მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"Tami sport" - ქართველი დიზაინერის მიერ შექმნილი პირველი ქართული სპორტული სამოსი

5df356ca746e2
ვიქტორია მღებრიშვილი
14.12.19 10:00
3760
ლუქს ტიპის ქალის სპორტული ტანსაცმლის წარმოების ბიზნესში დიზაინერმა და სპორტსმენმა თამარ გელაშვილმა 10 000 აშშ დოლარის ინვესტიცია განახორციელა.

როგორც გელაშვილმა BM.GEს–სთან საუბრისას აღნიშნა, მათ ბიზნესი საკუთარი ფინანსებით დაიწყეს. 

"ჩვენი სპორტული ტანსაცმლის გაყიდვა 1 ოქტომბრიდან დავიწყეთ. იდეა შედარებით ადრე გაჩნდა, თითქმის ერთი წელი ვამუშავებდით იდეას, ფაბრიკასთან მიდიოდა მოლაპარაკებები, ნიმუშების შერჩევები და ამან შედარებით დიდი დრო წაიღო – დიზაინის შექმნა და მერე უკვე ფაბრიკასთან ყველა დეტალის დამუშავება, ნიმუშის აწყობა და გასაყიდი რაოდენობის შექმნა და შეკერვა. 

ფაბრიკა, რომელთანაც ჩვენ ვთანამშრომლობთ, ADIDAS-ის მიერ არის ავტორიზებული და ჩინეთში მდებარეობს, ანუ იქ იკერება ჩვენი ტანსაცმელი, თუმცა დიზაინი თავიდან ბოლომდე ჩემს მიერ საქართველოში იქმნება", - გვითხრა თამარ გელაშვილმა.

კითხვაზე, როგორი მოთხოვნაა ახალ სპორტულ სამოსზე, კომპანიის დამფუძნებელმა გვითხრა, რომ ამ დროისთვის ნორმალური გაყიდვები აქვთ.

"როგორც სტარტაპერი კომპანიისთვის, მოთხოვნა ჩვენს სპორტულ სამოსზე საკმაოდ მაღალია – ორი თვის განმავლობაში, თვეში დაახლოებით 20 პროდუქტი იყიდება. ამ ეტაპზე ნორმალური გაყიდვები გვაქვს. თითქმის ყველა მოდელი გაყიდული გვაქვს. საქართველოს ბაზარზე პირველი კომპანია ვართ, ვინც ასეთი ტიპის ტანსაცმელს კერავს. ამან კიდევ უფრო დიდი ინტერესი გამოიწვია იმ ადამიანებში, ვინც ვარჯიშობს.

ჯერჯერობით მხოლოდ საქართველოს ბაზარზე ვართ წარმოდგენილები ონლაინ-მაღაზიის სახით და გაყიდვებიც ონლაინ ხორციელდება. ჩვენი მთავარი მიზანი გაყიდვების გაზრდაა, ამიტომ რამდენიმე მაღაზიასთან უკვე გვაქვს მოლაპარაკება იმისთვის, რომ მომხმარებლისთვის კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გავხადოთ ჩვენი პროდუქტი, თუმცა რომელი მაღაზიები იქნება, ჯერ არ ვიცით", - აღნიშნა Tami sport-ის დამფუძნებელმა.

თამარ გელაშვილმა სპორტული სამოსის ხარისხზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მათი სამოსი მაღალი ხარისხის ნაჭრებით იკერება და მომხმარებელს წამყვანი სპორტული სამოსის კომპანიების ქართულ ანალოგს სთავაზობენ.

"ჩინეთი თვითონ გვთავაზობს ლუქს კლასის ნაჭრებს. ADIDAS-ის მიერ ავტორიზებული ფაბრიკა არ მუშაობს დაბალ ხარისხზე და ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ მაღალი ხარისხის პროდუქტი შეგვექმნა ქართული ბაზრისთვის", - ამბობს გელაშვილი.

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, Tami sport-ის დამფუძნებელი ამბობს, რომ საკმაოდ ბევრი რამის გაკეთება უნდათ.

"გეგმაში გვაქვს, სამოსი გავიტანოთ საზღვარგარეთ, თუმცა ეს ცოტა მოგვიანებით იქნება, ვინაიდან დამწყებები ვართ და დიდი რაოდენობით არ ვკერავთ. ამასთან, მე და ჩემი მეუღლე სპორტსმენები ვართ - მძლეოსნები, ჩვენი დიდი სურვილია და სამომავლოდ ქალ სპორტსმენებს გვინდა დავეხმაროთ ფინანსურად ან ეკიპირებით, ეს ძალიან სამომავლოა და იმედია ამას შევძლებთ", - ამბობს თამარ გელაშვილი.