მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თამბაქოს რეკლამა ინტერნეტშიც იკრძალება - კანონპროექტი ორი მოსმენით მიღებულია

61cd963d26ce3
BM.GE
30.12.21 15:16
746
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტები მეორე მოსმენით, მუხლობრივად განიხილა და დაეთანხმა კანონპროექტების პირველი მოსმენით განხილვისას გამოთქმულ წინადადებას, რომლის მიხედვით თამბაქოს მოწევა საბაგირო ტრანსპორტშიც აიკრძალება.

კანონპროექტების ერთ-ერთი ინიციატორის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ვლადიმერ კახაძის განცხადებით, მოქმედი კანონის აღსრულების პროცესში გამოიკვეთა საკითხები, რომლებიც ახლებურ სამართლებრივ რეგულირებას საჭიროებდნენ და სწორედ ამის გათვალისწინებით, მომზადდა ცვლილებები კანონში.

თავდაპირველად შემოთავაზებული ცვლილებების მიხედვით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის ჩამონათვალს, სადაც თამბაქოს მოწევა აკრძალულია, ემატებოდა ტაქსი და სანაოსნო საშუალებები, მეორე მოსმენით განხილვის წინ კი ამ ჩამონათვალს საბაგირო ტრანსპორტიც დაემატა.

ვლადიმერ კახაძის განცხადებით, კანონპროექტებს სხვა არსებითი ცვლილებები არ განუცდია. შემოთავაზებული ცვლილებების თანახმად, თამბაქოს მოწევა ასევე აკრძალული იქნება საკუთრებაში არსებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებაში (ავტომობილში), რომლითაც ხდება არასრულწლოვანის გადაყვანა.

სანქციები წესდება ასევე ინტერნეტსივრცეში თამბაქოსთან დაკავშირებით ნებისმიერი სახის რეკლამაზე.

კომიტეტმა კანონპროექტების პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით განსახილველად გატანას ერთხმად დაუჭირა მხარი.

კანონპროექტების ინიციატორები პარლამენტის წევრები დიმიტრი ხუნდაძე და ვლადიმერ კახაძე არიან.

კანონპროექტებს პარლამენტი დაჩქარებული წესით იხილავს.