02.აგვისტო .2022 15:45

თანამშრომლების შესანარჩუნებლად Credit Suisse-მა ერთ თვეში $300 მილიონის ბონუსები გასცა

თანამშრომლების შესანარჩუნებლად Credit Suisse-მა ერთ თვეში $300 მილიონის ბონუსები გასცა
views 781
უკან

გახმაურებული საერთაშორისო სკანდალების, სასამართლო დავებისა და უაღრესად არასახარბიელო კვარტალური შედეგების ფონზე, უმსხვილესი შვეიცარიული ბანკი მორიგი გამოწვევის წინაშეა - „ტალანტისა და ტვინების გადინება“ Credit Suisse-ის წინაშე არსებულ ერთ-ერთ ყველაზე მწვავე პრობლემას წარმოადგენს, რომლის მოსაგვარებლად კომპანიის ხელმძღვანელობამ სოლიდური ბონუსების გაცემის სტრატეგია აირჩია.

ფინანსური ანგარიშგებიდან ირკვევა, რომ მხოლოდ ერთ თვეში Credit Suisse-მა ტოპ ბანკირებს, მენეჯერებსა და ანალიტიკოსებს 289 მილიონი ფრანკის ($304 მლნ) ბონუსები და სახელფასო დანამატები მისცა.

საქმე იმაშია, რომ მიმდინარე წელს სკანდალებში გახვეული შვეიცარიული ბანკის 60-მდე მაღალი თანამდებობის თანამშრომელმა უკვე მიიღო Credit Suisse-ის დატოვების და კონკურენტ ორგანიზაციებში გადასვლის გადაწყვეტილება. მათი განმარტებით, კონკურენტებს უკეთესი პირობები და ნაკლები რისკები აქვთ. ბონუსების გაცემის სტრატეგია კი აღნიშნული ტენდენციის შესაჩერებლადაა გამიზნული. 

შეგახსენებთ, რომ პირველი აგვისტოდან Credit Suisse-ს ახალი CEO ჰყავს. 59 წლის ულრიხ კორნერმა ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი თომას გოტშტაინი ჩაანაცვლა, რომელიც ბანკს 2020 წლიდან ხელმძღვანელობდა.

გასულ თვეს გასაჯაროებული ფინანსური ანგარიშგებიდან ირკვევა, რომ მიმდინარე წლის მეორე კვარტალში Credit Suisse-მა 1.65 მილიარდი დოლარით იზარალა, რაც ბანკის არსებობის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ცუდი შედეგია.

კომპანიის წარმომადგენლობის განმარტებით, ზარალის უდიდესი ნაწილი ტრეიდინგ აქტივობის შემცირებითა და საინვესტიციო ბანკინგის შედეგების გაუარესებითაა განპირობებული, გარდა ამისა, ბანკს არაერთ საერთაშორისო სკანდალთან და სასამართლო დავასთან მოუწია გამკლავება, რაც, თავის მხრივ, ნეგატიურად აისახა შვეიცარიული ფინანსური გიგანტის რეპუტაციასა და სანდოობაზე.

საერთო ჯამში, მეორე კვარტალში Credit Suisse-ის შემოსავლები 29%-ით შემცირდა, აქედან 43%-ით დაეცა საინვესტიციო ბანკინგის შემოსავლები; აქტივებისა და ქონების მენეჯმენტის მიმართულებით კი 25-35%-იანი ვარდნაა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა