მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თამბაქოს რეგულაციების 4 წელი - რა შედეგები აქვს მას

6271660d90476
BM.GE
03.05.22 21:25
6463
2018 წლის 1 მაისიდან საქართველოში თამბაქოს მოხმარების შეზღუდვის მიზნით, ფართო რეგულაციები ამოქმედდა, რომელმაც ოფისებში, სამუშაო სივრცეებში, კაფეებსა და რესტორნებში, უმაღლესი სასწავლების ტერიტორიაზე და სხვა ობიექტებში თამბაქოს მოხმარება შეზღუდა.

ამავე კანონით, ქვეყანაში აიკრძალა თამბაქოს ნაწარმის რეკლამირება და სპონსორობა, ამოქმედდა თამბაქოს ნაწარმის გარე ხილვადობის შემზღუდველი ნორმა, სავაჭრო ვიტრინებსა და დახლებზე თამბაქოს ჩვენება. ასევე ამოქმედდა სანქციები ამ მოთხოვნების დარღვევისთვის.

გასულ წელს NCDC-იმ განაცხადა, რომ ზრდასრულთა შორის თამბაქოს მოხმარება 32.5%-დან 28.2%-მდე შემცირდა. ეს შედეგი TCC 2020-მა აჩვენა, რაც ტაქსებში თამბაქოს მოხმარებას იკვლევდა. ამ შედეგთან დაკავშირებით კითხვა აქვს ჯანდაცვის ყოფილ მინისტრ ანდრია ურუშაძეს, რომელიც მიიჩნევს, რომ უმჯობესი იქნებოდა თუკი NCDC თავად კვლევის დოკუმენტს გაასაჯაროებდა.

BMG რეგულაციის შესახებ მოქმედ და ყოფილ კანონმდებლებს, ასევე ჯანდაცვის ექსპერტებს ესაუბრა. პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ლადო კახაძე აცხადებს, რომ კანონს უკვე ჰქონდა გავლენა ქვეყანაში აღრიცხულ ავადობებზე და მაგალითად ინფარქტების და ფილტვის ობსტრუქციული დაავადებების რიცხვმა იკლო.

კახაძე ასევე აცხადებს, რომ არ მოხდება თამბაქოს სადა შეფუთვის მოთხოვნის გადავადება და ეს რეგულაცია 2023 წლიდან ამოქმედდება.

“განმეორებითმა ინფარქტებმა იკლო, ფილტვის ობსტრუქტიულმა დაავადებებმა იკლო, ჯანმომ უმაღლესი შეფასება მოგვცა საქართველოს, რომელიც ჩაერთო ამ პროექტში. არის ასევე გარკვეული ნორმატივები, რომლებიც უნდა იყოს შესრულებული, ეს ეხება ელექტროსიგარეტებს, გასახურებელ თამბაქოსთან დაკავშირებით. გვინდა რომ ევროდირექტივასთან თანხმობაში, უფრო სრულყოფილებისკენ წავიდეს კანონმდებლობა.

არ შეიძლება თამბაქოს ნაწარმის რეკლამირება და ეს მთლიანად მოვხსენით, ასევე სკოლის მიმდებარედ ავკრძალეთ გაყიდვა,ვერ ნახავთ ვერცერთ სამასპინძლო ობიექტში, სასტუმროებში, რესტორნებში, აქ არავინ ეწევა დღეს, პატივს სცემენ თავის ქვეყანას და მე მათ მადლობას ვუხდი ამისთვის. არამხოლოდ მე, ძალიან ბევრი ადამიანი იხდის მადლობას. ასევე, ტაქსიშიც ავკრძალეთ მოწევა.

ჩვენ თუ მივდივართ ევროკავშირისკენ და ევროატლანტიკური სივრცისკენ, ზუსტად იმ ფორმით უნდა მოვახდინოთ თამბაქოსთან შეპირისპირება. ასევე მის ახალ სახეებთან შეპირისპირება, რაც ისეთივე მავნეობით ხასიათდება, მაგრამ უფრო დახვეწილი ფორმით.

სადა შეფუთვაზე ინდუსტრიას დამატებით ვადა ჰქონდათ მოთხოვნილი სიგარეტის ახალ ფორმებზე. მაგრამ ძირითადი თამბაქოს მომხმარებლები 2023 წლიდან მიიღებენ უკვე სადა შეფუთვაზე გადავლენ. ამის შესახებ ახლა სამინისტრო გამოსცემს ნორმატიულ აქტს, რომ 2023 წლის შემდეგ საქართველოში თამბაქო უნდა იყოს სადა შეფუთვით. ვერც მე და ვერც ჯანდაცვის კომიტეტის სხვა წევრები ვერ დავუჭერთ მხარს ვერანაირ შემსუბუქებას ამის გადავადებასთან დაკავშირებით,”- აცხადებს კახაძე.

BMG ასევე ესაუბრა პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის ყოფილ თავმჯდომარე აკაკი ზოიძეს, რომელიც ჩართული იყო 2017 წელს ახალი კანონის მიღებაში.

“პირველ რიგში შეიცვალა სოციალური ნორმა, საზოგადოების მხრიდან აქვს მხარდაჭერა იმ ძირითად დებულებას რაც არის საჯარო სივრცეში მოწევის აკრძალვა. იქნება ეს დახურული ობიექტები, ბარები, რესტორნები. ჩემი აზრით ეს მოთხოვნა მათ შორის მწეველებშიც სარგებლობს მხარდაჭერით და ეს უკვე სოციალურ ნორმად დამკვიდრდა. თუკი მანამდე ვერ წარმოგვედგინა, რომ რესტორანში შეიძლება არ მოგვეწია, დღეს ალბათ ძალიან ცოტას წარმოუდგენია, პირიქთ და შენიშვნას აძლევს თუკი ვინმე ეწევა დახურულ სივრცეში.

მეორე შედეგია, ის რომ რეკლამა, რაც არის მუდმივად დამიზნებული კამპანია, განსაკუთრებით ახალ თაობაზე სარეკლამო სივრციდან გაქრა. მთელი რიგი შედეგები უკვე გვაქვს, რომ მწეველების ახალი თაობა არ გაჩენილიყო იმ ტემპით, როგორც იმატებდა მწეველთა რიცხვი კანონის მიღებამდე, რაც აგრესიული რეკლამის და პირდაპირი და არაპირდაპირი მარკეტინგის მიერ იყო გამოწვეული. ყველა ამ ზომამ მოიტანა ის შედეგი, რომ დაახლოებით 20%-ით არის შემცირებული ახალგაზრდობაში ახალ მწეველთა რაოდენობა.

ზოგადად მწეველთა რაოდენობაც არის 3%-ით შემცირებული. თითო პროცენტის უკან დგას ათიათასობით ადამიანი, ასე რომელმაც ან დაანება ან არ დაიწყო მოწევა.

გამოწვევები რჩება, რომ ახალი პროდუქტების მცდელობა თამბაქოს ინდუსტრიის მხრიდან. თუ ვთქვათ 267 კანცეროგენური ნივთიერებიდან იქნება ამის ნახევარი, ეს არ ნიშნავს, რომ ეს რაიმე რეალურ შეღავათს აძლევს ადამიანის ჯანმრთელობას, იმიტომ რომ საკმარისია ერთი კანცეროგენური, რათა განვითარდეს სიმსივნური დაავადება. ასევე გასახურებელი თამბაქო და ელექტროსიგარეტი შეიცავს სხვა ნივთიერებებს, რომლებიც არც კი ვიცით რამდენად საზიანოა ჯანმრთელობისთვის.

