30.დეკემბერი .2021 09:45

ტაქსი რომ გააჩერო 9-10 ლარი უნდა მისცე - აბონენტისგან თვეში ამაზე ნაკლებ შემოსავალს ვიღებთ - ჯოხთაბერიძე

ტაქსი რომ გააჩერო 9-10 ლარი უნდა მისცე - აბონენტისგან თვეში ამაზე ნაკლებ შემოსავალს ვიღებთ - ჯოხთაბერიძე
views 3165
უკან

კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარის კახა ბექაურის ანგარიშს პარლამენტში 28 დეკემბერს მოუსმინეს. განხილვას ესწრებოდნენ საქართველოს უმსხვილესი მობილური ოპერატორების - “მაგთის” და “სილქნეტის” მფლობელები, რომლებმაც კომისიის საქმიანობა გააკრიტიკეს. ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რასაც სხდომა შეეხებოდა, იყო MVNO-ს ანუ ვირტუალური ოპერატორის დანერგვის “ექს-ანტე” რეგულაცია, რომელიც 2022 წლის 31 დეკემბრიდან უნდა ამოქმედდეს და რომელსაც “მაგთი” და “სილქნეტი” ეწინააღმდეგებიან. სხდომაზე “მაგთის” დამფუძნებელმა გია ჯოხთაბერიძემ განაცხადა, რომ დღეს საქართველოს მობილური კავშირგაბმულობის ბაზარზე მაღალი კონკურენციაა, ხოლო ფასები კი ევროპის მასშტაბით, ერთ-ერთი ყველაზე დაბალია და ერთ აბონენტზე თვეში საშუალოდ 9.25 ლარს შეადგენს, რაც იმაზე ნაკლებია ვიდრე მაგალითად ვაკიდან პარლამენტამდე ტაქსით მგზავრობა ღირს.

გია ჯოხთაბერიძის განცხადებით, არსებულ პირობებში “ექს-ანტე” რეგულაციით ვირტუალური ოპერატორების შემოყვანა კომპანიებისთვის დამაზიანებელი იქნება.

“ბატონმა ბექაურმა აქ პრეზენტაციაში აჩვენა, რომ ევროპულ ქვეყნებში, საითაც ჩვენ მივისწრაფით GDP-ში კომუნიკაციის დარგს უფრო დიდი წილი აქვს, ვიდრე საქართველოში. ამავე დროს აღნიშნა ისიც თავის პრეზენტაციაში, რომ 5%-იანი და 2%-იანი კლება იყო ბაზარზე ფიქსირებული და მობილური კომუნიკაციების მიმართულებით. ასევე ისიც იყო ნაჩვენები, რომ 3.7-მილიონიან ქვეყანაში, სადაც ბავშვებიც იგულისხმება და ღრმა მოხუცებიც, რომელთაც არ აქვთ იმის შესაძლებლობა, რომ ინტერნეტით იმუშავონ ან ასაკი აქვთ ისეთი, რომ ვერ აითვისეს ეს ტექნიკა. ამ ფონზე, ქვეყანაში 5.1 მილიონი აბონენტია მობილურის. ესე იგი ბაზარი რამდენად გაჯერებულია...

კიდევ ერთი საკითხი, როდესაც ვედრებით ევროპას, ვედრებით იმაში, რომ იქ კარგი კანონებია, მარტო ისინი კი არ უნდა ამოვიღოთ, რომელიც მარეგულირებელ კომისიას აწყობს, იქ არის კანონები, რომლებიც არის ძალიან დახვეწილი. კომისია უყურებს მხოლოდ იმ ნაწილს, რომელიც აწყობს თვითონ და ასე იღებს გადაწყვეტილებას. ჩვენ მსოფლიოს პირველი 10 აუდიტორული კომპანიიდან და დიდი ოთხეულიდან 2 კომპანია ავარჩიეთ და ტოპ ათეულიდან კიდევ ექვსი და გავაკეთებინეთ დასკვნა, რომლის შინაარსიც წინააღმდეგია ამ MVNO-ს დაშვების, როგორც კიბერუსაფრთხოების, ასევე თავდაცვისუნარიანობის და სხვა მიზეზების გამო. ეს დასკვნა წარმოდგენილი იყო, მაგრამ “გაატარეს”, თუმცა ფაქტი რჩება ფაქტად, ერთ-ერთი ყველაზე დაბალი ფასია მობილური მომსახურების, თვეში საშუალოდ არის 9.25 ლარი.

ვაკის პარკიდან ან ბაგებიდან რომ გააჩერო ტაქტსი 9-10 ლარად მოგიყვალს პარლამენტთან. ამ ერთი მგზავრობის ფაზე ნაკლებია ჩვენი შემოსავალი თვეში ერთი აბონენტიდან. მარეგულირებელმა კომისიამ შარშან შემოიღო და საცალოში შემოვიდა, რადგან ბექაურს სარეგულაციო სფერო არ ჰყოფნის და აქაც უნდა, მაგრამ წელს მოხსნა ისევ, რადგან აბსურდი დაინახა თავადაც ერთი წლის თავზე. იყო ციფრები წარმოდგენილი, რომ 5% და 2%-ით შემცირდა ფიქსირებული და მობილური შემოსავლები, ასევე ითქვა რომ 2 მილიონით შემცირდა რადიოების შემოსავალი.

ესე იგი მარეგულირებელმა კომისიამ თავისი საქმიანობის შედეგად 2020 წელს აზარალა ქვეყანა. მე ამ ფაქტის კონსტანტირება მინდა. პასუხი გინდ გამცეს გინდ - არა, ეს მე ისედაც ვიცი რომ ასეა", - განაცხადა “მაგთის” დამფუძნებელმა გია ჯოხთაბერიძემ.

მობილური ოპერატორებისთვის ერთ-ერთი მთავარი ფინანსური პარამეტრი, არის საშუალო აბონენტიდან თვის განმავლობაში მიღებული შემოსავალი, რასაც APRU ეწოდება. კომუნიკაციების კომისიის მონაცემებით, 2021 წლის სექტემბრის მდგომარეობით, ბაზარზე საშუალოდ APRU 9.36 ლარს შეადგენდა, ეს ნიშნავს იმას, რომ საშუალოდ აბონენტები მობილურ კავშირგაბმულობაში თვეში 9.36 ლარს იხდიან.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა