მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თანხა არის $607 350 000 და არა $500 მლნ - ივანიშვილის ადვოკატი Credit Suisse-თან დაკავშირებულ დავაზე

627d75cf598dd
ალა ისპირიანი
13.05.22 00:53
2807
ბიძინა ივანიშვილის ადვოკატმა Credit Suisse -სთვის ბერმუდის სასამართლოს მიერ დაკისრებულ თანხაზე "იმედის" ეთერში ისაუბრა. როგორც ვიქტორ ყიფიანმა განაცხადა, ეს თანხა არის $607 350 000 და არა $500 მლნ.

„ეს არის ძალიან მსხვილი მასშტაბის დავა, რომელიც მიმდინარეობს რამდენიმე ქვეყანაში და ერთ-ერთი საკვანძო იურისდიქციაა ბერმუდას კუნძული. ბერმუდაზე მიმდინარე დავამ განაპირობა ის არსებითი გარდატეხა, როდესაც ინიციატივა პრაქტიკულად ჩვენს ხელში გადმოვიდა. გასული წლის ბოლოს, ბერმუდას მონაკვეთი, 5-კვირიანი საჯარო მოსმენით დაგვირგვინდა, სადაც რამდენიმე ელემენტმა იჩინა თავი. პირველი, ეს რა თქმა უნდა, იყო მთელი გუნდის სინქრონული მუშაობა. ასევე, უნდა აღვნიშნო ჩემი მარწმუნებლის, ბიძინა ივანიშვილის მოწმის როლში უზადო გამოსვლა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ასპექტია, რადგან ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მოწმის ჩვენებას.

ბატონი ივანიშვილი ეცადა ფაქტების საკუთარი აღქმა მაქსიმალური სიმართლითა და გულახდილობით მიეტანა. რა თქმა უნდა, ეს არ არის ერთადერთი მომენტი, რამაც განაპირობა წარმატება, მაგრამ ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი, რამაც საშუალება მისცა იურიდიულ გუნდს, რომ გარკვეული სამართლებრივი კარკასი მოერგო და მოსამართლეს გამოეტანა ის გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენ 29 მარტს ვიხილეთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან პრაქტიკულად ყველა ჩვენი სასარჩელო მოთხოვნა ბერმუდას პირველი ინსტანციის სასამართლომ დააკმაყოფილა. ვედავებოდით საბანკო ჯგუფის ისეთ სტრუქტურას, რომელიც საკმაოდ გავრცელებულია. ბერმუდის ეკონომიკაში ასეთ სახის ბიზნესი საკმაოდ გავრცელებულია.  ბერმუდის ფინანსური სისტემის 80-85% სწორედ ამგვარ კომპანიებს, ე.წ სატრასტო კომპანიებს უჭირავს. ამიტომ როგორ განისაზღვრებოდა სატრასტო კომპანიის მიმართება დედა კომპანიასთან და მისი ვალდებულებები უშუალოდ კლიენტთან, ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა. ჩვენ ძალიან რევოლუციური და გაბედული სარჩელი ჩამოვაყალიბეთ და მოხარული ვარ, რომ მოსამართლემ სწორად შეისმინა და მანაც გაბედული ნაბიჯი გადადგა თავისი მხრიდან.

კონკრეტულად ამ ქვეყნის იურისდიქციას აქვს ერთი უცნაური თვისება: მოსამართლე მსჯელობს ფაქტის სისწორეზე და სამართლის ნორმის გამოყენებაზე, მაგრამ ის არ მსჯელობს თანხის ოდენობაზე. მას შემდეგ, რაც ის განსაზღვრავს, რომ ფაქტი უტყუარია, მხარეთა საექსპერტო ჯგუფებს ავალებს, რომ დაიანგარიშონ გარკვეული ფორმულის მიხედვით. აქაც ჩვენი წარმატება იყო 100%-იანი, როდესაც ჩვენ მიერ დათვლილი თანხა და გარკვევით ვიმეორებ თანხა არის $607 350 000, მეორე მხარემ მიიღო, როგორც უტყუარი კალკულაცია და რამდენიმე დღის წინ მხარეთა ექსპერტებმა ერთობლივი შუამდგომლობით მიმართეს მოსამართლეს, რომ ეს თანხა დამტკიცდეს“, - განაცხადა ვიქტორ ყიფიანმა.

ცნობისთვის, Credit Suisse-მა BMG-სთან აღნიშნა, რომ მათ გასაჩივრებული აქვთ ბერმუდის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც ივანიშვილის სასარგებლოდ $500 მილიონზე მეტი კომპენსაცია დაეკისრათ.