ჩვენ კანონმდებლობაში ისინი გათანაბრებული არიან რეგულაციების დონით ჩვეულებრივ თამბაქოს პროდუქტებთან, რაც იყო უდავოდ პროგრესული ნაბიჯი. მცდელობა მუდმივად არის, რომ განსაკუთრებული გამონაკლისი დაიშვას რეკლამის კუთხით, შოურუმებით და ასე შემდეგ. მიგვითითებენ ევროპაზე, რიგ ქვეყნებზე, რა თქმა უნდა ყველა ქვეყანაში ეს დაშვებული არაა, მაგრამ ეს უბრალოდ იმით არის განპირობებული, რომ იქ კანონმდებლობა გაცილებით ადრეა მიღებული, მანამ სანამ ეს პროდუქტები გამოჩნდებოდა. მიდის მუშაობა ევროპის ერთიან ევროდირექტივაზე.

გამოწვევა რჩება, იგივე სტანდარტიზებულ შეფუთვასთან დაკავშირებით, ვიცი, რომ არის გარკვეული მცდელობები თამბაქოს ინდუსტრიის შიგნით, რომ გადატანა მოხდეს 2024 წლისთვის და შემდგომ პერიოდში. მაგრამ 2023 წლის ბოლომდე უნდა მოხდეს ამის მიღება, რაღაც გაუგებარი მიზეზებით ითხოვენ ამას, რომ პანდემიის და სხვა ფაქტორების გამო მოხდეს ეს. პირიქით, რაც უფრო ადრე მივიღებთ ზომებს, რაც შეამცირებს მწეველთა რაოდენობას, მით უკეთესი შედეგები იქნება პოსტ-პანდემიურ პერიოდში ადამიანთა ჯანმრთელობაზე.

არის სხვა გამოწვევაც, მაგალითად ჯერ კიდევ ვერ მივუერთდით, კონტრაბანდული ვაჭრობის შესახებ პროტოკოლს, რითიც მნიშვნელოვნად მოხდებოდა პრევენცია კონტრაბანდული თამბაქოს შემოტანასთან დაკავშირებით ”- აცხადებს აკაკი ზოიძე.

განსხვავებული პოზიცია აქვს ჯანდაცვის ექსპერტს, ყოფილ მინისტრ ანდრია ურუშაძეს, რომელიც თამბაქოს ზიანის შემცირების სტრატეგიის აუცილებლობასა და დიფერენცირებულ მიდგომაზე საუბრობს. ურუშაძის თქმით, ასევე მნიშვნელოვანია თამბაქოს კონტროლის ეროვნული გეგმის შემუშავება და სწორი მეთოდოლოგიით რეგულარული კვლევების ჩატარება, იმისთვის, რათა დადგინდეს როგორ წლიდან წლამდე ქვეყანაში მწეველთა რიცხვი.

“თამბაქოს კონტროლის კანონი მიღებული იყო 2010 წელს, ცვლილებები შეემატა 2017 წელს, ნაწილი ამ ცვლილებების ამოქმედდა 2018 წლიდან, ნაწილი კი მოგვიანებით. საჯარო შენობებში თამბაქოს მოხმარება ადრეც იყო აკრძალული. ნებისმიერი ინსტრუმენტი, რომელიც თამბაქოს მოხმარებას შეამცირებს მისასალმებელია, ასევე მნიშვნელოვანია სტრატეგია, რომელიც ქვეყანას გააჩნია. კანონი არის იურიდიული საფუძველი, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ გვქონდეს სამოქმედო გეგმა, როგორც მე მაქვს ინფორმაცია სამოქმედო გეგმა ჯერ არ გვაქვს.

ოფიციალური მონაცემებით არის შემცირება თამბაქოს მოხმარების, როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი გვეუბნება. ეს მონაცემები ეყრდნობა კვლევას რომელიც ჩატარდა და იკვლევდა ტაქსებში სიგარეტის მოხმარების მიმართ დამოკიდებულებას. ჩემი სურვილი იქნებოდა, რომ იმისათვის, რათა ზუსტად შევაფასოთ მწეველთა რაოდენობა, ახალი მწეველების რაოდენობა და სხვა პარამეტრები, ეს კვლევები ტარდებოდეს პერიოდულად და ერთი და იგივე მეთოდოლოგიით და კვლევის მთელი შინაარსი ცნობილი იყოს საზოგადოებისთვის. დღეს ეს არ გვაქვს და ჩემი აზრით ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი უნდა გადაიდგას, რათა სახელმწიფომ, NCDC-ის ჰქონდეს გეგმა და პერიოდულად ერთი და იგივე მეთოდოლოგიით ჩაატაროს კვლევები თამბაქოს კონტროლის შედეგებთან დაკავშირებით.

