მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

TAV Airports-მა ალმათის საერთაშორისო აეროპორტი შეისყიდა

609571cbd42b2
მადონა გასანოვა
07.05.21 21:45
600
TAV Airports-სა და „ყაზახეთის ინფრასტრუქტურის ფონდს“ შორის წარმატებით დასრულდა ალმათის საერთაშორისო აეროპორტის შესყიდვის შესახებ მოლაპარაკება. გარიგების შედეგად, განხორციელდება 200 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია, რაც აეროპორტის გამტარუნარიანობას გააორმაგებს. ალმათის აეროპორტი რიგით მეთხუთმეტეა TAV-ის საერთაშორისო ქსელში.

GROUPE ADP-ის წევრი, TAV Airports-ი ალმათის აეროპორტის 85%-იანი წილის ბენეფიციარი მფლობელი გახდა, კონსორციუმი ასევე განკარგავს ბიზნეს-ოპერატორებს, რომლებიც დაკავებულნი არიან საწვავის მიწოდებისა და ქეითერიგნის საქმიანობით. დარჩენილი 15% ეკუთვნის VPE Capital-ის მმართველობაში მყოფ „ყაზახეთის ინფრასტრუქტურის ფონდს“, რომლის ძირითადი ინვესტორი - Kazyna Capital Management-ია. აღნიშნული გარიგების შესახებ ინფორმაციას TAV Airports-ი ავრცელებს.

ალმათის აეროპორტი 1935 წელს გაიხსნა. იგი ცენტრალურ აზიაში ყველაზე დატვირთულ ჰაბს წარმოადგენს.

პანდემიის გამო შემცირებული გადაზიდვების შედეგად, შესყიდვის საწყისი თანხის - 415 მილიონი აშშ დოლარის გადახედვა და 365 მილიონ აშშ დოლარამდე შემცირება მოხდა. აეროპორტის დატვირთვის წინა-პანდემიურ მაჩვენებელზე დაბრუნების შესაბამისად, დარჩენილ 50 მილიონ აშშ დოლარს კონსორციუმი უახლოეს წლებში დაფარავს.

TAV-ი დამატებით, დაახლოებით 200 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციას ახალი საერთაშორისო ტერმინალის მშენებლობაში განახორციელებს. შედეგად, როგორც კონსორციუმში აცხადებენ, აეროპორტის დატვირთვა გაორმაგდება და ყოველწლიურად 14 მილიონ მგზავრს მოემსახურება. ინვესტიციის განხორციელება სამ წელზე ნაკლებ ვადაში იგეგმება.

შესყიდვის ღირებულების 50%-ი და ახალი ტერმინალის მშენებლობის 100%-ის დაფინანსება, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების, IFC-ისა და EBRD-ის სესხით მოხდება.

„ალმათის სტრატეგიული ლოკაცია აქვს თანამედროვე „აბრეშუმის გზაზე“. რაც შეეხება ყაზახეთს, იგი უმსხვილესი ქვეყანაა, როგორც გეოგრაფიულად, ასევე ეკონომიკურად და ალმათი ქვეყნის უმსხვილესი ქალაქია, რომელზეც ყაზახეთის მშპ-ს 20% მოდის“, - განაცხადა სანი სენერმა, TAV Airports-ის პრეზიდენტმა და აღმასრულებელმა დირექტორმა.

ალმათის აეროპორტი 2019 წელს 6.4 მილიონ მგზავრს მოემსახურა, რაც წინა წელთან შედარებით, 13%-ით მეტი იყო. პანდემიური კრიზისის მიუხედავად, აეროპორტმა 2020 წელი წმინდა მოგებით დაასრულა.