13.ნოემბერი .2019 20:34

TAV Airports-ი ყაზახეთის ალმათის საერთაშორისო აეროპორტის შეძენას გეგმავს

views 472
უკან

TAV Airports Holding-ი ცენტრალური აზიის ბაზარზე გეგმავს შესვლას.

კომპანიის მფლობელის ფრანგული APD Group-ის მიერ გავრცელებული პრეს-რელიზის მიხედვით, TAV-ი ყაზახეთის ყველაზე ხალხმრავალი ქალაქის, ალმათის (წარსულში ალმა-ათა) საერთაშორისო აეროპორტის შეძენას გეგმავს. 

TAV-ის ინფორმაციით, ალმათის აეროპორტის მგზავრთნაკადი ცენტრალური აზიის რეგიონში ყველაზე დიდია. მას 2018 წლის განმავლობაში 6 მილიონი მგზავრი ჰყავდა, რომელთა ნახევარიც საერთაშორისო მარშრუტების მზგავრი იყო.

"ყაზახეთი მსოფლიოს ყველაზე დიდი ქვეყანაა, რომელსაც ზღვაზე გასასვლელი არ აქვს. მისი ფართობი 2.7 მილიონ კვადრატულ მეტრს შეადგენს. ყაზახეთი ცენტრალური აზიის ეკონომიკის მთავარი მამოძრავებელია, მასზე რეგიონის მშპ-ის 60% მოდის,"- ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

TAV Airports Holding-ი მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში ახორციელებს აეროპორტების ოპერირებას. ამასთანავე, ჰოლდინგში შედიან კომპანიები, რომლებიც უბაჟო ვაჭრობის (Duty Free), კვებისა და სახმელეთო მომსახურებისა და სიანფორმაციო ტექნოლოგიების სფეროებში საქმიანობენ.

2012 წლის მაისში TAV Airports-ის აქციების 38% Aéroports de Paris Group-მა შეიძინა. დღეს ფრანგული სახელმწიფო კომპანია სააქციო კაპიტალის 46.12% ფლობს. შედეგად, გასულ წელს TAV–ი და APD Group–ი ერთად 281 მილიონ მგზავრს მოემსახურნენ.

Tav-ის ჰოლდინგის წევრი TAV Georgia საქართველოში 2005 წლიდან ოპერირებს, დღეს კომპანია თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებს მართავს. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მონაცემებით, 2019 წლის 10 თვის განმავლობაში თბილისის აეროპორტი სულ 3,255,965 მგზავრს მოემსახურა, რაც 2018 წელთან შედარებით 1%-ით ნაკლებია. 

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა