26.მარტი .2020 12:14

თანადაფინანსების მექანიზმი საოჯახო, მცირე და საშუალო სასტუმრო ინდუსტრიის ხელშეწყობისთვის

views 329
უკან

ახალი კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ვითარებიდან გამომდინარე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტო "აწარმოე საქართველოში" ახალ პროგრამას "თანადაფინანსების მექანიზმი საოჯახო, მცირე და საშუალო სასტუმრო ინდუსტრიის ხელშეწყობისთვის" განახორციელებს.

როგორც სააგენტოში განმარტავენ, პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოში საოჯახო, მცირე და საშუალო ტიპის სასტუმროებს კომერციული ბანკების წინაშე ფინანსური ტვირთის შემსუბუქებას და მათ ბაზარზე ოპერირების გაგრძელებას.

"კერძოდ, აღნიშნულ ინდუსტრიაში მოქმედი იმ მეწარმე სუბიექტებისთვის დახმარება, რომელთაც ახალი კორონავირუსის (COVID-19) პანდემიით გამოწვეული ვითარებიდან გამომდინარე არ აქვთ შესაძლებლობა, უზრუნველყონ კომერციულ ბანკში აღებული სესხის დარიცხული საპროცენტო სარგებლის გადახდა. 80%-ის თანადაფინანსებას ეროვნულ ვალუტაში აღებული სესხების შემთხვევაში, ხოლო 70%-ის თანადაფინანსებას უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხების შემთხვევაში", - აცხადებენ "აწარმოე საქართველოში".

აღნიშნული მექანიზმის ფარგლებში, სააგენტო "აწარმოე საქართველოში" განახორციელებს, 2020 წლის 1-ლი მარტიდან მომდევნო 6 თვის განმავლობაში მეწარმე-სუბიექტებისთვის სესხზე დარიცხული წლიური სარგებლის თანადაფინანსებას, როგორც აღნიშნული სესხისთვის 2020 წლის 1 მარტამდე წარმოშობილი დარიცხული საპროცენტო სარგებლის დასაფარად ასევე 2020 წლის 1 მარტის შემდეგ წარმოშობილი სასესხო ვალდებულებების დასაფარად.

თანადაფინანსების მექანიზმით სარგებლობა შეეძლებათ იმ მეწარმეებს, რომლებსაც სასტუმროს მშენებლობის/გაფართოების/აღჭურვის/რემონტის/რეკონსტრუქციის მიზნით სესხი აქვთ აღებული 2020 წლის 1 მარტამდე პერიოდში და სასტუმრო მოიცავს 4-დან 50-ის ჩათვლით ფუნქციონირებად სასტუმრო ნომერს.

თანადაფინანსების მექანიზმის ფარგლებში სესხის მაქსიმალური მოცულობა შეადგენს: 1 000 000 (ერთი მილიონი) ლარს ეროვნულ ვალუტაში გაცემული სესხის შემთხვევაში, 300 000 (სამასი ათასი) აშშ დოლარს - აშშ დოლარში გაცემული სესხის შემთხვევაში და 250 000 (ორასორმოცდაათი ათასი) ევროს - ევროში გაცემული სესხის შემთხვევაში.

აღნიშნული პროგრამა არის ერთჯერადი ხასიათის და ვრცელდება მთელი საქართველოს მასშტაბით.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა