მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თავდაცვის სამინისტრო ფინანსურ ანგარიშგებაში 730-მილიონიან "უზუსტობაზე" აუდიტის დასკვნას პასუხობს

5dc7fcdae642f
BM.GE
10.11.19 15:57
1542
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ, 8 ნოემბერს გამოქვეყნებულ დასკვნას ეხმაურება. უწყების განმარტებით, მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის 2019 წლის 7 ოქტომბრის N 594 ბრძანების საფუძველზე, სამინისტროს აქტივების სრულფასოვანი აღრიცხვისთვის შეიქმნა საინვენტარიზაციო კომისია, შესაბამისად, მათ აუდიტის დასკვნაში აღწერილი ნაკლოვანების გამოსწორებაზე ზრუნვა, თავად აუდიტის ანგარიშის გამოქვეყნებამდე დაიწყეს.

"ბრძანების შესაბამისად დაიწყო ინვენტარიზაციის პროცესი, რომელიც მოიცავს ყველა სახის აქტივების სავალდებულო ინვენტარიზაციას, მათ შორის იმ აქტივების აღრიცხვას, რომელიც წლების განმავლობაში არ იყო აღრიცხული და შეფასებული. აღსანიშნავია, რომ აუდიტის სახელმწიფო სამსახურის დასკვნა 2018 წლის 31 დეკემბრის პერიოდს ეხება, თუმცა აქტივების აღრიცხვისა და შეფასების პრობლემა ათწლეულებია არსებობს.

სამინისტროს ბალანსზე არსებული უძრავი ქონების აღრიცხვის პრობლემა ჯერ კიდევ საბჭოთა ჯარებიდან მიღებული აქტივებით იწყება. აღსანიშნავია, რომ არ ხდებოდა სისტემური რეგისტრაციები, რომელიც ხორციელდებოდა მხოლოდ ერთეულ ობიექტებზე, იყო მიღება-ჩაბარების თუ აღრიცხვის კუთხით უზუსტობები, გაუმართავი პროცედურები და ასევე, სახელმწიფო უწყებებს შორის კოორდინაციის ნაკლებობა.

თავდაცვის უწყების მიერ შემუშავებული სამოქმედო გეგმით, დაიწყო ამ პრობლემის გადაჭრის პროცესი, რაც წლების განმავლობაში მოუგვარებელი და უყურადღებოდ დატოვებული იყო. გეგმის თანახმად ასევე დაწყებულია მუშაობა ქონების აღრიცხვის ელექტრონული პროგრამის შემუშავების მიზნითაც, რაც შემდგომში უზრუნველყობს ერთიანი სისტემის დამკვიდრებას და გამორიცხავს აღრიცხვიანობასთან დაკავშირებულ უზუსტობებს“, - აღნიშნულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.