მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თანამედროვე მსოფლიოში მხოლოდ ნიჭი საკმარისი არ არის - გახარია

5f33d8b6662eb
თამთა ჯიჯავაძე
12.08.20 16:00
1203
ქუთაისი ხდება საუნივერსიტეტო ქალაქი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმა გიორგი გახარიამ ქუთაისში, ტექნოლოგიური უნივერსიტეტში ვიზიტისას განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს ნიჭიერი ახალგაზრდები ჰყავს, თუმცა, თანამედროვე მსოფლიოში მხოლოდ ნიჭი საკმარისი არ არის და საჭიროა მაღალტექნოლოგიური საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურაც.

„ეს აუცილებელი პირობაა იმისათვის, რომ ხვალინდელ გლობალურ კონკურენციას ჩვენმა შვილებმა გაუძლონ. ის განათლება, რომელიც აქ უნდა მიიღონ, მათ მისცემთ შესაძლებლობას, გლობალურად იყვნენ კონკურენტუნარიანი, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ქვეყნის განვითარებისთვის“, – აღნიშნა გახარიამ.

მან ასევე განაცხადა, რომ ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის პროექტში დაახლოებით მილიარდი ევროს ოდენობის ინვესტიცია განხორციელდა, – „გარდა ამისა, ამას დაემატება ადრონული კოლაიდერი, რომელიც კიდევ 40 მლნ დოლარს დაამატებს ამ ინვესტიციას. ის კოლაიდერი შესძენს უნივერსიტეტს დამატებით ფუნქციას. ეს იქნება კიბოს მკურნალობის სამედიცინო ცენტრი და კვლევითი ცენტრი.

დარწმუნებული ვარ, რომ არამხოლოდ საქართველოს, არამედ რეგიონის და უცხოელი სტუდენტები ისწავლიან აქ. ქუთაისის უნივერსიტეტის ერთ-ერთი გამორჩეული ნიშა გახლავთ ერთობლივი კურსები და პროგრამები საერთაშორისო მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებთან. ესეც, რა თქმა უნდა, უაღრესად მნიშვნელოვანი პროექტია, ესეც დამატებით ცოდნას და კომპეტენციას მოიტანს“, – განაცხადა პრემიერმა.

როგორც ცნობილია, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროექტს საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“ სრულად აფინანსებს. უნივერსიტეტი პირველ სტუდენტებს 2020 წლის სექტემბერში მიიღებს.