რაც შეეხება ახალი კატეგორიის პროდუქტებს, 10 წლის წინ არც იყო გავრცელებული ისინი. ჩვენი კანონით დღეს ერთნაირი მიდგომაა, როგორც ტრადიციულ თამბაქოსთან, ასევე ახალ პროდუქტებთან მიმართებით, ვგულისხმობ როგორც ელექტროსიგარეტებს, ასევე წვად თამბაქოს. საუბარია, რომ ეს იყოს დიფერენცირებული და ემყარებოდეს ზიანის შემცირების სტრატეგიას.

ასევე განსაკუთრებით შემაშფოთებელია ახალგზარდებში მოწევის მაჩვენებელი და ბევრად მეტი უნდა გავაკეთოთ, რათა ჯანმრთელი ცხოვრების წესის პროპაგანდაც, რომ ახალი თაობა რაც შეიძლება მეტად იყოს დაცული თამბაქოს მავნე ზემოქმედებისგან ”- აცხადებს სანდრო ურუშაძე.

ამ საკითხზე საუბრობს ჯანდაცვის კომიტეტის კიდევ ერთი ყოფილი წევრი გიგი წერეთელი, რომელიც წარსულში ჯანდაცვის მინისტრიც იყო. წერეთელი აღნიშნავს, რომ საჯარო სივრცეებში თამბაქოს მოხმარების აკრძალვა არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელიც საზოგადოებრივ ჯანმრთელობაზე დადებითად აისახება. თუმცა, მისი თქმით, 2018 წლის შემდეგ განვლილი პერიოდი არასაკმარისია, რათა მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ამ რეგულაციის ეფექტი შეფასდეს, რადგანაც თამბაქოს მოხმარებასთან ასოცირებული სიმსივნეები თუ გულსისხძარღვთა დაავადებები წლების განმავლობაში ყალიბდება და ასე მოკლე ვადაში მასზე გაზომვადი გავლენა ამ კანონს ვერ ექნებოდა. წერეთელი საუბრობს ასევე ჯანდაცვის შესაძლებლობაზე, რაც შემცირებული ზიანის პროდუქტებს აქვთ.

“საქართველოში თამბაქოს მოხმარება ბევრ ევროპულ ქვეყანასთან შედარებით მაღალია, თამბაქოს კვამლთან და მოწევასთან დაკავშირებული დაავადებები ბევრია და მტკიცებულებებით არის გამყარებული, რომ ეს ასეა. 2018 წლის შემდეგ ვერ ვიტყოდი, რომ რაიმე მნიშვნელოვან ჯანმრთელობის შედეგებზე. ამას გარკვეული წლები სჭირდება, რათა შეფასებები გაკეთდეს რა არის დადებითი შედეგი ადამიანთა ჯანმრთელობაზე. არ მიმაჩნია ვალიდურად ალბათ ის, რომ პირველივე წლებში შემცირდა კორონარული დაავადებები, ასევე სხვა დაავადებები. ეს არ იქნება სწორი, რადგან ასეთი სწრაფი ეფექტები ბუნებრივია ამას არ აქვს, იმიტომ რომ დაავადებები ყალიბდება წლების განმავლობაში და კვლევებსაც გარკვეული დრო სჭირდება. არ შეიძლება ყველაფერი ამას მივაწეროთ. ყველა სფეროში დიდი ტექნიკური პროგრესია და შესაბამისად, პრევალენტობის კლება პირდაპირ კანონის შედეგი ვერ იქნება, თუმცა, უფრო ხანგრძლივ პერსპექტივაში ამის შეფასება შესაძლებელი იქნება.

