მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ტაქსის გაზრდილი ფასი ტრანსპორტის ამოქმედებამდე შენარჩუნდება“ - "ქართული ტაქსი"

611b9a5843e0a
ვიქტორია მღებრიშვილი
17.08.21 23:00
3514
ეპიდვითარების გართულების გამო საკოორდინაციო საბჭომ 4 დიდ ქალაქში 14 აგვისტოდან 4 სექტემბრამდე მუნიციპალური ტრანსპორტის გაჩერების გადაწყვეტილება მიიღო, რის შედეგადაც დედაქალაქში ტაქსის მომსახურება გაძვირდა.

BM.GE-მ ადგილობრივ ტაქსის კომპანია „ქართულ ტაქსისთან“ დაკავშირება შეძლო და მის დამფუძნებელს მომსახურების გაძვირების მიზეზები ჰკითხა. ედუარდ ლომიძე აცხადებს, რომ ტარიფის გაზრდა შეზღუდვებიდანაა გამოწვეული და ეს მდგომარეობა მანამდე შენარჩუნდება, სანამ საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ ამოძრავდება.

„ბაზარზე მოქმედმა კომპანიებმა არსებული შეზღუდვები, შემოსავლის გაზრდისთვის გამოიყენეს. გაზრდილი ტარიფები მანამდე შენარჩუნება, სანამ საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ ამოქმედდება“, - განაცხადა „ქართული ტაქსის“ დამფუძნებელმა.

კითხვაზე - რამდენით გაზარდა ადგილობრივმა კომპანიამ ტაქსით გადაადგილების ტარიფი, ედუარდ ლომიძე განმარტავს, რომ მას მომსახურების გაძვირება ბაზარზე არსებული კონკურენციის გამო მოუწია.

„დღეს ბაზარზე უმეტესწილად უცხოური კომპანიები ოპერირებენ. მძღოლს შეუძლია ნებისმიერი კომპანიის აპლიკაცია გადმოწეროს და სადაც მაღალი ტარიფია იმ კომპანიის გამოძახებები აიღოს. ვინაიდან ყველა უცხოურმა კომპანიამ ტარიფები მნიშვნელოვნად გაზარდა, მძღოლები ჩვენთან ფაქტობრივად აღარ მუშაობდნენ და მათ დასაბრუნებლად ჩვენც ტარიფი 1-2 ლარით გავზარდეთ.

ჩვენ გვესმის მომხმარებლის მდგომარეობის და ტარიფებს არ გავზრდიდით, თუმცა გამოძახების დროს მძღოლები მაღალი ტარიფით მოქმედი კომპანიის გამოძახების მიღებას ანიჭებენ უპირატესობას. იძულებული ვარ მოვუმატო, რათა მძღოლებმა ჩვენს კომპანიაში შემოსულ გამოძახებაზე მიაკითხონ“, - უთხრა BM.GE-ის ედუარდ ლომიძემ.