მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"TAV Georgia" ეკონომიკის მინისტრის კრიტიკას პასუხობს

5db6fbf013473
ლიკა გურაბანიძე
28.10.19 18:48
2559

დღეს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა თბილისის საერთაშორისო აეროპორტს სტუმრობდა. ამის შესახებ ეკონომიკის სამინისტროს პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებული პრეს-რელიზიდან გახდა ცნობილი, რომელშიც წერია, რომ მინისტრმა აეროპორტის ოპერატორ კომპანია „ტავ ჯორჯიას“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში არსებული ხარვეზების გამოსასწორებლად გარვეული ვადა მისცა.

„რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი რამ გაკეთდა იმისთვის, რომ აეროპორტმა მოქალაქეებს უკეთესი სერვისი მიაწოდოს. თუმცა, დღეს დავათვალიერე ორივე ტერმინალი და უკმაყოფილო დავრჩი, რადგან კვლავაც ძალიან ბევრი ხარვეზია აღმოსაფხვრელი. ჩვენ ძალიან მკაცრი გაფრთხილება მივეცით „ტავ ჯორჯიას". აქვე უნდა აღვნიშნო, რომ „ტავ ჯორჯია" ამჩნევს ამ პრობლემებს და დროულად უზრუნველყოფს მათ გამოსწორებს", - აღნიშნა ნათია თურნავამ.

მინისტრის განცხადებიდან რამდენიმე საათში საპასუხო კომენტარი გააკეთეს „ტავ ჯორჯიაშიც“.

როგორც TAV Georgia-ს გენერალური მენეჯერის მოადგილე თეა ზაქარაძე აცხადებს, "თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 2007 წლის თებერვალში გაიხსნა და შესაბამისად, რა თქმა უნდა, ხარვეზები არსებობს". 


bm.ge თეა ზაქარაძის კომენტარს უცვლელად გთავაზობთ:

„დაახლოებით, ერთი თვის წინ ეკონომიკის სამინისტროში სხვა მრავალ საკითხთან ერთად, ჩვენ ასევე გავიარეთ აეროპორტის ინფრასტრუქტურის თემებიც, რის შედეგად ნათია თურნავა თბილისის საერთაშორისო აეროპორტს ეწვია. თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 2007 წლის თებერვალში გაიხსნა, შესაბამისად, რა თქმა უნდა, არის პატარა ხარვეზები, რაზეც მინისტრის ვიზიტის დროს ვისაუბრეთ. უმთავრესი ხარვეზი, რაც თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ქალბატონმა ნათიამ დააფიქსირა, ეს არის სველი წერტილები.

სველ წერტილებთან დაკავშირებით ჩვენ ეკონომიკის სამინისტროსთან უკვე გვქონდა საუბარი და სარემონტო სამუშაოები დაწყებული გვაქვს - რამდენიმე სველი წერტილი გარემონტდება. რაც შეეხება რესტორნებს, ეკონომიკის სამინისტროს პრეს-რელიზში რესტორნები მრავლობით რიცხვშია ნათქვამი, სავარაუდოდ, გაეპარათ ეს შეცდომა იმიტომ, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, როგორც - მოფრენის, ისე გაფრენის ტერმინალში ყველა კვების ობიექტი განახლებულია და ყველა კვების ობიექტი არის ახალი. დარჩენილია სარეჟიმო ტერიტორიაზე ერთადერთი კვების ობიექტი, რომლის პროექტზეც უკვე ორი თვეა  მუშაობა მიმდინარეობს და თებერვლის ბოლოს ვაპირებთ, რომ ეს კვების ობიექტი დასრულდეს. ასევე ვაპირებთ, რომ თებერვლის ბოლოსთვის დასრულდეს ის მიმდინარე სარემონტო სამუშაოები, რაც დაგეგმილი იყო და გეგმის მიხედვით მიმდინარეობს.  

TAV Georgia 2017 წელს გავერთიანდით საერთაშორისო ორგანიზაცია ASQ-ში („აეროპორტის მომსახურების ხარისხი“) რომელიც ამოწმებს აეროპორტის სერვისის ხარისხს. ერთი კვირის წინ მოვიდა მესამე კვარტლის შედეგები და ჩვენ მივიღეთ 4.27 - შეფასება. უმაღლესი, მაქსიმალური შეფასება კი - 5-ია. ეს შეფასება არის მგზავრების გამოკითხვაზე დაყრდნობით და თქვენ იქ შეგიძლიათ ნახოთ, თუ რომელ კატეგორიაში რა შეფასება მივიღეთ. რა თქმა უნდა, ვითვალისწინებთ ყველაფერს, ჩვენ ისედაც დაგეგმილი გვქონდა ეს პროცესები.

მესმის, რომ ტურიზმის განვითარებისთვის სველი წერტილები ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენთვის როგორც აეროპორტისთვის მინისტრის აზრი ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ აქვე ვიტყვი, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი მგზავრების აზრი", - განაცხადა თეა ზაქარაძემ.

ცნობისთვის: ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, ის უკმაყოფილო დარჩა, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტის დათვალიერებისას საკმაოდ ბევრი ხარვეზი აღმოაჩინა.