მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თამუნა თანდაშვილი: ტურისტულმა სფერომ უნდა გაითავისოს, რომ სიტუაცია არის ცვალებადი

5ef3600eda6c0
ინგა მურუსიძე
24.06.20 21:15
3788
1 ივლისიდან საერთაშორისო ტურიზმის გახსნის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. რამდენიმე დღის წინ მთავრობაში შექმნილმა უწყებათშორისმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ტურიზმის გახსნა სავარაუდოდ გადაიწევს და გადაწყვეტილება უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.

რამდენად სწორია მთავრობის მიდგომა ტურისტულ სექტორთან მიმართებაში, ინფორმაციის ხელმისაწვდომობის კუთხით და უნდა იყოს თუ არა დარგი ინფორმირებული მთავრობის მხრიდან იმის შესახებ, თუ რას უნდა ელოდოს და როდის, საკითხზე bm.ge ავიაციის სექტორის წარმომადგენელს, თამუნა თანდაშვილს ესაუბრა:

“მთელი მსოფლიოს მასშტაბით ბიზნესმა არჩია, რომ იყოს მოქნილი. ავიაკომპანიებს მაგალითად გაყიდვების სისტემები აქვთ გააქტიურებული და თუკი მოახლოებული თარიღისთვის არ არის მზაობა, ხდება გადაჯავშნა სხვა თარიღისთვის. თუ ფრენა ვერ შედგა, პროდუქტი შეიცვლება. ზოგადად, არის ხოლმე ბილეთები, რომელიც თარიღის ცვლილებას არ ექვემდებარება, ან შეცვლას არ ექვემდებარება, მაგრამ ახლა გასაყიდად გამოაქვთ ისეთი ბილეთები, რომელთა ცვლილება ტექნიკურად შესაძლებელია“, - განაცხადა თანდაშვილმა.

მან სასტუმროებთან დაკავშირებითაც ისაუბრა და თქვა, რომ სასტუმროების მდგომარეობა ნამდვილად ყველაზე რთულია, რადგან მათ მოუწევთ გადასახადების გადახდა, თუმცა თანდაშვილი აქაც ამბობს, რომ მთავრობა სასტუმროებს გარკვეულ ფინანსურ შეღავათებს სთავაზობს.

„მათ უნდა გადაწყვიტონ თუ რამდენი ნომერი აამუშაონ, რამდენი დატოვონ დახურული და ა.შ. სახელმწიფო მათ სთავაზობს შეღავათებს, თუმცა სასტუმროების ბიზნესი ალბათ მაინც ყველაზე რთულ მდგომარეობაშია. მე ვფიქრობ, სასტუმროებს შეუძლიათ შიდა ტურიზმზე გააკეთონ აქცენტი და მოსახლეობას მოსახერხებელი, სააქციო პაკეტები შესთავაზონ. ბუნებრივია, რომ მათ იციან კოვიდის მოცემულობა. თუკი ესა თუ ის ბიზნესი დაკავშირებულია საზღვარზე მოქალაქეების შემოყვანასთან, მაშინ მას უნდა ჰქონდეს მეორე გეგმა. ანუ, თუკი გარედან ვერ შემოდის ტურისტი, აქცენტი უნდა გააკეთოს შიდა ტურიზმზე“, - აღნიშნა მან.

რაც შეეხება კითხვას იმის შესახებ, რომ ტურიზმის სექტორის და სასტუმროების, ასევე სხვა სფეროს წარმომადგენლები ამბობენ, რომ მთავრობასთან კომუნიკაციის პრობლემა აქვთ, თანდაშვილი პასუხობს: 

„მე, როგორც ავიაციის წარმომადგენელი და ავიაკომუნიკატორის დამფუძნებელი, ნამდვილად ვერ გეტყვით, რომ კომუნიკაციის პრობლემა არსებობს. მთავრობა გაწოდებს იმ ინფორმაციას, რაც არის. შეიძლება ეს ინფორმაცია სექტორისთვის არ იყოს დამაკმაყოფილებელი, მაგრამ არ შეიძლება მთავრობისგან იმაზე მოვითხოვოთ პასუხი, რაც თავად მთავრობაზეც არ არის დამოკიდებული. ავიაციის კუთხით კომუნიკაციის პრობლემა არ არის და თუ ტურ-ოპერატორები ისეთ შეკითხვებს დასვამენ, რომელზეც პასუხი უბრალოდ არ არის, აქ კომუნიკაციის პრობლემა კი არა, რეალობის მიღების პრობლემა დგას. ტურისტულმა სფერომ უნდა გაითავისოს, რომ სიტუაცია არის ცვალებადი“, - განაცხადა თანდაშვილმა.

გარდა ამისა, როგორც თანდაშვილი ამბობს, 1 ივლისს ტურიზმის გახსნაზე საუბრის დაწყების საფუძველი იყო ისრაელთან მიმდინარე მოლაპარაკებები, თუმცა იქ არსებულმა სიტუაციამ ყველაფერი შეცვალა.