მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

TAV-ს შესაძლოა, ექსკლუზიური პირობები აღარ ჰქონდეს

6453bf2f4c7f8
ელენე კვანჭილაშვილი, შოთა ტყეშელაშვილი
04.05.23 18:12
796
საქართველოს მთავრობა თბილისთან ახალი საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობას გეგმავს - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა სამხრეთ კორეაში განაცხადა, სადაც აზიის განვითარების ბანკის (ADB) ყოველწლიურ შეხვედრაზე იმყოფება. ღონისძიებას ადგილიდან აშუქებს BMG-ც.

მინისტრის განმარტებით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი განვითარების მაქსიმალურ პარამეტრს უახლოვდება, რის გამოც აუცილებელია ქვეყანას ავიაციის სექტორის გრძელვადიანი განვითარებისთვის კიდევ ერთი ალტერნატიული აეროპორტი გააჩნდეს.

თუმცა საქართველოს მთავრობასა და თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ოპერატორ TAV Georgia-სთან არსებული ხელშეკრულების მიხედვით, თბილისის გარშემო, კერძოდ, აეროპორტის 200 კილომეტრის რადიუსში საერთაშორისო ფრენების განხორციელება ამჟამად შეზღუდულია. აღნიშნული ხელშეკრულება 2027 წლამდე არის მოქმედი. გადაცემა "ანალიტიკას" წამყვანის ელენე კვანჭილაშვილის კითხვაზე, ნიშნავს თუ არა ლაშა ხუციშვილის განცხადება ახალი აეროპორტის მშენებლობის შესახებ იმას, რომ 2027 წლიდან TAV-თან არსებულ ხელშეკრულებაში პირობები შეიცვლება, მინისტრი პასუხობს, რომ სწორედ ამის შესახებ მიმდინარეობს მსჯელობა.

“წინასწარი შეფასებით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტს არ აქვს გაფართოების შესაძლებლობა იმ მოცულობით, რა მოცულობითაც ქვეყანას სჭირდება, იქიდან გამომდინარე, რომ მგზავრთა რაოდენობა საკმაოდ სწრაფად იზრდება და შესაბამისად დღის წესრიგში დგას უკვე ახალი აეროპორტის აშენება, რომელსაც ექნება უფრო მეტი გამტარობა. ეს პროცესია ზუსტად ახლა და ამ გადაწყვეტილებისთვის არის შესაბამისი ვადები და 2027 წლამდე მოქმედებს ვადა, რომლითაც იზღუდება 200 კილომეტრის რადიუსში ახალი აეროპორტის ექსპლოატაციაში შესვლა, თუმცა ეს პერიოდი არის შესაძლებლობა, რომ სანამ დასრულდება ეს ვადა და ეს ხელშეკრულება, იმ დროისთვის უკვე ახალი აეროპორტი იყოს მწყობრში. ამ მიმართულებით გარკვეული შესწავლები ჯერ კიდევ არის განსახორციელებელი, რადგანაც აეროპორტი და ეკონომიკურად მისი ფუნქციონირება ძალიან გამართული უნდა იყოს. თუმცა არსებული რიცხვებიდან და მგზავრთნაკადიდან გამომდინარე ვფიქრობთ, რომ ამ ნაწილში შეიძლება არც იყოს საჭირო სახელმწიფოს სუვერენული დაფინანსება", - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.

ხოლო "ანალიტიკას" ჩაკითხვაზე - პოლიტიკურად ეს ნიშნავს, თუ არა რომ ამ პირობებით TAV-ს აღარ გაუგრძელდება ცალსახად 200-კილომეტრიანი რადიუსის შეზღუდვა - მინისტრმა უპასუხა:

- ამ პირობებით ასეთი ტიპის შეზღუდვა ვფიქრობთ რომ აღარ იქნება, იქიდან გამომდინარე რომ საკმაოდ მძიმე შეზღუდვაა. ბევრი საკითხია, მათ შორის კონკურენციის საკითხებიც. მიზეზები აქვს იმას, რომ თბილისიდან ბევრი ავიახაზები, მათ შორის დაბალბიუჯეტიანი კომპანიები ვერ დაფრინავენ, რადგანაც ტარიფები არის საკმაოდ მაღალი. ახალ აეროპორტს ექნება საკმაოდ დიდი შესაძლებლობა, რომ განვითარდეს და კიდევ უფრო მეტი მგზავრი მოიზიდოს. ეს არის ეკონომიკის საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაწილისთვის, ტურიზმისთვის მნიშვნელოვანი.

საქართველოში თვითმფრინავით შემოსული მგზავრების მიერ დახარჯული თანხა გაცილებით მეტია, ვიდრე სახმელეთო გზით შემოსული მგზავრების დანახარჯები. შესაბამისად, ავიაციის განვითარება ძალიან მნიშვნელოვანია,"- განუცხადა "ანალიტიკას" ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა.

ცნობისთვის, რამდენიმე კვირის წინ, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ახალი აეროპორტის მშენებლობას 2-3 წელი დასჭირდება.

"მთლიანობაში, მინდა გითხრათ, რომ საკმაოდ პოზიტიური მოლოდინები გვაქვს წელს. ჩვენ ასევე ვგეგმავთ სერიოზული მსხვილი პროექტების დაწყებას, როგორიც არის ანაკლიის პორტის მშენებლობის დაწყება, წელსვე გვინდა, რომ დავიწყოთ მშენებლობა... შემოდგომაზე. ასევე აეროპორტის მიმართულებით გვაქვს ჩვენ სერიოზული გეგმა, რომ წლის ბოლომდე მოვახდინოთ ახალი პროექტის შეჯერება, დამუშავება. ჩვენ გვაქვს ინტერესი, რომ ახალი აეროპორტი ერთ-ერთი საუკეთესო იყოს რეგიონში, რომელსაც 2-3 წელი დასჭირდება,”- განაცხადა 3 აპრილის მთავრობის სხდომაზე ირაკლი ღარიბაშვილმა.