მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტაო ჟანგი: საქართველოში შესაძლოა სავალუტო ინტერვენციების შენარჩუნება გახდეს საჭირო

5fdb18a75b906
შოთა ტყეშელაშვილი
17.12.20 13:30
1101
"ბაზრის გაუმართავი მუშაობის თავიდან ასაცილებლად და ინფლაციის 3 პროცენტიან მიზანთან დასაახლოებლად შესაძლოა მკაცრი მონეტარული პოლიტიკის და სავალუტო ინტერვენციების შენარჩუნება გახდეს საჭირო,"- განაცხადა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის მოადგილემ ტაო ჟანგმა. მისი თქმით, არსებულ ვითარებაში საქართველოს სავალუტო რეზერვების დონე "ადეკვატურ" მაჩვენებელზე დაბლა არ ჩამოვა, რასაც საერთაშორისო დონორების მიერ გამოყოფილი დახმარებები უწყობს ხელს. 

"საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ინფლაციის მოლოდინების მოსათოკად ზომიერად მკაცრი მონეტარული პოზიცია სათანადოდ შეინარჩუნა და, ამასთან, გაცვლითი კურსის მოქნილობა უზრუნველყო. ინფლაციური წნეხი შემცირდა, რადგან სხვაობა პოტენციურ და ფაქტიურ გამოშვებას შორის გაიზარდა და ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი დასტაბილურდა. ბაზრის გაუმართავი მუშაობის თავიდან ასაცილებლად და ინფლაციის 3 პროცენტიან მიზანთან დასაახლოებლად შესაძლოა მკაცრი მონეტარული პოლიტიკის და სავალუტო ინტერვენციების შენარჩუნება გახდეს საჭირო. მაკროეკონომიკური პოლიტიკის დისციპლინით და დონორების მხარდაჭერით სავალუტო რეზერვები ადეკვატურ დონეზე შენარჩუნდება. ეკონომიკის აღდგენამდე ფინანსური რისკების პროაქტიული მონიტორინგი და საბანკო კაპიტალის შენარჩუნებაზე მიმართული ქმედებები ეკონომიკის გაჯანსაღებას შეუწყობს ხელს,"- აცხადებს ტაო ჟანგი. 

2020 წლის 30 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოს სავალუტო რეზერვების მოცულობა 3.75 მილიარდი აშშ დოლარია. რეზერვების მოცულობა მიმდინარე წლის აგვისტოსთან, ანუ მის პიკურ პერიოდთან შედარებით $180 მილიონი დოლარით არის შემცირებული, რაც სებ-ის მიერ განხორციელებულ სავალუტო ინტერვენციებს უკავშირდება. 2020 წლის განმავლობაში საქართველოს ეროვნულმა ბანკმა  ლარის გაცვლითი კურსის მერყეობის შესარბილებლად 25 სავალუტო ინტერვენცია გამართა, რომელთა შედეგადაც $843 მილიონი დოლარი გაიყიდა.

 

დღესვე, IMF-ის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შედეგად, საქართველოსთვის დამატებით $113.9 მილიონი დოლარის რესურსი გახდა ხელმისაწვდომი. ფონდის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ეს რესურსი საქართველოს დაეხმარება COVID-19 პანდემიის გამო გაუარესებული საგადასახდელო ბალანსის გაუმჯობესებაში, ასევე ჯანდაცვისა და სოციალური დახმარების ხარჯების დაფინანსებაში. ფონდის ინფორმაციით, ამ ფინანსური დახმარების გამოყოფის შედეგად, IMF-ის მიერ ქვეყნისთვის უკვე გამოყოფილი რესურსების მოცულობა $585 მილიონ დოლარს (SDR 406 მილიონს) მიაღწევს. 

IMF-ის დირექტორთა საბჭომ საქართველოს განახლებული მაკროეკონომიკური პარამეტრებიც დაამტკიცა. ახალი პროგნოზის თანახმად, 2021 წელს საქართველოს ეკონომიკა 4.3%-ით გაიზრდება, რაც ოქტომბერში წარდგენილ პროგნოზთან შედარებით 0,7 პროცენტული პუნქტით ნაკლებია. განახლებული მაკროეკონომიკური პარამეტრები საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებულ გაზრდილ ვალის ზომასაც ითვალისწინებს. 2021 წელს საქართველოს ბიუჯეტის დეფიციტი 7.5%-ით არის განსაზღვრული.