2018 წლის 1 მაისს საქართველოში ამოქმედდა თამბაქოს კონტროლის კანონში შესული ცვლილებები, რომლებმაც საჯარო სივრცეში - დაწესებულებებში; ოფისებში; უნივერსიტეტებში; რესტორნებსა და სხვა თავშეყრის ობიექტებში თამბაქოს მოხმარება აკრძალა. შედეგად, ათიათასობით ადამიანი თამბაქოს მეორადი კვამლის ზემოქმედებისგან გათავისუფლდა. ამავე კანონით აიკრძალა თამბაქოს ნაწარმის რეკლამირება.

2018 წელსვე პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც ყველა კატეგორიის სიგარეტის სტანდარტიზებული შეფუთვით რეალიზაციას ითვალისწინებს, შემდეგში კი ამ კანონის ამოქმედება რამდენჯერმე გადავადდა. აღნიშნული კანონი საავტორო უფლებების მიმართულებით კომპანიებისთვის მნიშვნელოვან პრობლემებს ქმნის, რადგანაც სიგარეტის შეფუთვაზე ბრენდის ან ლოგოს გამოსახვის შესაძლებლობას კრძალავს.

საქართველოს მიერ თამბაქოს კონტროლის მიმართულებით გატარებული რეფორმები და საკანონმდებლო ცვლილებები ძირითადად ევროკავშირთან ასოცირების და ევროპის თამბაქოს ევროდირექტივასთან ჰარმონიზების ვალდებულებით იყო განპირობებული, თუმცა კონკრეტული ცვლილებები ევროპულ მოთხოვნაზე მკაცრი იყო. მაგალითად ევროდირექტივა არ მოითხოვდა თამბაქოს გარე ხილვადობის სრულ აკრძალვას, ასევე არ მოითხოვდა “სტანდარტიზებული”, ანუ “სადა შეფუთვის” მიღებას.

თამბაქოს კონტროლთან დაკავშირებით ბოლო ათწლეულის განმავლობაში მსოფლიოში მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა, რაც ახალი ტიპის ნაწარმის შექმნას უკავშირდება, ეს ეხება როგორც ელექტროსიგარეტებს, ასევე გასახურებელი თამბაქოს ნაწარმს. 2019 წელს საქართველოს კანონმდებლობაში გაჩნდა ჩანაწერის გასახურებელი თამბაქოს შესახებ, რის შედეგადაც 2020 წელს ის უკვე ადგილობრივ ბაზარზე გამოჩნდა. 2020 წელს აშშ-ის FDA-მ გასახურებელ თამბაქოს პროდუქტზე (IQOS) მარკეტინგის ნებართვა გასცა, როგორც მოდიფიცირებული რისკის მქონე თამბაქოს პროდუქტის და მიუთითა, რომ ეს პროდუქტი ამცირებს ადამიანის ორგანიზზე ტოქსიური ნივთიერებების ზემოქმედებას სიგარეტის მოწევასთან შედარებით და წარმოადგენს შესაძლებლობას საზოგადოებრივი ჯანდაცვისთვის.

ბიუჯეტის შემოსავალი თამბაქოს აქციზიდან მზარდია

თამბაქოს პროდუქტების მიმართ სახელმწიფო პოლიტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია საგადასახადო სააქციზო განაკვეთი, რომლის ზრდაც სიგარეტზე ხელმისაწვდომობის შემცირებას ისახავს მიზნად. გასული წლების განმავლობაში ადგილობრივ და იმპორტულ სიგარეტზე, ასევე ფილტრიან და უფილტრო ნაწარმზე აქციზი რამდენჯერმე გაიზარდა, ასევე დამკვიდრდა აქციზის ადვალური კომპონენტიც.



ამჟამად სტანდარტული სიგარეტის აქციზის განაკვეთი არის კოლოფზე 1.70 ლარი, ამას ემატება ადვალური გადასახადი, რომელიც კონკრეტული სიგარეტის სარეალიზაციო ფასის 30%-ს შეადგენს. მაგალითად, თუკი სიგარეტის საშუალო ფასი არის 6.5 ლარი, მასში აქციზის ღირებულებაა 1.70 ლარი, ადვალური აქციზის, ანუ ცვლადი აქციზის ღირებულებაა 1.95 ლარი, რაც ჯამში 3.65 ლარს შეადგენს. კიდევ ერთი გადასახადი, რომლითაც თამბაქოს ნაწარმი იბეგრება არის დღგ, რომელიც სარეალიზაციო ღირებულების 18%-ით დაბეგვრას ითვალისწინებს. მთლიანობაში ფიქსირებული და ადვალური აქციზის, ასევე დღგ-ს ჯამი ერთი კოლოფისთვის შეადგენს 4.82 ლარს (3.65 ლარი აქციზი, 1.17 ლარი დღგ), რაც 6.5 ლარის ღირებულების სიგარეტის სარეალიზაციო ფასის 74%-ია.

საბიუჯეტო თვალსაზრისით, თამბაქო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საგადასახადო კონტრიბუტორია. სახელმწიფო ხაზინის მონაცემებით 2021 წელს თამბაქოს აქციზიდან (უშუალოდ აქციზიდან და ადვალური გადასახადიდან) მიღებულმა შემოსავალმა რეკორდულ 878 მილიონ ლარს მიაღწია, რაც წინა წელთან შედარებით დაახლოებით 90 მილიონი ლარით მეტი იყო. ეს თანხა 2021 წელს ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლის 8%-ს შეადგენდა. თამბაქოს რეალიზაციით მიღებული დამატებული ღირებულების გადასახადი კი 280 მილიონ ლარს შეადგენდა, რაც ჯამურად 1.16 მილიარდის გადასახადებს ნიშნავს, რაც გასული წლის ბიუჯეტის საგადასახადო შესრულების 10%-ია.



როგორც შემოსავლების სამსახურის სტატისტიკა აჩვენებს, 2021 წელს ქვეყანაში სულ 290 მილიონ კოლოფ სიგარეტზე გაიცა აქციზური მარკა. რაოდენობრივად, სიგარეტის ეს მოცულობა 2014 წელთან შედარებით თითქმის 40%-ით ნაკლებია. თუმცა, ეს ავტომატურად არ ნიშნავს, რომ ამ პერიოდში სიგარეტის მოხმარება 40%-ით შემცირდა. უკანასკნელი წლების განმავლობაში ბაზარზე მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა - აქციზის მატების ფონზე გაიზარდა ე.წ. “გასახვევი თამბაქოს” მოხმარება, რამაც ბაზრის ყველაზე იაფი სეგმენტი მოიცვა. პარლამენტმა ხელით გასახვევ თამბაქოს აქციზური მარკა მხოლოდ 2019 წელს დაუწესა და ის კილოგრამზე 60 ლარით განსაზღვრა. აქციზის ზრდის ფონზე, ქვეყანაში გაიზარდა კონტრაბანდული სიგარეტიც, რომელიც ძირითადად ოკუპირებული აფხაზეთიდან შემოდის.

რამდენად შეიცვალა თამბაქოს მომხმარებელთა რაოდენობა ბოლო 10 წელში?



როგორც WHO სტატისტიკა მეტყველებს საქართველოში 2012-2016 წლების განმავლობაში მწეველთა ოფიციალურ რაოდენობად ზრდასრული მოსახლეობის 30.3% იყო მიჩნეული. შემდგომში ეს მაჩვენებელი 2018 წელს 31.1%-მდე, 2019 წლის გამოკვლევით კი 32.5%-მდეც გაიზარდა. გაეროს თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის ეროვნული პროფილის გვერდის მიხედვით, ქვეყანაში ყოველდღიური მწეველების რაოდენობა 2012 წელს 27.7% იყო. WHO-ს მიერ 2019 წელს გამოქვეყნებული ანგარიშში “გლობალური თამბაქოს ეპიდემია 2019”-ში მითითებულია, რომ საქართველოში 2017 წლის მდგომარეობით ყოველდღიურად ზრდასრული მოსახლეობის 25% მოიხმარდა სიგარეტს, ხოლო WHO-ს მიერ 2018 წელს გამოქვეყნებულ ეროვნულ ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველოში თამბაქოს ნაწარმს ყოველდღე ზრდასრული მოსახლეობის 28% მოიხმარდა. 2020 წლის ანალოგიურ ანგარიშში კი მითითებულია, რომ ყოველდღიურად თამბაქოს ნაწარმს მოსახლეობის 29.4% ეწევა. 2021 წელს თავად NCDC-იმ განაცხადა, რომ მათ მიერ ჩატარებული კვლევით, რომელიც ტაქსებში მოწევის თემას შეეხებოდა, დადგინდა, რომ ქვეყნის მოსახლეობის 28.2% არის მწეველი. ხოლო როგორც თამბაქოს ეროვნული სტრატეგიის სამოქმედო გეგმიდან ირკვევა, მომხმარებელთა ზუსტი რაოდენობისთვის ახალი კვლევის STEPS 2022-ის ჩატარება იგგეგმება. სრულფასოვანი კვლევით უნდა გამოჩნდეს რა მიმართულებით მოძრაობს ტრენდი, ასევე უნდა გაირკვეს როგორ იცვლება ერთი მწეველის მიერ დღის განმავლობაში მოხმარებული სიგარეტის ღერების რაოდენობაც, რაც ასევე მნიშვნელოვან ინდიკატორს წარმოადგენს.

ასევე, WHO-ს მიერ უკვე გამოქვეყნებული ანგარიშები აჩვენებს იმასაც თუ რამდენად რთულია მწეველთა ზუსტი რაოდენობის განსაზღვრა, განსაკუთრებით კი მაშინ როდესაც შემცირება და ზრდა ორივე მიმართულებით ცდომილების ზღვრის ფარგლებშია, ხოლო გამოკითხულთა ნაწილი თამბაქოს მოხმარების შესახებ სწორი პასუხის დაფიქსირებისგან შეიძლება თავსაც იკავებდეს.