მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტაშკენტში, საქართველო-უზბეკეთის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომა გაიმართა- რა შეთანხმებებს მოეწერა ხელი?

64283cfc28d7b
ვიქტორია მღებრიშვილი
01.04.23 18:16
941
2023 წლის 1 აპრილს ტაშკენტში გამართულ საქართველო-უზბეკეთის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის მე-9 სხდომაზე რამდენიმე მნიშვნელოვანი დოკუმენტი გაფორმდა. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

მათი ცნობით, ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, ქართულ დელეგაციასთან ერთად, სამუშაო ვიზიტით უზბეკეთში იმყოფება, სადაც ქვეყნის პრემიერ-მინისტრის მოადგილესთან, ჟამშიდ ხოჯაევთან ერთად საქართველო - უზბეკეთის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომაში მიიღო მონაწილეობა.

სხდომაზე გაფორმებულ დოკუმენტებს შორის არის ორმხრივი ოქმი „ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში უზბეკეთის რესპუბლიკის გაწევრიანების ფარგლებში, საქართველოსა და უზბეკეთის რესპუბლიკას შორის ორმხრივი მოლაპარაკებების დასრულების შესახებ“, ასევე „,საქართველოს მთავრობასა და უზბეკეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ტექნიკური რეგულირების, სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და შესაბამისობის შეფასების სფეროში თანამშრომლობის შესახებ” შეთანხმებას.

ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, საქართველოსა და უზბეკეთს შორის მეგობრობა დაფუძნებულია მრავალწლიან ურთიერთობებზე და ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისია მნიშვნელოვანი პლატფორმაა ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური, სავაჭრო, სატრანსპორტო და კულტურული კავშირების გაძლიერებისთვის.

„დარწმუნებული ვარ, დღევანდელი სხდომა კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება ჩვენი ქვეყნების ეკონომიკური პროგრესის, ინოვაციების დანერგვისა და წინსვლის კუთხით. ამ ყველაფრის მიღწევა კი მხოლოდ მშვიდობის და სტაბილურობის პირობებშია შესაძლებელი. არსებული გამოწვევების ფონზე, ჩვენს ქვეყნებს ბევრი რამ აქვთ გასაკეთებელი ეკონომიკური და სოციალური ვითარების გასაუმჯობესებლად, რისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია თანამშრომლობის ის ასპექტები, რომელმაც კიდევ უფრო დინამიური უნდა გახადოს საქართველო-უზბეკეთს შორის მრავალი მიმართულებით არსებული ინტერაქცია“, - აღნიშნა დავითაშვილმა.

ცნობისთვის: საქართველო-უზბეკეთის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისია უკვე წლების განმავლობაში მუშაობს და მის ფარგლებში მხარეები განიხილავენ მნიშვნელოვან საკითხებს სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის არის ვაჭრობა, სატრანსპორტო საკითხები, ლოგისტიკა, სასაქონლო ტარიფები, სოფლის მეურნეობა, საინფორმაციო ტექნოლოგიები და ა.შ.

საქართველო-უზბეკეთის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-9 სხდომის მუშაობაში, ლევან დავითაშვილთან ერთად, ქართული მხრიდან მონაწილეობდნენ ეკონომიკის მინისტრის მოადგილეები- გენადი არველაძე და გურამ გურამიშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ღვთისიაშვილი, საქართველოს ელჩი უზბეკეთში ზურაბ აბდუშელიშვილი, ასევე „საპარტნიორო ფონდის,“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს, „საქპატენტის“ და სხვა უწყებების წარმომადგენლები.