რაც შეეხება იმას, რომ დღეს ჩვენ გაცილებით ნაკლებად მავნე გარემო გვაქვს, განსაკუთრებით პასიური მწეველებისთვის, როდესაც ტრანსპორტში, საზოგადოებრივ დაწესებულებებში ან კვების დაწესებულებებსა და სასტუმროებში აღარ ხდება თამბაქოს მოწევა, ეს რა თქმა უნდა მნიშვნელოვანი საკითხია და ვფიქრობ საზოგადოებაც შეეგუა და გარკვეული ეთიკური ნორმებიც გამომუშავდა.

ბევრი ალტერნატიული საშუალება გაჩნდა მსოფლიოში, როგორც მეცნიერები ამბობენ არაერთი დაავადების განვითარებაში არა ნიკოტინი, არამედ კვამლი არის დამნაშავე. ამიტომ ბევრი ქვეყანა თავის პოლიტიკაში სწორედ ავიტარებს ზიანის შემცირების პროგრამებს ან პროგრამებს, რომლითაც შესაძლებელია თამბაქოს მომხმარებლებმა მიიღონ რაღაც სხვა სახით ნიკოტინი. ეს არ არის უსაფრთხო, არის უფრო ნაკლები რისკები მაგრამ ამ მიმართულებით დამატებითი მტკიცებულებები და შეფასებებია საჭირო,”- აცხადებს წერეთელი.

სახელმწიფოს შემოსავალი თამბაქოს პროდუქტებიდან გაზრდილია

მართალია 2018 წელს ამოქმედებულ რეგულაციებთან პირდაპირ კავშირში არაა, თუმცა საგადასახადო პოლიტიკა მთლიანობაში არის თამბაქოს რეგულირების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი. გასული წლების განმავლობაში ადგილობრივ და იმპორტულ სიგარეტზე, ასევე ფილტრიან და უფილტრო ნაწარმზე აქციზი რამდენჯერმე გაიზარდა, ასევე დამკვიდრდა აქციზის ადვალური კომპონენტიც.



ამჟამად სტანდარტული სიგარეტის აქციზის განაკვეთი არის კოლოფზე 1.70 ლარი, ამას ემატება ადვალური გადასახადი, რომელიც კონკრეტული სიგარეტის სარეალიზაციო ფასის 30%-ს შეადგენს. მაგალითად, თუკი სიგარეტის საშუალო ფასი არის 6.5 ლარი, მასში აქციზის ღირებულებაა 1.70 ლარი, ადვალური აქციზის, ანუ ცვლადი აქციზის ღირებულებაა 1.95 ლარი, რაც ჯამში 3.65 ლარს შეადგენს. კიდევ ერთი გადასახადი, რომლითაც თამბაქოს ნაწარმი იბეგრება არის დღგ, რომელიც სარეალიზაციო ღირებულების 18%-ით დაბეგვრას ითვალისწინებს. მთლიანობაში ფიქსირებული და ადვალური აქციზის, ასევე დღგ-ს ჯამი ერთი კოლოფისთვის შეადგენს 4.82 ლარს (3.65 ლარი აქციზი, 1.17 ლარი დღგ), რაც 6.5 ლარის ღირებულების სიგარეტის სარეალიზაციო ფასის 74%-ია.

საბიუჯეტო თვალსაზრისით, თამბაქო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საგადასახადო კონტრიბუტორია. სახელმწიფო ხაზინის მონაცემებით 2021 წელს თამბაქოს აქციზიდან (უშუალოდ აქციზიდან და ადვალური გადასახადიდან) მიღებულმა შემოსავალმა რეკორდულ 878 მილიონ ლარს მიაღწია, რაც წინა წელთან შედარებით დაახლოებით 90 მილიონი ლარით მეტი იყო. ეს თანხა 2021 წელს ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლის 8%-ს შეადგენდა. თამბაქოს რეალიზაციით მიღებული დამატებული ღირებულების გადასახადი კი 280 მილიონ ლარს შეადგენდა, რაც ჯამურად 1.16 მილიარდის გადასახადებს ნიშნავს, რაც გასული წლის ბიუჯეტის საგადასახადო შესრულების 10%-ია.